GE

რომელი უნივერსიტეტი ავსებს კონტინგენტს მისაღები გამოცდების შედეგებით?! – პატარა უნივერსიტეტის დიდი წარმატების საიდუმლო

ქუთაისის ცენტრალურ ნაწილში, წერეთლის ქუჩაზე ერთი გამორჩეული შენობა მდებარეობს, სადაც ქუთაისის უნივერსიტეტია განთავსებული, მისი მისამართი ქუთაისში ყველამ იცის, თუმცა “ქუთაისის უნივერსიტეტის” ნაცვლად, ყველა ქელბაქიანის უნივერსიტეტად მოიხსენიებს. არც არის გასაკვირი, 23 წლის წინ სასწავლებელი იურისტ რევაზ ლაღიძესთან ერთად აკადემიკოსმა ვალერიან ქელბაქიანმა დაარსა და გარდაცვალებამდე მისი პირველი რექტორი იყო. ბოლო 12 წლის განმავლობაში კი უნივერსიტეტს მისი ქალიშვილი ლელა ქელბაქიანი ხელმძღვანელობს.

როგორც რექტორი ამბობს, ამ მცირე ზომისა და არც თუ ისე დიდი ისტორიის უნივერსიტეტმა გასულ წელს მოახერხა, აღმოჩენილიყო საქართველოს ტოპ 5 უნივერსიტეტს შორის, რომლებმაც ეროვნული გამოცდების შედეგად სრულად შეავსეს კონტინგენტი და რაც ასევე არანაკლებ მნიშვნელოვანია, ქართულ უნივერსიტეტებს შორის ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტების რაოდენობის მიხედვით მე-8 ადგილი დაიკავა. “ქუთაისის უნივერსიტეტი” თბილისის გარეთ მდებარე ერთადერთი ავტორიზებული კერძო უმაღლესი სასწავლებელია, რომელსაც სწავლების სამივე საფეხური აქვს და კონკურენციას სახელმწიფო სასწავლებლებსაც უწევს, 2013 წლის მონაცემებით, საკმაოდ წარმატებითაც.

სასწავლებლის 23-წლიან ისტორიაზე, წარმატების ფაქტორებსა და სამომავლო ხედვებზე Aris.ge-განათლებას უნივერსიტეტის რექტორი ლელა ქელბაქიანი დეტალურად ესაუბრა.

– ამ თორმეტი წლის მანძილზე საუნივერსიტეტო ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამ შეიცვალა. ჩემი რექტორობის პირველი წლები ქვეყანაში განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმებს დაემთხვა. 2004 წლიდან, როდესაც ზედიზედ ჩატარდა ინსტიტუციური აკრედიტაციის პირველი და მეორე ეტაპი და მთელს საქართველოში მხოლოდ 32 აკრედიტებული უმაღლესი დარჩა “ქუთაისის უნივერსიტეტს” ფუნქციონირება ერთი დღითაც არ შეუწყვეტია. ყველა ეტაპი წარმატებით გავიარეთ და განვითარების ძალიან დიდი ნაბიჯები გადავდგით წინ.

– თავდაპირველად,უნივერსიტეტში სამართალმცოდნეობა, ოფისის მენეჯმენტი, ინფორმაციული ტექნოლოგიები, უცხო ენა ისწავლებოდა, დღეს კი სწავლებას მხოლოდ ეკონომიკისა და ბიზნესის მიმართულებებზე ახორციელებთ, რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიზეზი?

– 2006 წელს უნივერსიტეტში სტუდენტთა კონტინგენტის მაქსიმალური რაოდენობა 430 იყო. რესურსების ოპტიმიზაციის მიზნით, გადავწყვიტეთ,პრიორიტეტად ის მიმართულება აგვეღო, სადაც მაღალკვალიფიციური პროფესორ–მასწავლებელი და აკადემიური პერსონალი გვყავდა. ამის შემდეგ სხვა მიმართულებებზე მიღება აღარ გაგვიკეთებია დაპროფილური სასწავლებელი გავხდით. თბილისს გარეთ ეს ერთადერთი კერძო უნივერსიტეტია, რომელსაც სწავლების ყველა საფეხური აქვს (ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა). მინდა აღვნიშნო, რომ უკვე მეხუთე წელია, რაც სადოქტორო პროგრამებს ვახორციელებთ და წელს პირველად გვყავს კურსდამთავრებული, რაც იმის დასტურია, რომ სადოქტორო პროგრამები უნივერსიტეტს კომერციული ინტერესისთვის არ გაუხსნია და ამ საფეხურზე მაღალი ხარისხის შენარჩუნება ჩვენთვის პრესტიჟის საკითხია.

