GE

რომელია სწორი: გითხარი, დაგირეკავ -თქო თუ დაგირეკავ-მეთქი – სხვათა სიტყვის ხმარების საკითხები გრამატიკულ ცნობარში

თანამედროვე მეტყველებაში ფართოდაა გავრცელებული სხვათა სიტყვის ნაწილაკიანი ფორმების არასწორი გამოყენების შემთხვევები. სამწუხაროდ, მცდარ ფორმებს მხოლოდ ყოველდღიურ მეტყველებაში არ ვხვდებით. მათ ვკითხულობთ პრესაში და გვესმის სხვადასხვა სატელევიზიო პროგრამებშიც.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს თქო ნაწილაკის ხმარების შემთხვევები  მეთქი  ნაწილაკის ნაცვლად.

 არასწორია:                                                                    სწორია:

გითხარი, დაგირეკავ -თქო                                                      გითხარი, დაგირეკავ-მეთქი

ვიფიქრე, წავალ-თქო                                                               ვიფიქრე, წავალ-მეთქი

ვიგულისხმე, გავაკეთებ-თქო                                                  ვიგულისხმე, გავაკეთებ-მეთქი

ვთქვი, გამოგივლი -თქო                                                         ვთქვი, გამოგივლი-მეთქი

მეთქი, –თქო/-თქვა და ნაწილაკები ქართულ ენაში სხვათა სიტყვის ნაწილაკების სახელწოდებითაა ცნობილი. მათ სიტყვა-სიტყვით ნაწილაკებსაც უწოდებენ.  ამ ნაწილაკების საშუალებით ჩვენ შეგვიძლია სიტყვა-სიტყვით გავიმეოროთ საკუთარი ან სხვათა მიერ ადრე გამოხატული აზრი, ნაფიქრი თუ განზრახვა.

მეთქი – ეს ნაწილაკი წარმომდგარია ორი სიტყვის შეერთებით: ,,მე ვთქვი”  და გამოხატავს პირველი პირის (მოსაუბრის) ნათქვამის ან განზრახვის გამეორებას.

მაგალითად

ვუთხარი, გაგიკეთებ-მეთქი.

ვთქვი ჩემს გულში, ამ კაცს ეს რა ემართება-მეთქი.

გავიფიქრე, ნეტავ არ გაწვიმდეს-მეთქი.

მრავლობით რიცხვში მეთქი ნაწილაკის ნაცვლად ნაწილაკი იხმარება.

მაგალითად: მუდამ იმას ვამბობდით, ის ადამიანია პატივსაცემი, ვინც საქმით ქვეყანას ემსახურებაო.

თქო/-თქვა – ეს ნაწილაკი იხმარება პირველ პირთან, როდესაც პირველი ანუ მოუბარი პირი სთხოვს ან ავალებს მეორე პირს, რომ მისი ნათქვამი ან დანაბარები გადასცეს  სხვას  ანუ მესამე პირს.

მაგალითად

შენს მეგობარს გადაეცი, მალე მოდი-თქო.

დედას უთხარი, ფქვილი აღარ მჭირდება-თქო.

აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ ამ ორი პარალელური ფორმიდან თქვა ფორმა დიალექტურია. სალიტერატურო ქართულში თქო ფორმაა დამკვიდრებული.

  –  ეს  ნაწილაკი ანუ ,,სხვათა სიტყვის ო” გამოხატავს მესამე პირის ანუ სხვის მიერ ნათქვამს ან მის განზრახვას.

მაგალითად

მასწავლებელმა მითხრა, გაკვეთილზე ნუ იგვიანებო.

ბებომ მთხოვა, სათვალე მომაწოდეო.

გიორგიმ შემოგითვალა, სახლში ერთად წავიდეთო.

ნაწილაკი ხშირად იხმარება ანდაზებსა და თითქოს ნაწილაკიან წინადადებებში.

მაგალითად:

ზარმაცისათვის ყოველი დღე უქმეაო.

მოთმინება – სამოთხის გასაღებიაო.

ცა ისე მოიქუფრა, თითქოს წვიმას აპირებსო.

აქვე ყურადღება უნდა გავამახვილოთ -მეთქი, -თქო/-თქვა და -ო ნაწილაკების მართლწერის საკითხებზეც.

1. –მეთქი და თქო/-თქვა ნაწილაკები წანადადების წევრისგან დეფისით უნდა გამოვყოთ, ნაწილაკი კი წინადადების წევრთან ერთად, შერწყმულად იწერება. ზემოაღნიშნული ნაწილაკები, როგორც წესი, შემასმენელს დაერთვიან.

2. –მეთქი, თქო/თქვა და ნაწილაკიანი სხვათა სიტყვა ბრჭალებში არ ჩაისმის.

3. მარტივ წინადადებაში ნაწილაკიანი წევრი წინადადების ბოლოში უნდა დავწეროთ. სხვა ადგილას ნაწილაკიანი წევრის დასმა მხოლოდ იმ შემთხვევაშია შესაძლებელი, თუ იგი ზმნაა.

გრამატიკული ცნობარის სხვა გაკვეთილები

რუბრიკის ავტორი: ნინო გელაშვილი, ფილოლოგი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური