„საქართველოს ისტორიის ნაცვლად, რუსულ ენაზე ასწავლიან აფხაზეთის ისტორიას“ – სახალხო დამცველი ოკუპირებულ ტერიტორიებზე
საქართველოს სახალხო დამცველმა 2 აპრილს 2023 წელს საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ წლიური საპარლამენტო ანგარიში გამოაქვეყნა. 386 გვერდიანი ანგარიშში წარმოდგენილია კონსტიტუციით გარანტირებული ადამიანის უფლებების დაცვის მიმართულებით არსებული გამოწვევები და პროგრესი, ასევე, მიმოხილულია გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა.
ანგარიშში განათლების მიმართულება არაერთი პრობლემატური საკითხით არის გამოყოფილი და მათ შორისაა ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული განათლების უფლებრივი მდგომარეობა. სახალხო დამცველი წერს, რომ მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის ტერიტორიებზე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გამოწვევად რჩება და ასეთივე გამოწვევაა კვალიფიციური მასწავლებლების საკითხი სკოლებში, ვინაიდან, როგორც ლევან იოსელიანი განმარტავს, იქიდან გამომდინარე, რომ მათ ეკრძალებათ ქართულად გაკვეთილის ჩატარება, სამსახურში აჰყავთ არა პედაგოგიური კვალიფიკაციისა და გამოცდილების, არამედ რუსული ენის ცოდნის მიხედვით.
“ოკუპირებული გალისა და ახალგორის ყველა სკოლაში, დაწყებით კლასებში სრულად აიკრძალა ქართულ ენაზე სწავლება და მშობლიური ენა, უცხო ენისა და ლიტერატურის საგნად გადაკეთდა.
“მიზანმიმართულად მიმდინარეობს ქართული განათლების მქონე კადრების ჩანაცვლება სოხუმის უნივერსიტეტის კურსდამთავრებული ახალგაზრდებით. კვლავაც კატეგორიულად იკრძალება საქართველოს ისტორიისა და გეოგრაფიის სწავლება. ნაცვლად ამისა, ასწავლიან რუსულ ენაზე დაბეჭდილ აფხაზეთის ისტორიას, რუსი ავტორების მიერ შექმნილ რუსეთის ისტორიას. სასკოლო ბიბლიოთეკებში აკრძალულია ქართული ენციკლოპედიებისა თუ კლასგარეშე საკითხავი სხვადასხვა ლიტერატურის შენახვაგამოყენებაც”, – ვკითხულობთ სახალხო ამცველის ანგარიშში.
დოკუმენტში ასევე საუბარია მოსწავლეების რაოდენობის კლებაზეც, რომლის თანახმად, წლიდან წლამდე იკლებს მოსწავლეების რაოდენობა ოკუპირებულ გალში. 2023-2024 სასწავლო წლის მონაცემებით, ოკუპირებული გალის რაიონში 30 სრული ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, 9 სკოლამდელი დაწესებულება, 5 სახელოვნებო სკოლა ფუნქციონირებს. სკოლებში, 2023 წლის იანვრის მდგომარეობით, მოსამზადებლიდან მე-11 კლასის ჩათვლით, 3443 მოსწავლე ირიცხება. მათი რიცხვი 2021-2022 სასწავლო წლის მონაცემებით 3770 იყო. 30-ვე სკოლაში დასაქმებულია 957 მასწავლებელი და ტექნიკური პერსონალი. საბავშვო ბაღებში ირიცხება 500-მდე აღსაზრდელი. 2022-2023 წლებში ეს რიცხვი 533-ს შეადგენდა.
შეიარაღებულ კონფლიქტებამდე, ოკუპირებული გალის რაიონში ფუნქციონირებდა 58 ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, რომელთაგან რუსული იყო ორი სკოლა, რუსულქართული – სამი, ხოლო ქართულ-აფხაზური – ერთი. დანარჩენ 52 სკოლაში სწავლება მთლიანად ქართულ ენაზე მიმდინარეობდა. სკოლებში ირიცხებოდა 13 180 მოსწავლე.
რაც შეეხება ოკუპირებულ ახალგორს, ამ ეტაპზე, ფუნქციონირებს მხოლოდ 6 ქართული სკოლა. აქედან, 5 სკოლაში მშობლიურ ენაზე სწავლა მიმდინარეობს მხოლოდ მე-11 კლასში. დანარჩენ შემთხვევაში ქართული ენა ისწავლება, როგორც უცხო ენის საგანი. 2023 სასწავლო წლის მონაცემებით, ახალგორის ქართულ სკოლებში, ჯამურად 36 მოსწავლე ირიცხება და 91 პედაგოგია დასაქმებული. 2022 წელს 53 მოსწავლე და 108 პედაგოგი იყო. ყოველივე ეს მდგომარეობის კიდევ უფრო გაუარესებაზე მიუთითებს.
სახალხო დამცველის შეფასებით, მშობლიურ ენაზე განათლების ხელმისაწვდომობის შეზღუდვა უარყოფით გავლენას ახდენს, როგორც მოსწავლეთა ქართული ენის ცოდნაზე, ისე განათლების ხარისხზე. არსებული რეალობის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, საქართველოს ხელისუფლების პროაქტიული ქმედებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსწავლეებისა და აბიტურიენტების უფლებების დასაცავად, მათ შორის, განათლების უფლების კონტექსტში, ვინაიდან დღეს არსებული მდგომარეობა გამოუსწორებელ ზიანს აყენებს ახალგაზრდების განათლებისა და განვითარების შესაძლებლობებს.
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება