GE

როგორ იმუშავა 2023 წელს დეკრეტული შვებულების დაფინანსების ახალმა სისტემამ სკოლებში – „თითქოს საკუთარი ჯიბიდან გასცემენ“

სკოლის მასწავლებელთა დეკრეტული შვებულებების ანაზღაურების ვალდებულება სკოლებს 2023 წლიდან გაუჩნდათ. მასწავლებლის დეკრეტული შვებულების 6 თვის ხელფასით დაფინანსების გადაწყვეტილება მთავრობამ 2022 წელს, პარლამენტის ჯანდაცვისა და განათლების კომიტეტებთან კონსულტაციის შედეგად მიიღო. პედაგოგთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხის განხილვა კი პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა შესაბამის კომიტეტს ჯერ კიდევ 2022 წლის იანვრის თვეში, სკოლის მასწავლებლისა და ორი შვილის დედის, თამარ ცანავას მიერ პარლამენტისთვის წარდგენილი საკანონმდებლო წინადადების შემდეგ დაავალა.

დღეს უკვე 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ათეულის წევრი და საკუთარ პროფესიაში სამოქალაქო აქტივიზმისთვის სპეციალური პრიზით დაჯილდოებული თამარ ცანავა, კვლავ აქტიურად განაგრძობს დეკრეტული შვებულების ანაზღაურების საკითხზე კოლეგების წინაშე გაჩენილი წინაღობების შესწავლას და მათზე საკუთარი შესაძლებლობის შესაბამისად რეაგირებს. EDU.ARIS.GE-მ სწორედ მასთან ინტერვიუს ჩაწერისას შეიტყო, რომ სკოლების ნაწილში ამ მიმართულებით პრობლემებია და არის შემთხვევები, როდესაც ბუღალტრები მასწავლებლებს თანხის გაცემაზე უარს ეუბნებიან.

– თამარ, რა დროს ითვლის თქვენი აქტიური ადვოკატირებით განხორციელებული ცვლილება მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების დაფინანსების შესახებ და როგორია ანაზღაურების სისტემა ერთი მასწავლებლის მაგალითზე?

– რადგან ცვლილება 2023 წლის 1-ელი იანვრიდან ამოქმედდა, უკვე თითქმის 1 წელი გამოდის, რაც საქართველოში მასწავლებლებიც სარგებლობენ ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით.
დღევანდელი კანონის მიხედვით, ანაზრაურებადია 183 კალენდარული დღე (126 მშობიარობის და 57 ბავშვის მოვლის გამო, რომლის აღება მამასაც შეუძლია), ტყუპების შემთხვევაში, 143+57 კალენდარული დღე. საკეისროს დროს 200 კალენდარული დღე. მასწავლებელს შეუძლია, ოცდამეშვიდე კვირიდან გავიდეს დეკრეტულ შვებულებაში. ბოლო დღე, როცა შეუძლია გავიდეს, არის მშობიარობის დღე.

რაც შეეხება საჭირო ქმედებებს, საავადმყოფოში უნდა შეავსონ დეკრეტული შვებულების ბიულეტენი, სადაც იწერება ანაზღაურებადი დღეების რაოდენობა. თუ მასწავლებელი მუშაობს ორ სკოლაში, მაშინ ორ ფურცელს აძლევს საავადმყოფო. ამის შემდეგ მასწავლებელს მიაქვს დეკრეტულის ბიულეტინი სკოლის ბურალტერთან. ასევე დასჭირდება ბანკიდან ანგარიშის ამონაწერი, ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი და დედის პირადობის მოწმობის ასლი. ამის შემდეგ, სკოლის ბუღალტერს საბუთები მიაქვს სოციალური მომსახურების სააგენტოში და ჩაბარებიდან 1-2 თვის ვადაში უნდა დაირიცხოს 2000 ლარი, რომელიც გამოაკლდება 6 თვის ხელფასს (ხელფასში შედის როგორც სერტიფიცირების დანამატი, ასევე სადამრიგებლოც და სხვა დანამატებიც, რაც მასწავლებელს აქვს ხოლმე) და რაც დარჩება, ამას რიცხავს სკოლა (თვიურად ან ერთიანად). თუ სკოლის ბიუჯეტში თანხა არ არის, სკოლა მიმართავს განცხადებით განათლების სამინისტროს და სამინისტრო გადარიცხავს თანხას სკოლის ბიუჯეტში.

მიუხედავად ამ განსაზღვრული ვადებისა, ზოგჯერ სოციალურიდან თანხის დარიცხვა იგვიანებს და ასევე გვიანდება ხოლმე თანხის სკოლიდან დარიცხვაც. ასეთი შემთხვევები უმეტესწილად რეგიონების სკოლებშია და ამის თავიდან ასარიდებლად აუცილებელია, ყველა სკოლას კიდევ ერთხელ მიეწოდოს ზუსტი ინსტრუქცია, რათა მასწავლებლებმა დროულად მიიღონ კუთვნილი ანაზღაურება როგორც სოციალური მომსახურების სააგენტოდან, ასევე სკოლიდან.

– რამდენად აქტიურად ისარგებლეს მასწავლებლებმა 2023 წლის განმავლობაში ანაზღაურებადი დეკრეტული შვებულებით თქვენი ინფორმაციით და რა სახის უკუკავშირები გაქვთ მათთან?

– ჩემ მიერ შექმნილი Facebook-ის ჯგუფის „მასწავლებელთა დეკრეტული შვებულების ანაზღაურება“ მაგალითით რომ ვისაუბრო, სადაც აქტიურად ვეხმარებით ერთმანეთს და გამოცდილებას ვუზიარებთ, ამ წელს დაახლოებით ასამდე მასწავლებლემა აიღო მისი კუთვნილი დეკრეტული შვებულება. ეს ფაქტი ძალიან მახარებს, რადგან ამ ჯგუფში გაწევრიანებული 1 700 მასწავლებლიდან 100-მდე დადებითი შედეგი, უკვე მიანიშნებს, რომ კანონის მიღება ნამდვილად საჩქარო და აუცილებელი იყო. დღე არ გავა, რომ მასწავლებლებისგან ამ თემაზე უკუკავშირი არ მივიღო. ზოგი უბრალოდ მადლობას მიხდის, ზოგს კი დეტალები აინტერესებს და ვცდილობ, ყველას გავუწიო კონსულტაცია ჩემი კომპეტენციიდან გამომდინარე. ვერ გეტყვით, რომ აბსოლუტურად ყველა დეტალში ზედმიწევნით ვერკვევი, მაგრამ გარკვეული გამოცდილება უკვე დავაგროვე მასწავლებლის დეკრეტული შვებულების საკითხთან მიმართებით.

– ამ უკუკავშირების გათვალისწინებით, რა ინფორმაციები გაქვთ უშუალოდ განხორციელების პროცესზე, ადვილად აუღეს ალღო სკოლებმა ამ სიახლეს?

– ეს ძალიან საინტერესო პროცესია და ყველა შემთხვევას, რომელიც პირადად ჩემამდე მოდის, მართლა ყურადღებით ვადევნებ თვალს. მიუხედავად იმისა, რომ კანონში გარკვევით წერია, რამდენი დღე ეკუთვნის მასწავლებელს დეკრეტული ანაზღაურება და ყველა სკოლას დაეგზავნა ცვლილება, მაინც არის შემთხვევები, როდესაც ბუღალტრები უარს ეუბნებიან მასწავლებლებს თანხის გაცემაზე. მიზეზად კი მოჰყავთ არგუმენტი, რომ სკოლას არ აქვს საკმარისი ბიუჯეტი. არადა, ამ შემთხვევაშიც გარკვევით წერია კანონში, რომ სკოლამ უნდა მოითხოვოს თანხა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან ის ჩარიცხავს დეკრეტის თანხას.

მრჩება შთაბეჭდილება, რომ სკოლის დირექტორებისა და ბუღალტრების ნაწილი ისე აღიქვამს სკოლის ბიუჯეტს, თითქოს საკუთარი ჯიბიდან გასცემენ დეკრეტის ანაზღაურებას და მინდა ყველას მოვუწოდო, რომ კანონს გადახედონ.

მაგალითად, რეგიონებში მცხოვრები მასწავლებლები ხშირად მწერენ, რომ არ უნდათ დირექტორთან ურთიერთობის გაფუჭება და აინტერესებთ როგორ მოიქცნენ, მოითხოვონ თუ არა დეკრეტული ანაზღაურება. მე კი კითხვაზე კითხვითვე ვპასუხობ – „საკუთარი შვილის კეთილდღეობა უფრო მნიშვნელოვანია თუ დირექტორის თქვენდამი დამოკიდებულება?“

– და რა შედეგი დამდგარა ამის შემდეგ?

– ბევრ მასწავლებელს მისცემია ძალა ჩემთან გასაუბრების შემდეგ და მოუწერიათ, რომ გაბედეს და მოითხოვეს. დირექტორსაც მეტი ყურადღებით წაუკითხავს კანონი და დარწმუნებულა, რომ მასწავლებელი ტყუილად არ ითხოვდა კუთვნილ ანაზღაურებას. თუ სპეციფიური შემთხვევა გვაქვს ხოლმე და მე ვერ ვერკვევი, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროში, ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელთან მაქვს კონტაქტი, ვაყენებ საქმის კურსში და სამინისტროს იურისტები უკავშირდებიან სკოლას.

მიუხედავად იმისა, რომ სკოლებს სექტემბერშიც გაეგზავნათ დოკუმეტი, სადაც დეკრეტთან დაკავშირებით ბევრ კითხვაზე პასუხია მითითებული, როგორც ჩანს, ჯერ კიდევ გვაქვს პრობლემა სკოლების ნაწილში. ვფიქრობ, როგორც ყველა ცვლილებას, ალბათ, ამასაც სჭირდება კიდევ ცოტა დრო, რომ ყველამ გაიაზროს და დიდი იმედი მაქვს, მომავალ წელს აღარ გვექნება ისეთი შემთხვევები, რომ მასწავლებელს სკოლა უარს ეტყვის დეკრეტულ ანაზღაურებაზე და მასწავლებელიც მხოლოდ იმიტომ, რომ დირექტორს არ აწყენინოს, ხმას არ ამოიღებს. დამიჯერეთ, არანაირი დუმილი და მოთმენა არ ღირს საკუთარი შვილის კეთილდღეობის საპირწონედ.

– როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია და ვისთვის, მასწავლებელი სამოქალაქო აქტივიზმის მაგალითიც იყოს, ამისთვის გადმოგეცათ ჯილდო – „ეს ქვეყანა შენია“?

– შეიძლება, ყველა მასწავლებელი ვერ იყოს აქტიური სამოქალაქო აქტივისტი სკოლის მიღმა, მაგრამ ვფიქრობ, რომ კლასში, ბავშვებთან, ყველა მასწავლებელი უნდა ცდილობდეს, საგნის გარდა სწორი სამოქალაქო ღირებულებები გადასცეს მოსწავლეებს. ალბათ, ხშირად გვავიწყდება, რომ ეს ბავშვები ჩვენი მომავალი თაობაა და მათ თუ სამართლიან, პასუხისმგებლიან მოქალაქეებად არ აღვზრდით, ჩვენი სიბერეც ვერ იქნება სტაბილური და უზრუნველყოფილი. ამას ბევრი მასწავლებელი ვერ იაზრებს სამწუხაროდ და იმ „ძალაუფლებას“, რაც მათ სახელმწიფოსგან აქვთ მინიჭებული, უმეტესად ვერ იყენებენ ქვეყნის საკეთილდღეოდ. ჩვენს ქვეყანას კი ჰაერივით სჭირდება თავისუფლად მოაზროვნე ახალგაზრდები, რომლებმაც უახლოეს ოცწლეულში ბევრად უკეთესი უნდა გახადონ საქართველო. სწორედ მოსწავლეებისთვის უნდა ვიყოთ მაგალითები პირველ რიგში და შემდეგ ნებისმიერი სხვა მოქალაქისთვის, რომელმაც ჩვენი შემხედვარე, შესაძლოა უკვე თავის გარშემო დაიწყოს პრობლემების მოგვარებაზე ფიქრი და უსამართლობის გაპროტესტება. სხვაგვარად პრობლემები კიდევ უფრო მოიმატებს.

ჯილდო – „ეს ქვეყანა შენია“ მივიღე 2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში და ძალიან გამიხარდა. სწორედ პედაგოგის დეკრეტული შვებულების ანაზღაურების დაკანონებაში ჩართულობის, მასწავლებელთა სხვა პრობლემების წინ წამოწევისა და აქტივიზმისთვის დამაჯილდოვეს. ეს სიხარული ალბათ, ცხოვრების ბოლომდე გამყვება, რადგან მხოლო მე ვიცი, როგორ ვინერვიულე იმ ერთი წლის განმავლობაში როდესაც დეკრეტისთვის ვიბრძოდით. ამ ბრძოლაში გულით მჯეროდა, კანონი შეიცვლებოდა და არც ერთი წამით არ დამიშვია, რომ მე ამის სანაცვლოდ ოდესმე ჯილდოს მივიღებდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ თუ სუფთად იბრძვი, თუ გულით გინდა ცვლილებები, ისინი აუცილებლად მოხდება და გამოჩნდებიან ადამიანები, ვინც ამ ყველაფრისთვის მადლობას გადაგიხდის.

– რა არის ის მიმართულებები, რომლებიც გსურთ, რომ ისეთივე წარმატებით დაგვირგვინდეს, მასწავლებლებისა და საზოგადოების ჩართულობით, როგორც დეკრეტული შვებულების დაფინანსების თემა?

– 2023 წელს უკვე მქონდა პეტიცია მასწავლებელთა ღირსეულ პენსიაზე, რადგან ვფიქრობ, რომ 40-50 წლის სტაჟის მქონე მასწავლებლები ნამდვილად იმსახურებენ განსხვავებულ პენსიას, ისევე როგორც ეს აქვს პოლიციას და სხვა სტრუქტურის წარმომადგენლებს. თუ მასწავლებლეს ექნება გარანტირებული და ღირსეული სიბერე, მაშინ ისინი არ დარჩებიან პროფესიაში 70-80 წლამდე და გზას დაუთმობენ ახალგაზრდებს, რომელთა შესვლაც სკოლაში სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. ამ საკითხზე უკვე ძალიან ბევრი მასწავლებელი ალაპარაკდა და თამამდ შემიძლია ვთქვა, რომ აქამდე არც ერთ პოლიტიკურ პარტიას და ორგანიზაციას ეს საკითხი არ წამოუყენებია დღის წესრიგში. მიუხედავად იმისა, რომ პირველ ჯერზე სამინისტროდან და ჯანდაცვის კომიტეტიდან უარი მივიღეთ (მიზეზი რა თქმა უნდა თანხის არ არსებობაა), არ ვაპირებ დავნებდე და მომავალი წლიდან ისევ თავიდან დავიწყებ ამ საკითხის ადვოკატირების პროცესს. ვიცი, ძალიან ბევრ მასწავლებელს ვეიმედები და ყველანაირად ვეცდები, რომ მათ ეს იმედები არ გავუცრუო. მე ვცდი და მჯერა, რომ რაც გულით გვინდა, ყველაფერი გამოვა!

ასევე იხილეთ:

„ღირსეული პენსია პედაგოგებს!“ – მასწავლებლების მოთხოვნის წერილი უკვე პარლამენტში დარეგისტრირდა

სად უნდა წარადგინოს მასწავლებელმა ე.წ. „დეკრეტული შვებულების“ დაფინანსების მოთხოვნა და ვინ ვერ მიიღებს თანხას – დადგენილება

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური