GE

როგორ მოვემზადოთ საგაკვეთილო დაკვირვებისთვის?

ნინო კაპანაძე

მასწავლებელთა საქმიანობის დაწყების, პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში საგაკვეთილო დაკვირვების ორი ფორმა გვხვდება – შიდა საგაკვეთილო დაკვირვება და გარე საგაკვეთილო დაკვირვება;

ამჯერად ჩვენი საუბრის თემა შიდა საგაკვეთილო დაკვირვებაა, რომელიც წარმოადგენს სავალდებულო აქტივობას პრაქტიკოსი მასწავლებლისთვის, როცა ის უფროსი მასწავლებლის სტატუსის მოპოვებაზე ზრუნავს და  უფროსი მასწავლებლისათვის, როცა მის მიზანი ამ სტატუსის შენარჩუნებაა.

როგორ შევუდგეთ მზადებას ამ აქტივობისათვის? რა თქმა უნდა, ყველას თავისი მიდგომა და ხერხი აქვს, მაგრამ ამ სამზადისში არ უნდა გამოვტოვოთ საგაკვეთილო დაკვირვების სტანდარტიზებული რუბრიკისა და რეფლექსიის შეფასების რუბრიკის დეტალურად გაცნობა. ასევე უნდა ვიცნობდეთ მთელ პროცედურას, რომელიც შეფასების ჯგუფისთვის თქვენი განაცხადის წარდგენით იწყება და  შეფასების ჯგუფის ოქმის ატვირთვით მთავრდება.

გაკვეთილის სავარაუდო თარიღსა და თემას თქვენ ირჩევთ და ამ საკითხზე შეგიძლიათ ითანამშრომლოთ თქვენს ფასილიტატორთან. შეფასების ჯგუფს წარუდგენთ  განაცხადს  საგაკვეთილო დაკვირვების გავლის სურვილის შესახებ. ეს პროცესი სკოლის მიერ დადგენილ ვადებში წარიმართება, რომელიც თქვენთვის წინასწარვე უნდა იყოს ცნობილი.  გაკვეთილის ჩატარების გრაფიკის დამტკიცების შემდეგ, შეფასების ჯგუფს უნდა წარუდგინოთ გაკვეთილის გეგმა – ყველა კომპონენტის გათვალისწინებით.

გაკვეთილის თემა უკვე შერჩეული გვაქვს. საჭიროა ჩამოვაყალიბოთ გაკვეთილის მიზანი, რომელიც მკაფიოდ და ნათლად უნდა იყოს ფორმულირებული და კავშირში იყოს მოსწავლის წინარე ცოდნასა და გამოცდილებასთან.  მიზანი ასევე კავშირში უნდა იყოს ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტით მისაღწევ შედეგებთან და ეს შედეგი/ მახასიათებელი გეგმაშიც უნდა ჩანდეს.

გაკვეთილის გეგმის მთავარი ღერძი მიზნისკენ მიმავალი საგაკვეთილო აქტივობებია. ისინი ლოგიკურ კავშირში უნდა იყოს ერთმანეთთან და თავ-თავისი შედეგით გაკვეთილის ერთიან შედეგს ქმნიდეს.

თუ დაგეგმვას გაკვეთილის სამფაზიანი მოდელის მიხედვით ვახდენთ (რაც არ წარმოადგენს აუცილებლობას), აქტივობები ამ ფაზებში ნაწილდება. თითოეულ აქტივობასთან მიმართებაში განსაზღვრეთ როგორ დაგეხმარებათ ეს აქტივობა მიზნის მიღწევაში? ამ აქტივობაში ფუნქციებს როგორ გადაინაწილებთ თქვენ და მოსწავლე? რომელი მეთოდით წარმართავთ ამ აქტივობას და რატომ? კლასის ორგანიზების რომელი ფორმას  შეარჩევთ  ამ აქტივობისთვის? რა რესურსი დაგვჭირდებათ? რა დრო იქნება საჭირო? როგორ შეაჯამებთ ამ აქტივობას?

მასწავლებელს მოუწევს წინასწარ ჩამოაყალიბოს იმ კითხვათა ფორმა და შინაარსი, რომელიც მოსწავლეს ახალი ცოდნისკენ სვლაში, ახალი და ძველი ცოდნის გამთლიანებაში დაეხმარება. ბლუმის ტაქსონომიის გათვალისწინებით, კითხვების მარტივიდან რთულისკენ დალაგდება მოსწავლის მაღალი სააზროვნო უნარების განვითარებას შეუწყობს ხელს.

გეგმაში გასათვალისწინებელი მნიშვნელოვანი კომპონენტია შეფასება, რომელიც გაკვეთილის მიზანთან უნდა იყოს კავშირში. მოსწავლეები შეფასების კრიტერიუმებს თავიდანვე  უნდა იცნობდნენ. მასწავლებელი გეგმავს შეფასების პროცესში მოსწავლეთა ჩართულობასაც.

დასასრულს, გეგმაში გათვალისწინებული უნდა იყოს მასწავლებლის თვითშეფასება, კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც მოცემულ გაკვეთილზე ის საკუთარ კომპეტენციებს შეაფასებს.

გეგმის წარდგენა  სკოლის მიერ  განსაზღვრულ ვადაში უნდა მოხდეს. შეფასების  ჯგუფის წევრები გაეცნობიან გეგმას და თავიანთ კითხვებსა და რეკომენდაციებს წინასაგაკვეთილო შეხვედრაზე ერთმანეთს გაუზიარებენ. ამ შეხვედრაზე მასწავლებელსაც შეუძლია, მიაწოდოს ჯგუფის წევრებს დამატებითი ინფორმაცია, განუმატროთ გეგმის დეტალები ან კლასის მახასიათებლები; გაკვეთილამდე კიდევ შეგიძლიათ, გადახედოთ თქვენს გეგმას, გაითვალისწინოთ ან არ გაითვალისწინოთ მიღებული რჩევები თუ რეკომენდაციები.

დათქმულ დროს  უკვე ხორციელდება საგაკვეთილო დაკვირვება, როცა  შეფასების ჯგუფის წევრები  გაკვეთილს ესწრებიან/აკვირდებიან.

რა საკითხებზე უნდა გაამახვილოს მასწავლებელმა ყურადღება? რა თქმა უნდა, იმ კრიტერიუმებზე და მახასიათებლებზე, რომელიც სტანდარტიზებულ რუბრიკაშია ჩამოყალიბებული. რუბრიკა ორ ნაწილად არის წარმოდგენილი. პირველი ნაწილი სასწავლო გარემოს აფასებს თავისი სამი კრიტერიუმით, ხოლო მეორე ნაწილში – სწავლება, ხუთი კრიტერიუმად არის  მოცემული. ამ კრიტერიუმებში ქვეკომპონენტებია გამოყოფილი. კრიტერიუმები ოთხ დონედ ჩამოშლილი მახასიათებლებით ზუსტდება. უმრავლეს შემთხვევაში, უმაღლესი 4 ქულის შესაბამისი მახასიათებელი მოსწავლის აქტიურობაზე და იმაზე მიუთითებს, რომ  კონკრეტული ქცევა ან მოქმედება არის ჩვეული პრაქტიკა.

გვაქვს კარგი გეგმა. ვიცით, რომელი კრიტერიუმებით შეგვაფასებენ და როგორ. ამის შემდეგ უნდა ვიზრუნოთ, რომ ნებისმიერი ჩვენი გაკვეთილის ჩარჩო ამ კრიტერიუმების გათვალისწინებით ავაგოთ და ასევე წარვმართოთ გაკვეთილები. ეს გულისხმობს, მასწავლებელმა გაკვეთილზე დათმოს დომინანტის როლი და ფასილიტატორად იქცეს, რომ „განსხვავებული მოსაზრებების გამოხატვა ჩვეულ პრაქტიკად“ იქცეს; რომ მოსწავლე ინდივიდად იყოს აღქმული, ფიზიკური გარემო შეესაბამებოდეს კლასის ორგანიზების ფორმას, რესურსი ყველასთვის თანაბრად ხელმისაწვდომი იყოს (ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით). რაც შეეხება სწავლების ნაწილს, აქაც დეტალებზე გავამახვილოთ ყურადღება და ეს დეტალები ყოველ გაკვეთილზე ვაკონტროლოთ: დავამყაროთ მიმართებები გაკვეთილის მიზანსა და გრძელვადიან მიზნებს შორის, ინსტრუქციები გავცეთ ნათლად და ამომწურავად, საგნობრივი ინფორმაცია იყოს ზუსტი და გასაგები… აღარ გადაგტვირთავთ იმ დეტალებით, რომლებიც შეფასების რუბრიკის მახასიათებლებში კარგად არის აღწერილი.  თუ ამ მახასიათებლების გათავისებას ყოველ გაკვეთილზე ეცდებით, ეს მართლაც ჩვეულ პრაქტიკად იქცევა თქვენთვისაც და მოსწავლეებისთვისაც და საგაკვეთილო დაკვირვებაც განსაკუთრებულ ღელვას არ დაუკავშირდება.

გაკვეთილის შემდეგ მოგიწევთ რეფლექსიის მომზადება, რომელიც მისი შეფასების რუბრიკის კრიტერიუმების გათვალისწინებით უნდა შეადგინოთ. რეფლექსია უნდა გადასცეთ შეფასების ჯგუფს გაკვეთილის შემდგომ შეხვედრამდე. ამ შეხვედრაზე ჯგუფის წევრები მოისმენენ თქვენს დამატებით განმარტებებს (თუ კითხვები გაჩნდება), გაგაცნობენ წინასწარ შეფასებას (ანუ საორიენტაციო შეფასებას) და რეკომენდაციებს გაკვეთილთან და რეფლექსიასთან დაკავშირებით.

თქვენს ელექტრონულ საქაღალდეში უნდა ატვირთოთ მხოლოდ ორი დოკუმენტი: გაკვეთილის გეგმა და რეფლექსია.

საბოლოოდ, შეფასების ჯგუფი გააკეთებს განმსაზღვრელ და განმავითარებელ შეფასებებს. შედეგების საფუძველზე მომზადდება შეფასების ჯგუფის ოქმი და აიტვირთება.

იხილეთ ორიგინალი

ამავე თემაზე: 

გარე დაკვირვების მსურველ მასწავლებელთა რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით იწყება

მასწავლებლის პროფესიაში შესვლის ახალი გზები – სკოლაში მოწვეული პედაგოგის სტატუსი შემოდის

როგორ ფასდება მასწავლებლის დამატებითი აქტივობები სქემის მიხედვით – ვიდეოინსტრუქციები

მასწავლებლის შიდა შეფასების სტანდარტიზებული ინსტრუმენტები განახლებული სქემით – დოკუმენტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური