GE

როგორ შევაყვაროთ სხვებს სწავლა და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? – პედაგოგებისთვის და არამხოლოდ

„სწრაფად განვითარებად სამყაროში უკან დარჩებიან ის ორგანიზაციები, რომლებიც სიახლეების სწავლაში უუნარობას იჩენენ“,- ამბობს ჰონგ-კონგის ინოვაციების მართვისა და კვლევითი ცენტრის დირექტორი ნენსი დიქსონი. ნამდვილმა ლიდერებმა იციან სწავლის ფასი, მუდმივად მზად არიან სიახლეების მისაღებად, ისინი  ზრუნავენ პირადი ინტერესების დაკმაყოფილებასა და პროფესიულ წინსვლაზე. სწავლის სიყვარულის გარეშე, თანამედროვე ეპოქაში წარმატების მიღწევა შეუძლებელია, ამაზე ზრუნვა კი ბავშვობიდან უნდა დაიწყოს. ეს მისია მასწავლებელს აკისრია. პედაგოგმა უნდა გაუღვივოს მოსწავლეს სწავლის სიყვარული და დაეხმაროს ბავშვებს ჯერ კიდევ გამოუმჟღავნებელი უნარების აღმოჩენაში და განუვითაროს ცვლილებების მიმართ ადაპტაციის უნარი.

საგანმანათლებლო ფსიქოლოგები ხშირად საუბრობენ „გარეგან“ და „შინაგან“ მოტივაციაზე.  პირველი მათგანი გულისხმობს (მოსწავლის შემთხვევაში) დავალების შესრულებას სხვისი სურვილების, ბრძანებების დასაკმაყოფილებლად. ეს ადამიანები მზად არიან გაიარონ კურსები, შეასრულონ სამუშაო, მაგრამ უშუალოდ სწავლისთვის მოწადინებულნი არ არიან.  შინაგანად მოტივირებულნი კი სწავლობენ სწავლისთვის, რათა დაიკმაყოფილონ პირადი თუ პროფესიული ინტერესები და ამას არ აკეთებ მხოლოდ გარეგნული მიზნების მისაღწევად. კვლევების მიხედვით , სიღრმისეული სწავლება შინაგანი მოტივაციით მიიღწევა.

კიდევ რამდენიმე მაგალითი იმისა, თუ როგორ უყურებენ ცხოვრებას „სწავლაზე შეყვარებულები“:

სწავლის მნიშვნელობა და მიზანი

ადამიანები, რომელთაც აქვთ სწავლის სიყვარული, უყალიბდებათ მნიშვნელოვანი ღირებულებები და მათი ცხოვრებისეული მიზანი დაკავშირებულია უფრო დიდ მიღწევებთან, ვიდრე პერსონალური თუ პროფესიული წარმატებაა, მაღალი თანამდებობა თუ დიდი ხელფასი. პიროვნება, ვისთვისაც სიცოცხლის მიზანი არის სწავლა, იბრძვის საკუთარი თავის განვითარებისთვის. ცდილობს გახდეს იმაზე უკეთესი, ვიდრე დღესაა. შემდეგ ყველა ეს გამოცდილება სწორი გზის არჩევაში ეხმარება.

გამოწვევები, როგორც შესაძლებლობები

სწავლის მოყვარულები არ ცნობენ გაუკვალავ გზებს, ისინი ხედავენ ახალ პერსპექტივებს და ყველა შესაძლებლობას აღიქვამენ ახალ სასწავლო მასალად. ამგვარად, ნებისმიერი დაბრკოლება  გადაიქცევა პოზიტიურ, ენერგიულ გამოწვევად.

როგორ შეგიძლია შეაყვარო სხვებს სწავლა?

1.წაახალისე პირადი ინტერესებიდან გამომდინარე

პირადი ინტერესები ყველას აქვს და ეს შემეცნებისთვის ხელსაყრელია. ზოგიერთი მათგანი პროფესიას უკავშირდება, ზოგი უბრალოდ აკვიატებაა, მაგრამ კარგმა ლიდერებმა იციან, რომ წარმატება ამ ორის შერწყმას მოაქვს. თუ კომპანიის უფროსი აკმაყოფილებს თანამშრომლების ინტერესებს და პროფესიულ განვითარებაში ეხმარება, ეს კომპანიისთვისაც მომგებიანია, მაგრამ ზოგჯერ საჭიროა მან სტიმული მისცეს სხვებს და მათი პირადი ინტერესების დაკმაყოფილებაზეც იზრუნოს.

2.დაასმევინეთ შეკითხვები, მაშინაც კი, თუ ყველა მათგანზე პასუხებს ვერ მიიღებენ

განათლების სპეციალისტი ელენა აგილერა მიიჩნევს, რომ მოსწავლეს კითხვების დასმა განვითარებაში ეხმარება, რადგან ყოველი მორიგი კითხვა ბადებს კიდევ ერთს და აძლევს ფიქრის საბაბს.

„ ჩვენ შეგვიძლია, მოვიწონოთ ბავშვის შეკითხვა და თავი შევიკავოთ პასუხისგან“,- ამბობს ის. მისივე აზრით, უმჯობესია ბავშვი თავად მივიდეს სწორ პასუხამდე. უთხარით მათ, რომ მოგწონთ ასეთი კრეატიული შეკითხვა, საინტერესოდ მიიჩნევთ და გინდათ უფრო მეტი იცოდეთ მისი პოზიციის შესახებ ამ თემასთან დაკავშირებით.

3. განუვითარეთ „მზარდი აზროვნება“ და არა ფიქსირებული

ფსიქოლოგ კარლ დუვეიკის ჰიპოთეზამ ორი ტიპის აზროვნების შესახებ – მზარდი და ფიქსირებული, პოპულარობა ადამიანებში პოზიტიური განწყობის შექმნის გამო მოიპოვა.  თეორიის თანახმად, თუ დაიჯერებ, რომ  სწავლა გაგცევს უკეთეს პიროვნებად, ამის შემდეგ შენ სწავლას სხვა თვალით დაუწყებ ყურებას.  ეს უკანასკნელი გულისხმობს იმას, რომ მოსწავლე საკუთარ თავს შესაძლებლობებში არწმუნებს  და იყენებს ერთგვარ „შეძახილებს“: „მე შემიძლია გავხდე უფრო ჭკვიანი“, „სწავლა არის ჩემი მიზანი“, „შედეგები გამაძლიერებს“…

„თუ შენ გწამს, რომ შენი ინტელექტუალური უნარ-ჩვევები განვითარებადია, შენ უბრალოდ უნდა მოინდომო ამის გაკეთება“,- ამბობს დუვეიკი.

მოსწავლეებისთვის ამ იდეის გაზიარება მათ სწავლის სიყვარულს გაუღრმავებს

4.სწავლის სიყვარულის საკუთარი მიზეზი

„როდესაც პედაგოგები და პროფესორები ენთუზიასტები არიან, მათი განცდები გადადის მოსწავლეებზე. ყველა ემოცია, რომელსაც ისინი კლასში გამოხატავენ, გავლენას ახდენს მათ მოსწავლეებზე. ეს შეიძლება იყოს, სიამაყე ბავშვების მიღწევებით, იმედი შედეგების გამოსწორებისა თუ ნეგატიური ემოციების გამომჟღავნება “,- ამბობს მიუნხენის უნივერსიტეტის განათლების ფსიქოლოგი რეინარდ პეკრუნი.

საუკეთესო არჩევი ყოველთვის პირადი ინსპირაციაა.  თუ იქნებით ღია სიახლეებისადმი, სწავლისადმი, თქვენი მოსწავლეებისგანაც იმავეს მიიღებთ.

მოამზადა მარიამ  ელიაშვილმა

წყარო: opencolleges.edu.au

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური