GE

რვა შვილის სტუდენტი დედა: ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია სამსახური და ოჯახი შევუთავსო ერთმანეთს

რვა შვილის დედა ბარბარე გალიბინი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კურსის სტუდენტია. იგი ტყუპებზე იყო ფეხმძიმედ, როდესაც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე დარეგისტრირდა, წარმატებით ჩააბარა ყველა საგანი და სასურველ ფაკულტეტზეც მოხვდა.

35 წლის ბარბარე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მომზადების ინტეგრირებული საბაკალავრო-სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის სტუდენტია. ამბობს, რომ 5 წელიწადში, სანამ ის უნივერსიტეტს დაამთავრებს, მისი შვილებიც წამოიზრდებიან და მუშაობასაც შეძლებს.

მას 10 წლის მათე, 9 წლის ანა, 7 წლის ნინო, 5 წლის იოანე,  4 წლის ლუკა,  2 წლის მართა და 6 თვის ტყუპები: მარკოზი და მარიამი ჰყავს.  ბარბარეს მეუღლე, კაპიტანი ბესარიონ მელიქიძე,ზაზა ფერაძის სახელობის საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში მსახურობს. ის ამავე დროს ახალქალაქის მთავარანგელოზ მიქაელის  სახელობის ტაძრის სტიქაროსანია.

ბარბარეს ოჯახი ახლაქალაქში ცხოვრობს, ხოლო საუნივერსიტეტო პროგრამა, სადაც ის სწავლობს, ახალციხეშია (სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტს ფილიალები აქვს როგორც ახალციხეში, ასევე ახალქალქში ავტ.), ამიტომ მისთვის ორმაგად რთულია ლექციებზე სიარული, თუმცა დანებებას არ აპირებს!

ბარბარე EDU.ARIS.GE-ს უყვება, რამ გადააწყვეტინა ამდენი ხნის შემდეგ ისევ სწავლას დაბრუნებოდა და როგორ აპირებს ის ოჯახთან ერთად უნივერსიტეტისთვისაც დროის გამონახვას.

ბარბარე გალიბინი: შემთხვევით გავიგე დაწყებითი საფეხურის მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამის შესახებ. მე მაქვს დამთავრებული ეს მიმართულება, ოღონდ კოლეჯი.  ახალი ხუთწლიანი პროგრამა მაგისტრის ხარისხს განიჭებს, ამიტომ უფრო გადავწყვიტე ჩაბარება უნივერსიტეტში და მეუღლეს ვუთხარი. თავიდან  წინააღმდეგი იყო (გარკვეული მიზეზების გამო). ბოლოს შევთანხმდით და დავრეგისტრირდი გამოცდებზე.

გადარეული რეჟიმი მქონდა: ორსულობა ტყუპებზე, წამლები, მკურნალობა, თან 6 ბავშვი. უკვე ტყუპები გაჩენილი მყავდა, უნივერსიტეტის გამოცდებზე რომ გავედი. ძალიან ვღელავდი. მეშინოდა, სიმართლე გითხრა. 2000 წელს დავამთავრე სკოლა. მის შემდეგ 18 წელია გასული.

ქართულის გამოცდაზე რომ დავჯექი, მივხვდი, რომ რთული არ იყო. საუკეთესო შედეგი არ ამიღია, მაგრამ ცუდი არ იყო. ზოგადი უნარების ყველაზე მეტად მეშინოდა. ჩემთვის ეს იყო სრულიად უცხო. მათემატიკური ნაწილიდან ბევრი დავალება უფროს შვილს რომ ვამეცადინებდი, იმის წყალობით ამოვხსენი. უფრო მეტი ქულა მათემატიკურ ნაწილში მქონდა უნარებში. სკოლის პროგრამა კარგად დამეხმარა.

გამოცდები ხომ ჩავაბარე და ავიღე გამსვლელი ქულები, შემდეგ დაიწყო ახალი პრობლემები. აღმოჩნდა, რომ შეცდომით იყო გვარის ერთი ასო ჩემს ატესტატში. ჩემდა საბედნიეროდ, ჩარიცხვების პროცესი გაიწელა. სასამართლოსთვის მიმართვა დამჭირდა, ატესტატში დაშვებული შეცდომის გასწორების გამო.  ჩარიცხვების დღეს მოვიდა ზუსტად სასამართლოს გადაწყვეტილებაც და არ დავრჩი გარეთ“.

რატომ გადაწყვიტე უნივერსიტეტში ჩაბარება ამდენი წლის შემდეგ?

-პირველ რიგში, იმიტომ, რომ საკუთარ თავს დავუმტკიცო, რომ შემიძლია. უფრო სწორად აქტიური ცხოვრება მომინდა. მინდა, რომ რაღაც შევცვალო!

ბევრი ვიფიქრე. ბევრი შვილი გვყავს. შემოსავლის წყაროს გაზრდის გამო, საკუთარი თავის რწმენის გამოც. წამოიზრდებიან და ისევ სახლში ჯდომას, ჯობია ვიმუშაო!

არ მიფიქრია, რომ ოდესმე ვიმუშავებდი, მაგრამ დროთა განმავლობაში ხვდები, რომ დედობა, თუნდაც მრავალი შვილის, არ ნიშნავს სახლში ჯდომას და გარეთ გაუსვლელობას.  შეიძლება ყველაფერი ერთმანეთს შეუთავსო გონივრულად. თან უკვე გაიზარდნენ ბავშვები. ტყუპებიც ხუთ წელიწადში სკოლაში წავლენ და ვფიქრობ, სრულიად შესაძლებელია სამსახური და ოჯახი შევუთავსო ერთმანეთს. მთავარი დროის სწორი განაწილებაა.

ბავშვები ძალიან მგულშემატკივრობდნენ. ყოველი გამოცდის პასუხის ნახვა იყო ამაღელვებელი. 12 საათს ისე ველოდებოდი, გეგონებოდა განაჩენის გამოტანის დრო იყო. ქულას რომ ვნახულობდი, სუნთქვა მეკვროდა.

ისტორიაში ამხელა შედეგს საერთოდ არ ველოდი. რომ ვნახე საგამოცდო პროგრამა რაც იყო ისტორიაში, ვიფიქრე საერთოდ ვერაფერს გავაკეთებ-მეთქი, იმდენად მერთულა რუკები, კარიკატურები. ქართული დავწერე, წერა მიყვარს. უცხო ენაც, რუსული, ძალიან ადვილი იყო. ისტორიის შედეგმა შოკში ჩამაგდო. ტესტები ვითხოვე უბრალოდ სამეცადინოდ. თვალი გადავავლე, აზრზე რომ ვიყო მეთქი.

როგორ შეუთავსებ სწავლას და 8 შვილის მოვლას ერთმანეთს?

-ჯერ-ჯერობით არ მყავს დამხმარე, მაგრამ აყვანას ვაპირებ, ლექციების დროს სახლში რომ დავტოვო. ყოველდღე ვერ ვივლი უნივერსიტეტში, მაგრამ ლექტორებიც დამპირდნენ ელექტრონული მასალით მომარაგებას. ზარმაცი არ ვარ და შევძლებ.

იცი, რა გამიხარდა? მე კოლეჯში დაწყებითებზე 35 საგანს ვსწავლობდი. ყველაფერს ვსწავლობდი. ბუნებისმეტყველებას, შრომას, ესთეტიკას, რელიგიას. . . ამდენ საგანში ვაბარებდი გამოცდებს, ჩათვლებს. კარგი სტუდენტი ვიყავი, სხვათაშორის. წარჩინებით დავამთავრე. ახლა რომ დამხვდა უნივერსიტეტში 6 საგანი სემესტრში ძალიან მეცოტავა. ისეთი შემართება მაქვს, რომ ვფიქრობ, არ გამიჭირდება სწავლა. კითხვა მიყვარს.

–როგორ დაგხვდნენ უნივერსიტეტში?

–უნივერსიტეტში მისვლა ერთგვარი დისკომფორტი იყო ჩემთვის. ასაკის და მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ იქ ისეთი სითბოთი და სიყვარულით შემხვდნენ, რომ დამავიწყდა ასაკი. ალბათ, ამ მდგომარეობაში, ყველაზე მეტად ასაკი გაბრკოლებს.

სიხარულით შემხვდნენ. მითხრეს, გვეგონა დაღლილი მოხვიდოდი 8 შვილის დედა, მაგრამ ასხივებ ბედნიერებასო! ამ პროგრამაზე სწავლა ჩემს შვილებთანაც დამეხმარება, რომ ვასწავლო.

უნივერსიტეტში მეუბნებიან, რომ ელექტრონულად მომაწვდიან მასალებს. ხელს შეგიწყობთ, ყველანაირად დაგეხმარებითო.

რომ შევედი კურსელებთან, მეგონა რაღაცნაირად შემომხედავდნენ, არ შეიმჩნიეს, თუ არ შემამჩნიეს, არ ვიცი. არ გაჰკვირვებიათ. უცხოდ შევედი. რომ დავჯექი და ყურადღება არავინ მომაქცია, ვიფიქრე, ე.ი. შეიძლება მეც სტუდენტი ვიყო ამ ასაკში და არ იყოს ეს დისკომფორტი. აღმოჩენა კი ის იყო, რომ ჩემს კურსზე მე არ ვარ მარტო ამ ასაკის სტუდენტი.  ძალიან მიხარია და გულით მინდა სულ მოვახერხო ლექციებზე სიარული. შემართება მაქვს, დავესწრო ლექციებს და მეტი გავიგო.

–ბარბარე, რას ურჩევდით სხვა დედებს, რომლებიც გათხოვდნენ და სწავლაზე ვეღარც ფიქრობენ ოჯახის გამო?

–სხვებს ვურჩევ, არ დანებდნენ. ყველაფრისთვის შეიძლება ადამიანმა დრო გამონახოს, სამსახურისთვის, ქმრისთვის, შვილისთვის, მეგობრისთვის, სტუმრისთვის (უნდა აღინიშნოს, რომ ბარბარეს ოჯახი  ძალიან სტუმართმოყვარეა და ყოველთვის მზად არის მათ სამასპინძლოდ. ავტ).

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური