GE

„რუკაზე მუშაობას ასე მიეჩვევით“ – რას ურჩევს გეოგრაფიაში მეცადინეობისთვის აბიტურიენტებს სტუდენტი რეპეტიტორი

„2022 წელის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებს თუ გადავხედავთ, გეოგრაფია გრანტების გაცემის მხრივ საკმაოდ „მომგებიანი“ საგანი აღმოჩნდა“, – ასე ფიქრობს თსუ-ის საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების სტუდენტი და ახალგაზრდა რეპეტიტორი, იოანე მახარაძე, რომელსაც მისაღები გამოცდებისთვის სწორად მეცადინეობის მიდგომებზე საუბარი გეოგრაფიაში ვთხოვეთ. იოანესგან მიღებული პასუხები კი იმიტომ არის საინტერესო, რომ ღვაწლმოსილი სპეციალისტებისგან განსხვავებით, სულ რამდენიმე წლის წინ ჩააბარა მისაღები გამოცდა და მისი ხედვა განსხვავებული იქნება.

„ეს აბიტურიენტის წარმატების ერთ-ერთი წინაპირობაა“ – როგორ ვიმეცადინოთ ისტორიაში მისაღები გამოცდისთვის

– იოანე, ვიდრე საგამოცდო ტესტზე ვისაუბრებდეთ, მინდა გკითხოთ, 2022 წელს, გეოგრაფიაში მინიმალური ზღვარი აბიტურიენტების 31.05%-მა ვერ გადალახა. როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია ასეთი შედეგი?

– ამ მართლაც სამწუხარო ფაქტის ორ აშკარა მიზეზს ვხედავ. უპირველესად ის, რომ გასული წლის ტესტი საკმაოდ რთული იყო და ამაზე რეპეტიტორებიც ვსაუბრობდით. ბავშვები განსაკუთრებით დაიბნენ და ეს გასაგებიც იყო. მეორე მიზეზი ისაა, რომ აბიტურიენტების ნაწილი, გეოგრაფიას მეორეხარისხოვან არჩევით საგნად განიხილავდა და სათანადოდ არ ემზადებოდა. არადა, როგორც ვნახეთ, გრანტების გაცემის მხრივ, იგი საკმაოდ მომგებიანი საგანი აღმოჩნდა.

– რა უნდა გაითვალისწინონ აბიტურიენტებმა, ვიდრე გეოგრაფიის საგამოცდო საგანზე შეაჩერებენ არჩევანს, რას უნდა მიაქციონ განსაკუთრებული ყურადღება?

– ყველა ადამიანს აქვს თავისი ნიჭი და ინტერესი. თუკი აბიტურიენტი ოდნავ მაინც ხედავს თავის თავში გეოგრაფიული ცოდნის დაუფლების რესურსის ნაპერწკალს, ვურჩევდი, ეს ნაპერწკალი გააღვივოს. გეოგრაფიის საგამოცდო პროგრამის შესწავლა აბიტურიენტებს ძალიან დიდ ზოგად განათლებას აძლევს, რომელიც მათ ცხოვრებაში გამოადგებათ. გეოგრაფია არის მომგებიანი გრანტის აღებისა და ჩარიცხვის თვალსაზრისით. თუკი აბიტურიენტს გადაწყვეტილი აქვს ისეთ ფაკულტეტზე ჩაბარება, როგორიცაა საერთაშორისო ურთიერთობები, პოლიტიკური მეცნირებები, გეოგრაფია, საზოგადოებრივი გეოგრაფია, გეოლოგია, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები- ამ ფაკულტეტებზე გეოგრაფიის ცოდნის გარეშე წარჩინებულად სწავლა ძალიან რთულია.

– იოანე, რა დახვდებათ გამოცდაზე აბიტურიენტებს, მათთვის გასაგები ფორმით რომ აუხსნათ, როგორია ტესტი?

– გეოგრაფიის ტესტი იწყება ერთქულიანი დავალებებით, რომლებსაც 4 სავარაუდო პასუხი ახლავს, ამ სავარაუდო პასუხებიდან კი მხოლოდ 1-ია სწორი. როგორც წესი, ერთქულიანი ტესტების რაოდენობა 18, 19 ან 20-ია. ერთქულიანების შემდეგ აბიტურიენტებს ხვდებათ საკითხი რომელიმე პროგრამული სახელმწიფოს შესახებ, წინა წლებში შეხვდათ ავსტრალია, ბრაზილია, აშშ, ჩინეთი.

სახელმწიფოს შემდეგ მათ ხვდებათ ტოპოგრაფიული რუკები ან ზოგადად რუკის ანალიზი. აქ აბიტურიენტებს მოეთხოვებათ ტოპოგრაფიული რუკის კითხვის ანალიზის, აზიმუტის, ჰორიზონტის მხარეებისა და გრადუსთა ბადის ცოდნა. ტესტი გრძელდება ღია გეოგრაფიული შეკითხვებით. შეიძლება, 3-4 ქულიანი საკითხები მოვიდეს რელიგიებზე, მოგზაურებზე, რომელიმე ბუნებრივ მოვლენაზე ან პოლიტიკურ სიახლეებზე. შეიძლება, შეხვდეთ გეოგრაფიული ამოცანის ამოხსნაც. ტესტის ბოლო საკითხში კი აბიტურიენტებს საქართველოს რომელიმე რეგიონის შესახებ მოსდით ტექსტი, რომლის ქვეშაც, ამ რეგიონის შესახებ, 10-მდე შეკითხვაა დასმული.

– როგორ უნდა იმეცადინონ აბიტურიენტებმა სწორად და ხარისხიანად, რომ გეოგრაფიის ტესტი წარმატებით დაძლიონ, როგორია თქვენი, როგორც ახალგაზრდა რეპეტიტორის მითითებები?

ჩემი რეკომენდაცია, ამ ეტაპზე სწორად მეცადინეობისთვის ასეთია:

  • დღეში 1 საათი დაუთმეთ რუკაზე მუშაობას. შეიძლება, ეს დავალებად არ გქონდეთ, მაგრამ დღეში 1 საათით, წინ დაიდეთ ლეპტოპი, გახსენით მასში მსოფლიოს რუკა და უბრალოდ დააკვირდით მას, აღმოაჩინეთ საინტერესო კანონზომიერებები. ამით რუკაზე მუშაობას მიეჩვევით და როგორც დიდი გეოგრაფები იტყოდნენ „გაუშინაურდებით”. იცოდეთ, რუკის კარგად ცოდნა გეოგრაფიის ცოდნის მთავარი საწინდარია;
  • ზედმიწევნით კარგად შეისწავლეთ ყველა ის სახელმწიფო, რომელიც პროგრამაშია შეტანილი და ამისთვის სასკოლო ლიტერატურა გამოიყენეთ. გაეცანით მსოფლიოს ახალ ამბებს. ყოველ საღამოს, მსოფლიოს წამყვანი მედიებისგან, მიიღეთ ინფორმაცია დედამიწაზე განვითარებული საინტერესო ამბების შესახებ. დიდი ალბათობით, მათგან რომელიმე გამოცდაზე შეგხვდებათ. აქვე გეტყვით, რომ ამ მხრივ სანდო მედიებია: CNN, MSNBC, FOX News, BBC, Bloomberg;
  • მნიშვნელოვანია სტრესისა და დროის მართვა. როგორც ყველა სხვა, ისე გეოგრაფიის გამოცდისთვის მომზადების პროცესშიც აუცილებელია, მართოთ სტრესი და დრო. ყოველთვის მჯეროდა, რომ ახალ წელს აბიტურიენტებისთვის დავალებების მიცემა უბრალოდ ნონსენსია, რაც დროის არასწორი მენეჯმენტის ნაწილია. არდადეგების პერიოდში სრულ დასვენებას, ხოლო მუშაობის დროს დაუზოგავ შრომას ვემხრობი;
  • ტესტებზე მუშაობა: ჩემს აბიტურიენტებს ვაწერინებ 60-70-ქულიან ტესტს, რომლებიც ზუსტად გამოცდის ფორმატშია შედგენილი. ასეთი დიდი რაოდენობის მიზეზი ერთია- რაც მეტი გაკეთებული და განხილული ტესტია, მით მეტი თემაა დამუშავებული. შესაბამისად, გამოცდაზე შესულ აპლიკანტს, თითქმის არ ხვდება უცხო საკითხები. ამ მიზეზით, აბიტურიენტებს ვურჩევ, რომ რაც შეიძლება ბევრი ტესტი გააკეთონ.

ასევე იხილეთ:

„ეს ყველა აბიტურიენტმა უნდა იცოდეს“ – მართლწერის წესები ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალისტისგან

მოამზადა მზეო შველიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური