გამეორება, როგორც მხატვრული ხერხი – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის
გამეორება, როგორც მხატვრული ხერხი, აზრის ემოციურად, შთამბეჭდავად, ლამაზად გადმოცემის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა. აქ დიდი მნიშვნელობა ენიჭება მწერლის პოეტურ ალღოსაც, რომელიც გრძნობს, წინადადების რომელ ადგილას გაიმეოროს შერჩეული სიტყვა, გამოთქმა თუ წინადადება.
მაგალითისათვის ავიღოთ კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის მარჯვენიდან“ ერთ-ერთი მონაკვეთი: „ბოლოს მოაწია რიჟრაჟმა. ატყდა ნათლის ლიცლიცი გარეთ… შორენა ჩამოვიდა კედლიდან, ხატაური ფარჩის კაბა ეცვა შავი, ოქროსფერი თმები გადმოღვრილიყვნენ მხრებზე, მოდიოდა ყაყაჩოების ველზე. თავთუხის თაველებს ესროდა უტას, ყაყაჩოებსა და თავთუხის თაველებს“. აქ ყაყაჩოები გამეორებულია მეორე წინადადებაში და მას რომ ადგილი შევუცვალოთ, ასეთ სურათს მივიღებთ: …. თავთუხის თაველებს ესროდა უტას, თავთუხის თაველებსა და ყაყაჩოებს. როგორც ვხედავთ, მეორე წინადადებაში „ყაყაჩოების“ ადგილის შეცვლამ წინადადებას დაუკარგა ლირიულობა და პროზაული გახადა.
მხატვრული განმეორება, რა თქმა უნდა, განსხვავდება ტავტოლოგიისაგან, რომელიც ერთი და იმავე სიტყვის უხეში გამეორებაა, მაგ.ძობანა უკანა ფეხებით ჩამოცუცქდება და ელოდება პატრონს. ძობანას ჭკვიანი თვალები აქვს. მეორე წინადადებაში სრულიად ზედმეტია ძობანას გამეორება (ტავტოლოგიაა), რადგან ისედაც ცხადია, რომ საუბარი მასზეა(ძობანაზეა). ამიტომ ძობანას ადგილზე ჯობია ძაღლის ხმარება, რაც შესანიშნავ მწერალს გოდერძი ჩოხელს არც შეშლია: „ ძობანა უკანა ფეხებით ჩაცუცქდება და ელოდება პატრონს. ძაღლს ჭკვიანი თვალები აქვს“(გ. ჩოხელი „ძობანა“).
პოეტური გამეორება მწერლებისთვის მძლავრი იარაღია, რათა სათქმელს მიანიჭონ განსაკუთრებული მნიშვნელობა, მკითხველს აქცენტი გადაატანინონ ემოციურ განწყობაზე და მათში აღძრან გრძნობები, მუსიკალური ჟღერადობა შესძინონ სიტყვას, წინადადებას, სტროფს/ტაეპს:
„როგორმე ზამთარს თუ გადავურჩი,
როგორმე ქარმა თუ მიმატოვა!
არის გზა, არის ნელი თამაში…
და შენ მიდიხარ მარტო, სულ მარტო!“ ( გალაკტიონი)
მხატვრული გამეორებისას შეიძლება მეორდებოდეს არამარტო სიტყვა, არამედ მარცვალიც:
„გაჰკვეთე ქარი, გააპე წყალი, გარდამატარე კლდენი და ღრენი“ (ნ.ბარათაშვილი)
შეიძლება მეორდებოდეს წინადადება და შესიტყვებაც. გალაკტიონის პოეზია ამ მხრივ ამოუწურავია:
იმ ვარდისფერ ატმებს მოვიგონებ კვლავ…
იმგვარადვე მდევ… იმგვარადვე მკლავ. ო, როგორ მომწყურდი! მწუხარეა დღე.
იმგვარივე ცა, იმგვარივე ხე…
იგივ ქარი დაჰქრის, იღუნება ბზა.
იმგვარივე მზე, იმგვარივე გზა.
ძლიერ… ძლიერ… ძლიერ… ვეტყვი ზენა ქარს.
იმგვარივე ხმით იმგვარსავე ზარს. (იმ ვარდისფერ ატმებს)
ქარი ქრის ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის
ფოთლები მიჰქრიან ქარდაქარ
ხეთა რიგს, ხეთა ჯარს რკალად ხრის
სადა ხარ, სადა ხარ, სადა ხარ.
ისევ წვიმს, ისევ თოვს, ისევ თოვს
ვერ გპოვებ ვერასდროს, ვერასდროს
შენი მე ხატება დამდევს თან,
ყოველთვის, ყოველ დროს, ყოველგან
შორი ცა ნისლიან ფიქრებს ცრის,
ქარი ქრის, ქარი ქრის, ქარი ქრის.
იპოვეთ შედარებები:
1. ჰე, ცაო, ცაო, ხატება შენი ჯერ კიდევ გულზედ მაქვს დაჩნეული!
2. ამგვარი იყო მთაწმინდაზედ შემოღამება!ჰოი, ადგილნო, მახსოვს, მახსოვს, რასაც ვჰფიქრობდი
მე თქვენთა შორის და ან რასაც აღმოვიტყოდი!
3. მირბის, მიმაფრენს უგზო-უკვლოდ ჩემი მერანი, უკან მომჩხავის თვალ-ბედითი შავი ყორანი.
4. ნუ დავიმარხო ჩემსა მამულში, ჩემთა წინაპართ საფლავებს შორის, ნუ დამიტიროს სატრფომ გულისა, ნუღა დამეცეს ცრემლი მწუხარის.
5. წარვედ წყალის პირს სევდიანი ფიქრთ გასართველად,
აქ ვეძიებდი ნაცნობს ადგილს განსასვენებლად;
აქ ლბილს მდელოზედ სანუგეშოდ ვინამე ცრემლით,
აქაც ყოველი არემარე იყო მოწყენით;
ნელად მოღელავს მოდუდუნე მტკვარი, ანკარა და მის ზვირთებში კრთის ლაჟვარდი ცისა კამრა, იდაყვ-დაყრდნობილ ყურს ვუგდებდი მე მისსა ჩხრიალსა და თვალნი რბიან შორად, შორად, ცის დასავალსა.
6. ცისა ფერს, ლურჯსა ფერს,
პირველად ქმნილსა ფერს
და არ ამ ქვეყნიერს,
სიყრმიდგან ვეტრფოდი.
7. ცა მტრედისფერ, ლურჯ სვეტებით ისე არის დასერილი,
ისე არის სავსე გრძნებით, ვით რითმებით ეს წერილი.
საიდუმლო შუქით არე ისე არის შესუდრული,
ისე სავსე უხვ გრძნობებით, ვით ამ ღამეს ჩემი გული.
8. მხოლოდ ღამემ, უძილობის დროს სარკმელში მოკამკამემ,
იცის ჩემი საიდუმლო, ყველა იცის თეთრმა ღამემ.
იცის – როგორ დავრჩი ობლად, როგორ ვევნე და ვეწამე,
ჩვენ ორნი ვართ ქვეყანაზე: მე და ღამე, მე და ღამე!
9. მზეო თიბათვისა, მზეო თიბათვისა,
ლოცვად მუხლმოყრილი გრაალს შევედრები.
10. გაშალა ველი ნელმა ნიავმა,
და მელანდება მე მის წიაღში
მოხუცი მამა, მოხუცი მამა
სასხლავით ხელში დადის ვენახში.
სავარჯიშოს მაგალითები მოყვანილია ნიკოლოზ ბარათაშვილისა და გალაკტიონ ტაბიძის პოეზიიდან
ასევე იხილეთ:
ჰიპერბოლა, ლიტოტესი და გაპიროვნება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის
მეტაფორა და შედარება – მაგალითები და სავარჯიშო მეცადინეობისთვის