– წელს რამდენი სტუდენტი სწავლობს თქვენს სასწავლებელში და რამდენის მიღებაზე გაქვთ განაცხადი გაკეთებული?

– დღეს 550 სტუდენტი გვყავს და განაცხადი 250 სტუდენტზე გავაკეთეთ. ცოტა ხნის წინ ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებით მისაღები სტუდენტების რაოდენობა 1000-მდე გაგვეზარდა, მაგრამ წელს ამდენს ვერ მივიღებთ, რადგან კვოტა მას შემდეგ გავზარდეთ, როცა განაცხადის გაკეთების ვადები უკვე ამოწურული იყო. თუმცა ვთვლი, რომ მხოლოდ ქართულ ბაზარზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებული. ინგლისურენოვანი სექტორის ამუშავებას ვგეგმავთ, გვყავს პერსონალი და გვაქვს კავშირები. ცხადია, საწყის ეტაპზე ევროპელი სტუდენტებით განებივრებულები არ ვიქნებით, გათვლა უფრო ინდოელ და პაკისტანელ სტუდენტებზე გვაქვს. თუმცა წელს პირველად ჩავერთეთ ვმონაწილეობთ “ერაზმუს მუნდუსის” გაცვლით პროგრამაში და მომავალი სასწავლო წლიდან ესპანელი სტუდენტიც გვეყოლება, რომელმაც მობილობით სწორედ “ქუთაისის უნივერსიტეტი” აირჩია. ასევე, გვახარებს ის ფაქტი, რომ პროექტის პირველსავე წელს “ქუთაისის უნივერსიტეტის” ხუთმა სტუდენტმა გაიმარჯვა კონკურსში და მომავალი წლიდან ისინი სწავლას ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში გააგრძელებენ – ოთხი მათგანი ბაკალავრიატში, ერთი კი მაგისტრატურაში.

– აქვს თუ არა “ქუთაისის უნივერსიტეტს” კონტიგენტის შევსების პრობლემა?

– ფაქტია, რომ ბოლო ორი წლის მანძილზე ჩვენს უნივერსიტეტს არც ერთი ვაკანტური ადგილი არ დარჩენია. შევსების პრობლემა არასდროს გვქონია. ორი წლის წინ რვა უნივერსიტეტი იყო, რომლებიც პირველადი შედეგების გამოცხადებისთანავე შეივსო, მათ შორის ვიყავით ჩვენც. წინა წელს კი სულ 5 უნივერსიტეტი და ჩვენ კვლავაც მათ რიცხვში მოვხვდით. ეს მხოლოდ ერთი რომელიმე ფაქტორის გამო არ ხდება –ფაქტორების თანხვედრაზე მიუთითებს.

– რა ფაქტორებს გულისხმობთ? რატომ ირჩევენ აბიტურიენტები “ქუთაისის უნივერსიტეტს”?

– პირველ რიგში ეს არის სწავლების ხარისხი, მაღალკვალიფიციური პროფესურა, მისაღები ფასები, თბილი და ოჯახური გარემო. თითოეულ სტუდენტთან ინდივიდუალური მიდგომა გვაქვს, ჩვენთან ყველა სტუდენტი ინდივიდია. ჩვენი სლოგანიც ხომ თითოეულს ინდივიდუალურად მიმართავს – “შენი წარმატება იწყება აქ!”

– რომელია რეგიონში თქვენი კონკურენტი უმაღლესი სასწავლებელი?

– ქუთაისში სულ ორი უმაღლესია,ჩვენი და აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი. შესაბამისად, კონკურენტიც სწორედ ის არის. თუმცა პირდაპირ ასეც ვერ ვიტყვით, რადგან მათ სწავლების სხვა მიმართულებებიც აქვთ, უბრალოდ ჩვენ ვეჯიბრებით ბიზნესისა და ეკონომიკის მიმართულებაში და მინდა გითხრათ, რომ წარმატებითაც. თავდაპირველად, მაშინ, როდესაც კერძო უნივერსიტეტები ძალიან სწრაფად იხსნებოდნენ და იხურებოდნენ ძნელი იყო საზოგადოება დაგერწმუნებინა, რომ შენი უნივერსიტეტიც ერთ–ერთი მათგანი არ იყო. საზოგადოებაც ირჩევდა სახელმწიფო სასწავლებელს, მაგრამ ჩვენ ჩვენი სტაბილურობითა და 23 წლის მანძილზე მხოლოდ წინ გადაგმული ნაბიჯებით მოვახერხეთ საზოგადოებაში ამ ბარიერის გადალახვა. თუ შევადარებთ სტუდენტების უნივერსიტეტებში მიგრაციას, ძალიან ცოტაა მათი რიცხვი, ვინც ჩვენგან წერეთლის უნივერსიტეტში გადადის, იქიდან კი ჩვენთან სასწავლებლად გაცილებით მეტი გადმოდის. მუდმივად ვატარებთ სტუდენტების აზრის კვლევას, რატომ გადმოდიან, ან რატომ ირჩევენ ჩვენს სასწავლებელს. ვცდილობთ,შეცდომები აღმოვფხვრათ და პრობლემური მხარეები გავაუმჯობესოთ. მობილობით გადასვლის შემთხვევებსაც ვიკვლევთ და ეს ძირითადად მაშინ ხდება, როდესაც სტუდენტი საცხოვრებელ ქალაქს იცვლის. ჩვენ არ გვაქვს უნივერსიტეტში ბავშვის დამაგრების პრობლემა. გვქონია შემთხვევები, როდესაც პირველ კურსზე თბილისში მცხოვრები აბიტურიენტი მოხვედრილა, მაგრამ ჩვენი გარემოსა და ხარისხის გამო, მობილობით არ უსარგებლია და ბოლომდე ჩვენთან დარჩენილა.

– ქალბატონო ლელა, თქვენ ახსენეთ რომ “ქუთაისის უნივერსიტეტში” სწავლების გადასახადი მისაღებია– რა ღირს თქვენთან სწავლა და რა ფინანსური მხარდაჭერის პროგრამები მოქმედებს სტუდენტებისთვის?

– მაქსიმალური გადასახადი 2250 ლარია. თუმცა გვაქვს მარკეტინგული გათვლა– თუკი სტუდენტი ჩვენთან ხვდება პირველი არჩევანით მას 10%-იან ფასდაკლებას ვუკეთებთ, ხოლო თუ პირველი სამი ფაკულტეტი ჩვენი უნივერსიტეტის აქვს მითითებული, მაშინ 20%-იან ფასდაკლებას. გარდა ამისა, სტუდენტებს ვთავაზობთ სწავლის გადასახადის რეალურად 0%-იან განვადებას. უკვე ზედიზედ მეხუთე წელია ვატარებთ შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსს – ზოგად უნარებში ტესტირებას, რომელსაც ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატით წარვმართავთ. საუკეთესო ქულების მქონე სტუდენტი 100%-იანი საუნივერსიტეტო გრანტით ფინანსდება, იმ შემთხვევაში თუკი სტუდენტი სახელმწიფო სასწავლო გრანტსაც მოიპოვებს, უნივერსიტეტი აღნიშნულ თანხას სტიპენდიის სახით უნარჩუნებს. ჩვენ არ ვართ მხოლოდ მოგებაზე ორიენტირებული. ჩვენი მიზანი დღეს მიღებული მაქსიმალური მოგება არ არის. შემოსულ თანხას ისევ უნივერსიტეტის განვითარებაში ვაბრუნებთ.

– რამდენად კონკურენტუნარიან კადრებს ზრდის თქვენი სასწავლებელი და სად საქმდებიან ძირითადად თქვენი კურსდამთავრებულები?

– ბევრ პროფილურ დაწესებულებასთან მემორანდუმები გვაქვს გაფორმებული. ჩვენს სტუდენტებს პრაქტიკის საშუალებაც აქვთ. მესამე კურსიდან უკვე საქმდებიან. თუ ჩნდება ვაკანსიები, კომპანიები გვიკავშირდებიან. გარდა ამისა, გვაქვს კარიერის განვითარების ცენტრი, რომელიც სტუდენტებს სივებისა და სამოტივაციო წერილის მომზადებასა და ვაკანსიების მოძიებაში ეხმარება. სასწავლებელში კურსდამთავრებულთა ასოციაცია მოქმედებს, მუდმივად ვანახლებთ ბაზებს, სად არიან, რას აკეთებენ?! ჩვენი კურსდამთავრებულების 45% დასაქმებულია და თავისი პროფილით მუშაობს. თუ გავითვალისწინებთ, რომ დედაქალაქთან შედარებით ქუთაისში სამუშაო ადგილები უფრო ცოტაა, ეს პროცენტული მაჩვენებელი დაბალი ნამდვილად არ არის.

– პრობლემებზე რას გვეტყვით? რა არის ქუთაისის უნივერსიტეტს სუსტი წერტილი?

– ჩვენს უნივერსიტეტს საუკეთესო პროფესურა ჰყავს, თუმცა არსებობს ენობრივი ბარიერი. ახალ კადრებს ინგლისური ენის სრულყოფილ ცოდნას ვთხოვთ, უკვე არსებულთ კი, ვისაც უცხო ენის არასაკმარისად მაღალი დონე აქვთ, ვცდილობთ, ენის შესწავლის საშუალება მივცეთ. ინტელექტუალური რესურსისა და პოტენციალის, ანუ ახალი თაობის ქუთაისში დამაგრება საკმაოდ პრობლემატურია, ისინი ძირითადად თბილისში მიდიან, იქ სწავლობენ და სამუშაოდაც იქ რჩებიან. აღიარებული ფაქტია, რომ საუკუნეების მანძილზე თბილისს ინტელექტუალური რესურსით სწორედ ქუთაისი ამარაგებს. მაგრამ თუ სტუდენტებს ვაჩვენებთ, რომ მაღალი ხარისხის განათლების მიღება აქაც შესაძლებელია, ისინი დარჩებიან და არ დატოვებენ ქალაქს. პრობლემურია კიდევ ერთი საკითხი, წლიდან წლამდე უნვერსიტეტში შემომსვლელი ახალგაზრდების განათლების დონე დაბლა იწევს. ზოგადი უნარების მათემატიკური ნაწილი არც ისე რთულია, სამწუხაროდ, ერთიანმა ეროვნულმა გამოცდებმა ამ ფორმით თავისი შესაძლებლობები ამოწურა, რადგან აბიტურიენტებმა ტესტის შევსების მექანიზმი ამოიცნეს.

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან თუ გაქვთ მჭიდრო ურთიერთობა და რამდენად არის უწყება ჩართული თქვენს საქმიანობაში?

– განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთან ურთიერთობა ფაქტიურად არ გვაქვს, კოორდინაცია ხარისხისგანვითარების ეროვნულ ცენტრთან უფრო გვაქვს, რომელსაც სასწავლებლების ავტორიზაცია– აკრედიტაციის საკითხი და ზოგადად სწავლების ხარისხის განვითარებაზე ზრუნვა აბარია. მათთან ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ. მე თავადაც ვიყავი ექსპერტი და ვმონაწილეობდი სხვა უნივერსიტეტებისთვის ავტორიზაცია–აკრედიტაციების მინიჭების პროცესში. მიზეზი ჩემი “გაექსპერტებისა” მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა იყო. უნდა მცოდნოდა ყველა დეტალი და ნიუანსი. თუ რას ექცევა ყურადღება შემოწმების პროცესში. ასე რომ, ჩვენ სიახლეებს მოკლებული არ ვართ. საბედნიეროდ, სამინისტროს გადაწყვეტილებით სასწავლო გრანტის განაწილების პრინციპი უცვლელი დარჩა, ის სტუდენტს მოჰყვება და არა სასწავლებელს. თუმცა უნდა ვთქვა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებამ, სახელმწიფო უნივერსიტეტებში 17 უფასო მიმართულების შემოღების შესახებ, სახელმწიფო და კერძო სასწავლებლები კონკურენციის თვალსაზრისით არათანაბარ პირობებში ჩააყენა. როცა ამ ინიციატივაზე წერილობით მაცნობეს, მე ჩემი აზრი დავაფიქსირე, თუმცა ეტყობა, უმრავლესობისთვის ის მისაღები არ იყო და გაკეთდა ისე, როგორც გაკეთდა.

– და ბოლოს, სამომავლო გეგმებზე მინდა გკითხოთ, რა შეიძლება შეიცვალოს “ქელბაქიანში”?

– მოკლევადიან გეგმებს გაგიმხელთ, უკვე დაგვიგროვდა სამართლის მიმართულებაზე მაღალკვალიფიციური პროფესურა და გვინდა,რომ მომავალი წლიდან აბიტურიენტებს სამართლის მიმართულებაც შევთავაზოთ. გარდა ამისა, წელს უკვე უცხოენოვან პროგრამებს შევიტანთ აკრედიტაციაზე. გაჩერებას არ ვაპირებთ, ქუთაისის უნივერსიტეტი ყოველთვის იყო და იქნება მზად ახალი გამოწვევებისათვის.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური
ეკა არის© წივწივაძე Aris.ge-განათლების ჟურნალისტი