GE

სააღმზრდელო პროცესი თბილისის 8 საჯარო ბაგა-ბაღში არ განახლდა

კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაზე საქართველოს მასშტაბით სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში სასწავლო პროცესი განახლდა.

როგორ EDU.ARIS.GE-ს თბილისის ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში განუცხადეს, სააღმზრდელო პროცესი, კორონავირუსის გამოვლენის გამო, თბილისის მასშტაბით 8 ბაღში ვერ განახლდა, აქედან 4 ბაღი საბურთალოს რაიონშია.

კონკრეტულად რომელ საბავშვო ბაღებში გამოვლინდა კორონავირუსის შემთხვევები, ბაღების მართვის სააგენტოში არ დააკონკრეტეს.

„ოთხი დღის წინ დაიწყო კორონავირუსზე ბაღების თანამშრომლების ტესტირება, რომლის ფარგლებშიც 8 პირს დაუდასტურდა ვირუსი და შესაბამისად სააღმზრდელო პროცესი 8 ბაღში ვერ განახლდა. შემიძლია გითხრათ თბილისის რომელ რაიონებშია ეს ბაღები: 4 ბაღი, სადაც კორონავირუსი გამოვლინდა არის საბურთალოს რაიონში, დანარჩენები მდებარეობს კრწანისში, ნაძალადევში, გლდანსა და სამგორში. ინფორმირებულები არიან თანამშრომლებიც და მშობლებიც, ამიტომ ბაღების დასახელებისგან თავს შევიკავებთ. ასევე გაგრძელდება ტესტირების პროცესიც. ამ დროისთვის ყველა ბაღში ეს პროცესი დასრულებულია“, – განაცხადეს ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოში.

მათივე ინფორმაციით, იმ ბავშვებს, რომლის მშობლებიც გადაწყვეტენ გახსნის მიუხედავად ბავშვი ბაღში არ ატარონ, არანაირი რობლემა არ შეექმნებათ. მათ შესაბამისი თხოვნით უნდა მიმართონ ბაღის ადმინისტრაციას და აცნობონ ინფორმაცია.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური