GE

როგორ ვიმეცადინოთ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდისთვის – ინტერვიუ სპეციალისტთან

სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, რომელიც მისაღებ გამოცდებზე აბიტურიენტებისთვის ერთ-ერთი არჩევითი საგანია, წლიდან წლამდე განსხვავებული ნიჭისა და უნარ-ჩვევების მქონე აბიტურიენტების არჩევანის ობიექტია.

EDU.ARIS.GE-ს დღევანდელ სტატიაში, რომელიც გამოცდებამდე სწორად მეცადინეობის სტატიათა სერიის ნაწილია, სწორედ ხელოვნების გამოცდის შესახებ ვისაუბრებთ. სახვით და გამოყენებით ხელოვნებაში გასულ წელს ტესტი 138-მა აბიტურიენტმა წერა, საიდანაც 15,94%-მა მინიმალური კომპეტენციის ზღვარის გადალახვა ვერ შეძლო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ საგანს აბიტურიენტთა მცირე რაოდენობა ირჩევს, მათაც სჭირდებათ დახმარება და ინფორმირება, რაზეც ჩვენთან ინტერვიუში საგნის სპეციალისტი, ჯუბა ფეიქრიშვილი დეტალურად საუბრობს.

EDU.ARIS.GE-ს რესპონდენტი პროფესიით ხელოვნებათმცოდნე და კულტურის კვლევების მაგისტრია. ამასთან აქტიურად ამეცადინებს აბიტურიენტებს და გეტყვით, როგორ მოემზადოთ სრულყოფილად სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების გამოცდის წარმატებით ჩაბარებისთვის. ის სწორი მეცადინეობის ხრიკებსაც გაგიმხელთ.

– ჯუბა, პირველ რიგში, გვითხარით, რა უნდა იცოდეს აბიტურიენტმა, როცა ამ საგანს ირჩევს ჩასაბარებლად?

– პირველ რიგში, აბიტურიენტებმა უნდა გაარკვიონ, ბარდება თუ არა მათთვის სასურველ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, როგორც ერთ-ერთი სავალდებულო საგანი. ამ და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაციის მისაღებად აუცილებელია, გაეცნოთ „ცნობარს აბიტურიენტებისათვის“.

აბიტურიენტთა ცნობარში მოცემულია რეგისტრაციისთვის საჭირო ინსტრუქცია: ხშირად დასმული კითხვები და პასუხები, საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი და სრული ინფორმაცია საგამოცდო პროცედურების შესახებ. ასევე აქვე ნახავთ ინფორმაციას სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მინიმალური ზღვარისა და პრიორიტეტის შესახებ, რომელიც ინდივიდუალურად აქვს განსაზღვრული თითოეულ უნივერსიტეტს.

– მოგვიყევით იმ სასწავლო რესურსის შესახებ, რომელიც სჭირდებათ აბიტურიენტებს, რათა გამოცდისთვის სრულყოფილად მომზადება შეძლონ

– სანამ აბიტურიენტები სასწავლო რესურსების მოძიებას დაიწყებენ, მნიშვნელოვანია, გაეცნონ სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო პროგრამას. პროგრამაში დეტალურად არის მოცემული ეროვნული გამოცდების ტესტებში შემავალი საკითხების ჩამონათვალი.
რაც შეეხება სასწავლო რესურსებს. იმისთვის, რომ აბიტურიენტებმა სრულყოფილად შეძლონ გამოცდისთვის მომზადება, არსებითია როგორც მატერიალური, ისე ციფრული რესურსების მიზანმიმართულად გამოყენება. სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების პროგრამა საკმაოდ მოცულობითია, აქედან გამომდინარე, დიდ სირთულეს წარმოადგენს ყველა საჭირო წიგნის შეძენა, რომ აღარაფერი ვთქვათ ფინანსურ მხარეზე. სწორედ ამიტომ, მატერიალური რესურსების მოძიებისთვის გირჩევთ, სხვადასხვა ბიბლიოთეკებს მიმართოთ. რაც შეეხება ციფრულ რესურსებს, არსებობს მრავალი პლატფორმა, სადაც თქვენთვის სასურველი მასალის მოძიებას შეძლებთ. მაგალითად: el.ge; artsandculture.google.com; bibliocat.ge; ibooks.ge; youtube.com; library.iliauni.edu.ge.

– რა ტიპის შეცდომებს უშვებენ ძირითადად აბიტურიენტები მეცადინეობის დროს?

– პირველ რიგში, უნდა დავსვათ კითხვა: როგორ ვისწავლო ისე, რომ გამოცდაზე მაქსიმალური შედეგი ვაჩვენო და მეორე ასევე მნიშვნელოვანი კითხვა: რა ფორმატში მთხოვენ შეძენილი ცოდნის დადასტურებას. ძირითად შეცდომას სწავლების მეთოდი წარმოადგენს, რაც ხშირად, მხოლოდ ლიტერატურის გაცნობით შემოიფარგლება ან სალექციო ხასიათს ატარებს, რომელიც მნიშვნელოვნად მოკლებულია უკუკავშირს. ასევე, დიდ შეცდომად მიმაჩნია წინა წლების ტესტების მიზნობრივად ვერ გამოყენება. ხშირად, აბიტურიენტები ბოლოს, შედეგის შესამოწმებლად იყენებენ აღნიშნულ ტესტებს, რაც აშკარად არაეფექტურია. იმისთვის, რომ მაქსიმალურად შევამციროთ დროითი დანაკარგი და მეტად ეფექტურები გავხდეთ, გირჩევთ, კარგად შეისწავლოთ ტესტის სტრუქტურა (კითხვების, სავარაუდო პასუხები და ა.შ.) ყოველი საკითხის დამუშავების დროს იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება, გადაითარგმნოს აღნიშნული ინფორმაცია საგამოცდო ტესტად. მსგავსი მიდგომა დაგეხმარებათ, ტექსტების კითხვის დროს მეტად კონცენტრირებულები იყოთ. ასევე, საგამოცდო ფორმატში გაიაზროთ ნასწავლი მასალა და ეროვნულ გამოცდებზე უკეთესი შედეგი მიიღოთ.

– თქვენი დაკვირვებით, უმეტესად ვინ ირჩევს ამ საგანს და როგორია სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების სამომავლო გამოყენების პერსპექტივა?

– ძირითადად, სახვით და გამოყნებით ხელოვნებას ისინი ირჩევენ, ვისაც საკუთარი თავის რეალიზება სახელოვნებო სივრცეში წარმოუდგენია. შემოქმედებითი აზროვნება, იმიჯები და თანამედროვე იკონოგრაფიული სახეების შემუშავება, ინოვაციური ხედვა, უნივერსალური ენის შესწავლა, ეროვნული და მსოფლიო კულტურული ფასეულობების სხვადასხვა კონტექსტში გააზრება, ეს იმ უნარების არასრული ჩამონათვალია, რომელიც აბიტურიენტებს სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების ჩაბარების დროს უვითარდებათ. იმ ფონზე, როდესაც მრავალი ძველი პროფესია ქრება, კიდევ უფრო აქტუალური ხდება ტექნიკური და შემოქმედებითი უნარების მქონე პროფესიონალი კადრების საჭიროება, ამ საგნის სერიოზულობაზე კიდევ ერთხელ უნდა დავფიქრდეთ. აქედან გამომდინარე, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგანში უდიდესი პერსპექტივა შეგვიძლია, დავინახოთ.

– როგორი იქნება თქვენი სახელმძღვანელო რეკომენდაციები, რომლის დახმარებითაც აბიტურიენტები ამ გამოცდისთვის შედეგიან მომზადებას მოახერხებენ?

– პირველ რიგში, გაარკვიეთ, ბარდება თუ არა თქვენთვის სასურველ ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამებზე სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, ამ ინფორმაციას „აბიტურიენტთა ცნობარში“ მოიპოვებთ, რომელიც ხშირად ნახლდება ხოლმე, ამიტომ ყურადღებით იყავით და არ გამოგრჩეთ სიახლე;

– გაეცანით სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების საგამოცდო პროგრამას. სხვადასხვა პერიოდულობით გადახედეთ და ჩაინიშნეთ ის საკითხები, რომლებიც უკვე გაიარეთ, აღნიშნეთ ე.წ „პტიჩკებით“, ეს თვითშემოწმების შესაძლებლობასაც იძლევა;

– მიზანმიმართულად მოიძიეთ როგორც მატერიალური, ასევე ციფრული სასაწავლო რესურსები, ეს დაგეხმარებათ ცოდნის განმტკიცებასა და გაღრმავებაში;

– კარგად შეისწავლეთ საგამოცდო ტესტის სტრუქტურა, აკეთეთ რაც შეიძლება მეტი ტესტი;

– ყოველი საკითხის დამუშავების დროს, იფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება გადაითარგმნოს აღნიშნული ინფორმაცია საგამოცდო ტესტად, რა კითხვად შეიძლება ფორმულირდეს, ინფორმაცია. მაგალითად, თუ კითხულობთ კრეტა-მიკენის ხელოვნების შესახებ, იფიქრეთ, რა კითხვა შეიძლება შეგხვდეთ ამ საკითხიდან;

– ეცადეთ, პერიოდულად მაინც მიიღოთ სწორი უკუკავშირი და ხშირად გააკეთეთ, თვითრეფლექსია, დაუსვით საკუთარ თავს კითხვები: რა ვიცოდი, რა გავიგე, რა ვერ გავიგე;

– მაქსიმალურად ეცადეთ, სწავლის პროცესს პოზიტიური ხასიათი მისცეთ და ახლის შეცნობით ბედნიერები იყოთ. თუ გაქვთ გარკვეული სირთულეები, ნუ შეშინდებით, წინ ჯერ კიდევ გაქვთ დრო მომზადებისთვის.

ასევე იხილეთ:

„რუკაზე მუშაობას ასე მიეჩვევით“ – რას ურჩევს გეოგრაფიაში მეცადინეობისთვის აბიტურიენტებს სტუდენტი რეპეტიტორი

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური