GE

რომელი დავალებები გაუჭირდათ და რა მოეწონათ აბიტურიენტებს მათემატიკის ტესტში – შეფასებები თბილისიდან

დღეს მათემატიკის ერთიანი ეროვნული გამოცდიდან გამოსულ აბიტურიენტებში მცირე იყო იმ გამოსაცდელთა რიცხვი, ვინც ამბობდა, რომ ყველაფერი დაწერა. დილის სესიიდან გამოსული აბიტურიენტების უმეტესობა, როგორც დედაქალაქში, ისე რეგიონებში ამბობს, რომ გამოცდა რთული იყო, თუმცა არიან გამოცდის „მარტივად“ შემფასებლებიც. იყვნენ ისეთებიც, ვინც ტესტირება მისი დაწყებიდან ძალიან მოკლე დროში დატოვა და ამას იმით ხსნიდა, რომ „თავს ვერ გაართმევდა“.

რაც შეეხება სტატისტიკას, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24 საგამოცდო ცენტრში გამოცდის ჩასაბარებლად 95%-მდე გამოსაცდელი გამოცხადდა და არავის დაუგვიანია.

აბიტურიენტები გამოცდაზე შესვლამდე იმ თემატიკასაც ასახელებდნენ, რაც მათემატიკის ტესტებში ყველაზე მეტად აფრთხობდათ. ეს იყო ბრუნვითი სხეულები, საშუალო და არითმეტიკული პროგრესია და 4-ქულიანი დავალებები.

გამოცდის შემდეგ ჩვენს არაერთ ჟურნალისტთან გაკეთებულ აპლიკანტთა შეფასებებს რომ ვუსმენთ, ჩანს, რომ კმაყოფილები არ არიან. ზოგიერთი აბიტურიენტი კი ფიქრობს, რომ „წელს მათემატიკის საგანში ყველაზე მეტი ჩაჭრილი აბიტურიენტი იქნება“.

EDU.ARIS.GE შეეცადა, გაერკვია, რატომ მიიჩნევენ ტესტს გართულებულად და კონკრეტულად რომელი დავალებების შესრულება გაუჭირდათ 2023 წლის აბიტურიენტებს.

„გასულ წლებთან შედარებით, ძალიან რთული ტესტია. უფრო მეტი დრო დამჭირდა დასასრულებლად, ვიდრე ვვარაუდობდი. დაახლოებით 20 წუთით მეტი. განსაკუთრებით რთული არჩევით ბოლოიანი დავალებები იყო. მე სუსტ მოსწავლედ ვითვლები მათემატიკაში და მაინც ვფიქრობ, რომ ვინც გაძლიერებულად სწავლობს მათემატიკას, მათაც ძალიან გაუჭირდებოდათ“, – გვიხსნის 175-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული აბიტურიენტი, მარიამ ფილიევი.

თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრში მყოფი სალომე რთველიაშვილი გვიყვება, რომ ტესტები 2022 წლის ტესტებს ჰგავდა, მაგრამ იყო გამონაკლისი დავალებაც:

„როგორც ვიცი, არც ერთ ეროვნულზე არ მოსულა ამოცანები ბირთვზე და ამ წელს სწორედ ბირთვზე იყო. 2022 წლის ეროვნულებს ჰგავდა, მსგავსი იყო, მაგრამ – ტესტურები შედარებით მარტივი. ისიც უნდა ვთქვა, რომ ერთქულიანებში ორქულიანები იყო შემოსული. ჟურნალისტიკაზე ვაბარებ თსუ-ში, მეოთხე საგნის იმედი მაქვს და ამ გამოცდით საშუალოდ კმაყოფილი ვარ“.

„წილადები და პროცენტები საერთოდ არ შემხვდა. მოკლედ, სასწაულები იყო“, – ამბობს მარიამ ჩიკვაიძე 207-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან, რომელსაც ტესტი რთული მოეჩვენა.

ამავე ცენტრიდან გამოსულმა ნიკო მდინარაძემ კი ტესტს საშუალო სირთულის უწოდა და თქვა, რომ არც საკუთარი თავით არის უკმაყოფილო.

„5-6 ლოგარითმი იყო. 4 საკითხი ფუნქციებზეც შემხვდა, მაგრამ ეგენი ძირითადად ტესტურები იყო. 3 ამოცანაც იყო მოცემული და შეძლებისდაგვარად დავწერე. საბოლოოდ კმაყოფილი ვარ, ვფიქრობ, ტესტურები თითქმის ყველა სწორად მექნება“, – გვითხრა მან.

გიორგი ბუთხუზი კი, რომელი კომპიუტერულ მეცნიერებებზე აბარებს, ვარაუდობს, რომ მათემატიკის გამოცდაზე, გასულ წლებთან შედარებით, წელს უფრო მეტი ჩაჭრილი აბიტურიენტი იქნება. საკუთარ პროგნოზს გიორგი რამდენიმე მიზეზით ხსნის:

„პირველი მიზეზი ისაა, რომ წელს ძალიან ბევრი აბიტურიენტია რეგისტრირებული. მეორე და ვფიქრობ, მთავარი მიზეზი ისაა, რომ აბიტურიენტებს მათემატიკა მეოთხე საგნად აქვთ არჩეული და მათთვის ეს პრიორიტეტული საგანი არ არის. რასაკვირველია, ერთ-ერთი მიზეზი წლევანდელი ტესტის სირთულეა, თუმცა ვვარაუდობ, რომ ძლიერ მოსწავლეებს მაინც არ გაუჭირდებოდათ. კონკურენცია მაღალი იქნება, ამას ვხვდები“.

მარიამ ბენდელიანი, რომელმაც გამოცდა მუხიანის ცენტრში ჩააბარა, ტესტურ დავალებებს არც მარტივად და არც ზედმეტად რთულად აფასებს:

„არჩევით ბოლოიანი კითხვების რაოდენობა ტესტში გაზრდილი იყო, როგორც ამბობდნენ, ისე შემოვიდა – ზუსტად 37 დავალება გვქონდა შემოსახაზი. რთული იყო 4-ქულიანი დავალებები. როგორც ვვარაუდობდით, არითმეტიკული და გეომეტრიული პროგრესიიდანაც იყო დავალება. ბრუნვით სხეულებზე არ ყოფილა. ყველა საკითხი იყო ჩვენი პროგრამიდან – მასწავლებლები რა საკითხებზეც გვავარჯიშებდნენ“.

აბიტურიენტი თბილისის 177-ე საჯარო სკოლაში გახსნილი საგამოცდო ცენტრიდან, ნურლან ალახვერდიანი გვიყვება, საერთო ჯამში, ტესტი გასულ წლებთან შედარებით მარტივად ჩათვალა:

„არითმეტიკული პროგრესია ჭარბობდა საკითხებში, გამოთვლები იყო, წილადები და ა.შ. მხოლოდ ოთხი ამოცანა იყო. ჩემი აზრით, 37-მა შემოსახაზმა დავალებამ საქმე გაამარტივა. ტექნიკურ უნივერსიტეტში მინდა ჩაბარება და მათემატიკა ბევრად მირჩევნია, მიყვარს ციფრებთან მუშაობა და საბოლოოდ, ძალიან კმაყოფილი ვარ“.

მეტი შემოსახაზი დავალებით კმაყოფილია ლუკა გოძიაშვილიც, რომელიც ამბობს, რომ მათემატიკა არჩევით საგნად იმიტომ აირჩია, რომ მასში კარგად ერკვევა:

„მეტი შემოსახაზი იყო და მე გამიმარტივდა. მართლა ძალიან კმაყოფილი ვარ. გაუში ვაბარებ, ინფორმაციულ ტექნოლოგიებზე. ორი ვარიანტი იყო – ან ფიზიკით უნდა ჩამებარებინა, ან მათემატიკით და მე მათემატიკა ვარჩიე, რადგან ბევრად კარგად ვერკვეოდი“.

EDU.ARIS.GE შეგახსენებთ, რომ აბიტურიენტთა მათემატიკის ტესტში 2023 წელს გარკვეული ცვლილებები შევიდა. კერძოდ, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ცნობით, 2023 წელს, მათემატიკის ტესტი შედგენილია 41 დავალებისაგან.
ტესტში გაიზარდა არჩევითპასუხიანი დავალებების წილი, კერძოდ, მოცემულია 37 არჩევითპასუხებიანი დავალება.

„ასევე იქნება 4 ღია, წერითი დავალება. ღია დავალებები იქნება სამქულიანი (2 დავალება) და ოთხქულიანი (2 დავალება). შესაბამისად, ღია დავალებების მაქსიმალური ჯამური ქულა იქნება 14. ტესტის მაქსიმალური ქულა იგივე დარჩება (51). ტესტის შესრულებისათვის გამოყოფილი დრო კვლავ 3 საათი დარჩა. აბიტურიენტს კი ზღვარი გადალახულად ჩაეთვლება, თუ დააგროვებს მაქსიმალური ქულის 20%-ზე მეტს“, – განმარტა ცვლილებების გამოცხადების დროს გამოცდების ცენტრმა.

ტესტის ნიმუში

რა შედეგს დადებენ აბიტურიენტები მათემატიკის საგანში და იქნება თუ არა სხვაობა გასული წლების სტატისტიკასთან, ამას აგვისტოში გავიგებთ. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მონაცემებით, მათემატიკის საგანს წელს 15 700-ზე მეტი აპლიკანტი აბარებს, რაც გასულ წლებთან შედარებით, გაზრდილი რაოდენობაა.

ასევე იხილეთ:

„ქართულის თემაში ბევრი პარალელი სახიფათოა“, – როგორ დავწეროთ კარგი თემა მისაღებ გამოცდაზე

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

მოამზადეს: მზეო შველიძემ, ბაჩანა ტყემალაძემ და დავით ოქროპირიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური