GE

როგორ მოვიპოვოთ სასწავლო გრანტი გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტისგან – საინტერესო შეთავაზება მოსწავლეებს

თანამედროვე რეალობაში დამამთავრებელი კლასების მოსწავლეებისთვის ერთ-ერთ აქტუალურ პრობლემას პროფესიის შერჩევა წარმოადგენს. ახალგაზრდების ნაწილს უჭირს გააზრება, თუ რა მიმართულება იქნება მისთვის უფრო პერსპექტიული და რომელი პროფესია აირჩიოს.  აბიტურიენტებს ამ საკითხის გადაწყვეტის ეფექტურ გზას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი – ალმა მატერი, სთავაზობს.  სკოლის მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა უნივერსიტეტის სხვადასხვა პროექტში, მათ შორის, მოზარდთა აკადემიაში – Teen Academy-ში,  სრულიად უფასოდ ჩაერთონ და შიდასაუნივერსიტეტო გრანტი მოიპოვონ.

მაკა პარსალიშვილი სკოლაში დადიოდა, როცა მასწავლებელმა გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტებით დაინტერესება ურჩია და ერთ-ერთი, Teen Academy-ის პროექტი, გააცნო. მაკა ამბობს, რომ მოსწავლეობის პერიოდში ამ უნივერსიტეტში გატარებული დრო მისთვის  მნიშვნელოვანი იყო და საკმარისი აღმოჩნდა მომავალი პროფესიისა და უნივერსიტეტის  შესახებ მიეღო გადაწყვეტილება.

„გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტში არსებული ახალგაზრდული აკადემიის შესახებ მირჩია ჩემმა მასწავლებელმა, თამუნა ვეფხვაძემ. შემდეგ უნივერსიტეტის ვებგვერდზე გავარკვიე დეტალები და დავრეგისტრირდი. ჩავერთე სამართლის სკოლის პროექტებში: „მედიაცია“ და  „გახდი იურისტი“, აგრეთვე, საჯარო მმართველობის სკოლის პროექტში  „გახდი პოლიტიკოსი“.  აქტივობები მოიცავდა სასწავლო კურსს პრაქტიკული ელემენტებით, იყო კაზუსები ამოსახსნელი, კანონპროექტები მოსამზადებელი. პროექტის ფარგლებში გამართულ სპეციალურ ტრენინგებზე მოსწავლეები პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად განვიხილავდით: საკანონმდებლო ტექნიკის, საკანონმდებლო წინადადებების შემუშავებისა და წარდგენის პროცედურებს, დებატების წარმართვის ხელოვნებასა და კანონპროექტის მოსამზადებლად საქართველოს პარლამენტის რეგლამენტით გათვალისწინებულ სხვა საკითხებს.

პროექტ „მედიაციის“ შესარჩევი ტურების შემდეგ ბოლო შეხვედრა  იყო ფინალური და პირველ ადგილზე გასული მოსწავლე  უნივერსიტეტისგან 100%-იან გრანტს იღებდა. გამიმართლა, რომ ერთ-ერთი მე აღმოვჩნდი. მეორე ადგილზე გასულმა მიიღო 50%-იანი გრანტი. მე სამართლის  მიმართულება მქონდა არჩეული, მაგრამ  უნივერსიტეტი გამარჯვებულს ნებისმიერ ფაკულტეტს უფინანსებს. ეროვნული გამოცდების ჩამონათვალში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტი პირველი მეწერა და სამართლის პროგრამაზე ჩავირიცხე, რაც ძალიან მახარებს.

უნივერსიტეტის პროექტები ძალიან კარგი შეთავაზებაა, რადგან ნებისმიერი ადამიანისთვის დიდი შეღავათია, როდესაც  მთელი ოთხი წლის განმავლობაში სწავლას ნაწილობრივ ან მთლიანად  გიფინანსებენ. ასეთი პროექტები ძალიან მნიშვნელოვანია. ის ახალგაზრდას აძლევს საშუალებას, რომ მიიღოს ცოდნა და  თავის თავში უკეთესად გაერკვეს და გადაწყვიტოს რა მიმართულებით უნდა ცხოვრების გაგრძელება. მე ზუსტად მედიაციის პროექტი დამეხმარა, რომ გამეგო თუ რა მიმართულება ამერჩია. გარდა ამისა ამ პროექტის საშუალებით გავიცანი უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლები და სტუდენტები. ისეთი გარემოა, ყველა გეხმარება, ყველა მობილიზებულია, რომ  ხელი შეგიწყოს და კითხვებზე ამომწურავი პასუხები გაგცეს. გარკვეულწილად, ამანაც განაპირობა ჩემი არჩევანი“, – ამბობს მაკა პარსალიშვილი EDU.ARIS.GE-სთან საუბარში.

Teen Academy-ს პროექტების ფარგლებში გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის მიერ დაწესებული 100%-იანი გრანტი მოიპოვა სამართლის მიმართულების კიდევ ერთმა სტუდენტმა სანდრო გაგიშვილმა. ის ამბობს, რომ დამამთავრებელი კლასიდან უნივერსიტეტთან კავშირი მოსწავლეს ძალიან დიდ გამოცდილებასა და ცოდნას აძლევს.

„უნივერსიტეტის პროექტებში მონაწილეობა   ეს არის აბიტურიენტებისთვის შანსი, გააკეთონ სწორი არჩევანი.

პროექტი „მედიაცია“  შედგებოდა სამი ეტაპისგან, პირველი ორი იყო  შესარჩევი და მესამე ფინალი, ჟიურიმ მონაწილეები კრეატიულობით, ანალიტიკური აზროვნების უნარით, როლური თავსებადობითა და პრეზენტაბელურობით შეაფასა. მე და მაკამ გავიმარჯვეთ ამ პროექტში. ამის შემდეგ იყო პროექტი  „გახდი პოლიტიკოსი“, რომელიც გულისხმობდა კანონპროექტის შემუშავებასა და პარლამენტში წარდგენას, ამაშიც გავიმარჯვე ჩემს გუნდთან ერთად. ეს არ იყო იმიტირებული პროცესი, ნამდვილად პარლამენტში  წარვადგინეთ კანონპროექტი  და მოგვიწონეს. ის ეხებოდა შშმ პირების გათავისუფლებას საბაჟო აქციზისგან, რომ მათ გამარტივებოდათ ადაპტირებული ავტომობილების  შემოყვანა საქართველოში.

„Teen Academy“-ის ფარგლებში კიდევ იყო რამდენიმე პროექტი: „გახდი ჟურნალისტი“, „ბიზნესის ადმინისტრირება“, „სტომატოლოგია“, „ფსიქოლოგია“, რომლებიც ასევე წარმატებული და საინტერესო აღმოჩნდა ჩემი მეგობრებისათვის. თუმცა ეს არ იყო ჩემი პირველი შეხება რობაქიძის უნივერსიტეტთან. 2 წლის წინ, ზამთარში, იყო  პროექტი, უნდა შეგვემუშავებინა სტარტაპები და საუკეთესო დაფინანსდებოდა უნივერსიტეტის მიერ. სწორედ ეს იყო   ჩემი, როგორც მოსწავლის, დებიუტი და უნივერსიტეტის მიმართ პირველი სიმპათიაც ამ დროს გამიჩნდა. ამ პროექტების შესახებ ინფორმაცია პირველად  მეგობრისგან შევიტყვე, შემდეგ კი ვადევნებდი თვალს მათ ვებგვერდს. ყველა ეს პროექტი არის უფასო და  უნივერსიტეტი ყველანაირ ბენეფიტს გაძლევს რომ მიხვდე, რატომაა ესა თუ ის პროფესია საინტერესო. მე ავირჩიე სამართალი. აქამდეც დიდი ინტერესი მქონდა ამ მიმართულების, მაგრამ მას შემდეგ რაც მონაწილეობა მივიღე ამ პროექტებში, უფრო დავრწმუნდი ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. არჩევანზე იმანაც იმოქმედა, რომ გავიცანი აკადემიური პერსონალი, ძალიან უშუალოები არიან, ამომწურავად გამაცნეს პროგრამები და მიმართულებები“, – აცხადებს სანდრო გაგიშვილი EDU.ARIS.GE -სთან საუბარში.

გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტის პროექტების გაცნობა მოსწავლეებს უნივერსიტეტის ვებგვერდისა და სოციალური ქსელის  საშუალებით შეუძლიათ. პროექტების  მიზანია უფროსკლასელებთან (მე-10, 11, 12 კლასები) და აბიტურიენტებთან უწყვეტი თანამშრომლობა, მათთვის თანამედროვე საგანმანათლებლო მიდგომებისა და ტენდენციების შესახებ უახლესი ინფორმაციის მიწოდება, ცოდნაზე დაფუძნებული პრაქტიკული ხასიათის უნარ-ჩვევების განვითარება, სპეციფიკური საკითხების შესახებ საჭირო ცოდნის გაღრმავება, რაც დაეხმარება მათ სწორი გადაწყვეტილებების მიღებასა და მნიშვნელოვანი საკითხების  შესახებ სწრაფად  ორიენტირებაში.

გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური