როგორ შევასწავლოთ მოსწავლეს კოსმოსი – „ეს შესანიშნავი საშუალებაა მზის ორბიტის სწავლებისთვის“
დაწყებითი კლასის ბუნებისმეტყველების საგნის ახალი სტანდარტით, პირველიდან-მეოთხე კლასამდე მოსწავლეები სივრცეში ორიენტირებას სწავლობენ. ეს სტანდარტის ერთ-ერთი ძირითადი ცნებაა, რომლის ქვეცნებებშიც ვხვდებით საკითხს ციური სხეულები (მზის სისტემა). რაც შეეხება კოსმოსის თემას, ის მეხუთე კლასში ისწავლება.
I-VI კლასების განახლებული სტანდარტები საგნების მიხედვით
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, რა რესურსებსა და აქტივობებს იყენებენ პედაგოგები კოსმოსის სწავლებისას და რამდენად უწყობს ხელს დაწყებით კლასებში კოსმოსის სწავლება STEAM (განვითარების ხუთი მიმართულების მოკლე აბრევიატურა: S cience – მეცნიერება T echnology – ტექნოლოგია E ngineering – ინჟინერია A rt – ხელოვნება M athematics – მათემატიკა) მიმართულების გაძლიერებას.
ვესაუბრეთ დაწყებითი კლასის პედაგოგს თამთა შარაშიძეს, რომელმაც ჩვენს მკითხველ პედაგოგებს ეფექტური საგაკვეთილო აქტივობებიც გაუზიარა.
– ქალბატონო თამთა, როგორ ფიქრობთ, STEAM მიმართულების გაძლიერება არის თუ არა დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ სწავლობენ მოსწავლეები ბუნებისმეტყველებას და მათემატიკას დაწყებით კლასებში?
– თანამედროვე ეპოქაში, მათემატიკა ცხოვრების ისეთივე განუყოფელი ნაწილია, როგორც ბუნებისმეტყველება და ვიცით, რომ ორივე მეცნიერებაა. ორივე საგანი გამოიყენება ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში: მეცნიერებასა და ტექნოლოგიებში, მედიცინაში, ეკონომიკაში, გარემოს დაცვასა და აღდგენა-კეთილმოწყობაში, სოციალურ გადაწყვეტილებათა მიღებაში. ეს საგნები ხელს უწყობს ადამიანის გონებრივი შესაძლებლობების განვითარებას, სამყაროში მიმდინარე პროცესების ერთიანობის გაცნობიერებას და აგრეთვე, გარემომცველ სამყაროზე ზრუნვისა და ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების წესის დაცვის მნიშვნელობის გააზრებას. შესაბამისად, დიახ, თუ STEAM-ის მიმართულების გაძლიერება ჩვენი განათლების რეფორმის ნაწილია, უნდა ვიზრუნოთ იმაზე, რომ ბუნებისმეტყველებაც და მათემატიკაც ბავშვებს დაწყებითი კლასიდანვე ვასწავლოთ.
-კოსმოსი, როგორც ძირითადი სასწავლო თემა, ახალ სტანდარტში მეხუთე კლასიდან არის შეტანილი. რა დრო სჭირდება კოსმოსის თემის სწავლას დაწყებით კლასებში და რა შედეგებზე უნდა გავიდეს მოსწავლე?
– კოსმოსის თემა იმდენად დიდი და საინტერესოა, ვფიქრობ, მისი ათვისება და შესწავლა „ერთი ხელის მოსმით“ არ შეიძლება, თუმცა ის რაც სტანდარტში გაწერილი ერთი სრული სემესტრის მანძილზე სრულყოფილად დასაძლევი უნდა იყოს. კოსმოსის შესწავლა მოსწავლეებს სამყაროს მთლიანობის აღქმას უყალიბებს და კითხვებს უჩენთ, რაც მეცნიერებისა და ტექნოლოგიების მიმართ მათ სამომავლო დაინტერესებასაც ზრდის.
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
- მზის სისტემის და ზოგიერთი ასტრონომიული მოვლენის აღწერა;
- მარტივ ექსპერიმენტებზე დაყრდნობით ტრაექტორიის სახეების აღწერა და სხეულების მოძრაობაზე მსჯელობა;
- ასტრონომიული სხეულების (გალაქტიკების, პლანეტების, ვარსკვლავების, თანავარსკვლავედების, ასტეროიდების, კომეტების, მეტეორების და ა.შ.) დახასიათება.
თამთა მასწავლებელმა EDU.ARIS.GE-ს მკითხველ პედაგოგებს ის აქტივობები გაუზიარა, რომელთა გამოყენებითაც კოსმოსის თემის სწავლებას შეძლებენ.
ერთად ავაგოთ მბრუნავი მზის სისტემა
დაგვჭირდება: მუყაოს ქაღალდი, კენჭები, საღებავები, ფერადი ქაღალდები, ბამბა, ცხელი წებო, მაკრატელი.
ინსტრუქცია: ფერადი ქაღალდებისგან გამოვჭრათ პატარა პლანეტები. გამოვჭათ მუყაოსგან წრე (მოზრდილი) და შავად შევღებოთ. დავაწებოთ ასტეროიდის სარტყელი (დავაწებოთ კენჭები), პლანეტები. ამოვჭრათ წრის შუაგული და ფირფიტა სამაგრზე მივამაგროთ, ის თავისუფლად იტრიალებს. წრის შუაგულში დავაწებოთ „მზე“.
ეს მხიარული, „ბორბლიანი გალაქტიკა“ შესანიშნავი საშუალებაა მზის ორბიტის სწავლებისთვის. მასში შედის ასტეროიდების სარტყელი. ის რეალურად ტრიალებს, შეგვიძლია, მოვკიდოთ ხელი იქ, სადაც მზე დავაწებეთ და პლანეტები მის გარშემო დავატრიალოთ. გამოიყენება იმ კონცეფციის გასაძლიერებლად, რომ დედამიწა და პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ.
ჩვენი მზის სისტემის მოდელი
მუშაობის დაწყებამდე გადავხედოთ პლანეტების ზომით თანაფარდობას, რათა პროპორციებში არ შევცდეთ. მოდელის დამზადებისას, ბავშვებს უამრავი კითხვა გაუჩნდებათ იმის შესახებ, თუ რატომ არიან პლანეტები სხვადასხვა ფერის.
დაგვჭირდება: რამდენიმე გაზეთი, ტუალეტის ქაღალდი, წებო, მუყაოს ქაღალდი, საღებავები.
ინსტრუქცია: გაზეთით გავაკეთოთ ბურთები და დავასველოთ. მიღებულ ფიგურას შემოვახვიოთ სველი ტუალეტის ქაღალდი. დავასხათ წებო და გადავანაწილოთ ყველგან. გავაშროთ ბურთები (ამას დრო დასჭირდება). ბურთების გაშრობამდე მოვამზადოთ ციური ტერიტორია. გამოვჭრათ წრე, გავაფერადოთ ლურჯად, მოვნიშნოთ ვარსკვლავები, რომლებიც გაფანტულია მსუბუქი შუქებით. მზე უნდა იყოს ყვითელი, მერკური – ნაცრისფერი, ვენერა – მოყვითალო, დედამიწა – მოლურჯო, მარსი – მეწამული, იუპიტერი – ნარინჯისფერში, მოთეთრო და მოწითალო-მოყავისფრო ზოლებით, სატურნი – ღია მწვანე, ურანი – ფირუზისფერი, ნეპტუნი – ღრმა ლურჯი. გავაშროთ ფიგურები. სატურნისთვის რგოლები მბზინავი ქაღალდისგან გამოვჭრათ (ამით პლანეტის შესახებ ინფორმაციასაც ვაწვდით). დასრულებული ბურთულები მოვათავსოთ ხრახნილზე.
მოლოდინების გზამკვლევი
მეთოდის/აქტივობის შესახებ: აქტივობა „მოლოდინების გზამკვლევი“ ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა შესასწავლი თემის/ტექსტის მიმართ მოსწავლეთა ინტერესის გასაღვივებლად. მოსწავლეები მსჯელობენ მასწავლებლის მიერ შეთავაზებული თეზისების მართებულობის შესახებ.
აქტივობის გამოყენებით მოსწავლეებს უვითარდებათ:
• არგუმენტირებული მსჯელობის უნარი;
• მოსაზრების ჩამოყალიბების უნარი;
• უჩნდებათ/უძლიერდებათ ინტერესი შესასწავლი თემის მიმართ.
რესურსი: დაფა/დიდი ფორმატი, ცარცი/მარკერი.
მსვლელობა:
- მასწავლებელი დაფაზე ჩამოწერს 2-3 წინადადებას/თეზისს შესასწავლი საკითხის შესახებ, რომლებზეც ცალსახა პოზიციის ქონა ადვილი არ არის და სთხოვს მოსწავლეებს, დაეთანხმონ ან უარყონ მოცემული მოსაზრებები;
- მოსწავლეები გამოთქვამენ საკუთარ შეხედულებებს და მსჯელობენ/კამათობენ მოცემული თეზისების შესახებ;
- მასწავლებელი სთხოვს ბავშვებს, წაიკითხონ ტექსტი და მოიძიონ ინფორმაცია თეზისებში წამოჭრილ საკითხზე;
- ტექსტის დამუშავების შემდეგ მოსწავლეები მიუბრუნდებიან დაფაზე ჩამოწერილ წინადადებებს/თეზისებს და შეაჯამებენ მიღებულ ინფორმაციას.
განმარტე სიტყვის მნიშვნელობა
მისი გამოყენებით მოსწავლეები:
- განიმტკიცებენ ლექსიკური ერთეულების ცოდნას;
- გადაამოწმებენ, სწორად გაიგეს თუ არა ახალი სიტყვების მნიშვნელობა;
- ეჩვევიან ყურადღების მობილიზებას.
რესურსი: ფურცელი, კალამი
მსვლელობა:
- გაკვეთილის ბოლოს, მასწავლებელი თითოეულ მოსწავლეს ურიგებს თითო ბარათს და სთხოვს, მასზე დაწერონ ამ დღეს შესწავლილი რამდენიმე (რაოდენობას მასწავლებელი განსაზღვრავს) სიტყვა და განმარტონ მათი მნიშვნელობა;
- მოსწავლეები ბარათზე წერენ მითითებული რაოდენობის ახალშესწავლილ სიტყვებს და განმარტავენ მათ შინაარსს;
- კლასიდან გასვლისას, მოსწავლეები შევსებულ ბარათებს მასწავლებლის მაგიდაზე აწყობენ;
- მასწავლებელი ამოწმებს ბარათებს და, თუ რომელიმე სიტყვა არასწორადაა განმარტებული, მეორე დღეს კლასში კიდევ ერთხელ საუბრობენ მის შესახებ.
ასევე იხილეთ:
როგორ გამოვიყენოთ გაკვეთილზე ჯვარედინი დისკუსიის მეთოდი სწორად – ისტორიის მასწავლებელი გირჩევთ
32 ეფექტური აქტივობა და ინსტრუმენტები მოსწავლის განმავითარებელი შეფასებისთვის
ესაუბრა მზეო შველიძე
- „საქართველომ და ქართველმა პედაგოგებმა უნდა დავინახოთ და კარგად გავიაზროთ მოსალოდნელი საფრთხეები“ – გამოსავლები მათემატიკის სწავლებაში by განათლებული ბლოგი
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი