როგორ განხორციელდება მოსწავლის ჩარიცხვა სკოლის პროფესიულ პროგრამაზე – სკოლის ვალდებულებები ბრძანებით განისაზღვრა
“პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ” ბრძანებაში ცვლილება შევიდა, რომლის თანახმად განისაზღვრა საჯარო სკოლებში პროფესიულ პროგრამაზე ჩარიცხვის პრინციპი, წესი, სკოლის ვალდებულებები და სხვა საკითხები.
განათლების, მეცნიერებისა და ახალგახრდობის მინისტრ გიორგი ამილახვარის ხელმოწერით დღეს, 11 სექტემბერს გამოქვეყნებული ბრძანების თანახმად, 2024 წელს, ამ წესის ახალი, 20(1) მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სკოლის მიერ განხორციელებულ პროგრამაზე აპლიკანტთა დაშვების წინაპირობად განისაზღვროს ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის მე-10 კლასის დაძლევა, ამასთან, პირს არ უნდა ჰქონდეს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური.
როგორი იქნება ჩარიცხვის პროცედურა და რა ვალდებულებები აქვს სკოლას:
მუხლი 20 (1): ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ მიღების გამოცხადება, აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები
1. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება (შემდგომ – სკოლა) უფლებამოსილია აპლიკანტთა რეგისტრაცია, შერჩევა და ჩარიცხვა განახორციელოს მის მიერ დადგენილი წესით, რომელიც ითვალისწინებს ამ წესით განსაზღვრული ჩარიცხვის პროცედურისგან განსხვავებულ ვადებსა და ეტაპებს.
2. იმ საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე, რომელშიც ინტეგრირებულია ზოგადი განათლების საშუალო საფეხურის სწავლის შედეგები (შემდგომ – პროგრამა) მიღება ცხადდება სკოლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, რომლითაც განისაზღვრება:
ა) პროგრამა/პროგრამები, რომელზეც ცხადდება მიღება, შერჩევისა და ჩარიცხვის ეტაპები და ვადები ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად;
ბ) პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობა.
3. აპლიკანტი პროგრამაზე რეგისტრაციის მიზნით, მიმართავს სკოლას და თუ აკმაყოფილებს პროგრამაზე დაშვების წინაპირობას – დაძლეული აქვს ზოგადი განათლების საბაზო საფეხური და ამასთან, არ აქვს დაძლეული ზოგადი განათლების საშუალო საფეხური, სკოლა უზრუნველყოფს მის რეგისტრირებას პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში.
4. მართვის სისტემა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ინფორმაციას ამოწმებს აპლიკანტის პროგრამაზე რეგისტრაციის ეტაპზე ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში, აპლიკანტის შესახებ მონაცემების არსებობის შემთხვევაში.
5. თუ აპლიკანტი არის ამავე სკოლის მოსწავლე, სარგებლობს უპირობოდ ჩარიცხვის უფლებით პროგრამაზე მისაღები ადგილების რაოდენობის ფარგლებში.
6. იმ შემთხვევაში, თუ პროგრამაზე რეგისტრირებული ამავე სკოლის მოსწავლეების რაოდენობა გადააჭარბებს გამოცხადებული ადგილების რაოდენობას, სკოლა ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოფს შერჩევის პროცედურებს.
7. იმ შემთხევაში, თუ ამავე სკოლის მოსწავლეებით არ შეივსო გამოცხადებული ადგილების რაოდენობა, სკოლა უფლებამოსილია დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე ამ მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე დადგენილი წესის შესაბამისად უზრუნველყოს შერჩევის პროცედურები, პროგრამაზე რეგისტრირებული სხვა პირებისთვის.
8. სკოლა ვალდებულია სწავლის დაწყებამდე პროფესიული სტუდენტი ჩარიცხოს პროგრამაზე და ჩარიცხვის შესახებ ინფორმაცია ასახოს პროფესიული განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში.
9. სკოლა ვალდებულია პროფესიული სტუდენტის პროგრამაზე ჩარიცხვისთანავე შეუწყვიტოს მოსწავლეს სტატუსი და შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია ასახოს ზოგადი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში კანონმდებლობით დადგენილი წესით.
10. სკოლის მიერ განხორციელებულ პროგრამაზე სწავლის დაწყების თარიღი უნდა ემთხვეოდეს „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილ სასწავლო წლის დაწყების თარიღს“.
განსაკუთრებით დაინტერესებულთათვის მინისტრის ბრძანება
ასევე იხილეთ:
„გვინდა, პროფესიული განათლება პრაქტიკულად სავალდებულო გავხადოთ ზოგად განათლებაში“
- „შემუშავდება და დაინერგება სკოლების მართვისა და დაფინანსების დიფერენცირებული მოდელები“ – ზოგადი განათლება 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- როცა სკოლაში სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე საქმდებით – დამატებითი მოთხოვნა და გამოცდის ჩაბარების ვადები by ARIS.GE-განათლება
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება