როგორ გაიზრდება მასწავლებლების საათები სკოლაში – მინისტრის ინიციატივები
იმ მასწავლებლებისათვის, რომლებიც სრულ სამუშაო განაკვეთზე საათების სიმწირის გამო ვერ მუშაობენ და შესაბამისად, ხელფასის მატება, რომელიც 2017 წლის 1 იანვრისდან არის დაგეგმილი არ ეხებათ, მინისტრს რამდენიმე ინიციატივა აქვს.
ალექსანდრე ჯეჯელავას მათი პრობლემის მოგვარება, დემოგრაფიის გაუმჯობესებითა და დამატებითი საათების ხელოვნურად შექმნით ესახება.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ალექსანდრე ჯეჯელავამ EDU.ARIS.GE-ს კითხვას უპასუხა იმის თაობაზე, თუ რას სთავაზობს მასწავლებლებს, რომლებიც სრულ განაკვეთზე გადასვლას ობიექტური მიზეზების გამო ვერ ახერხებენ.
აღნიშნული კითხვით EDU.ARIS.GE-ს არაერთმა პედაგოგმა მიმართა.
მინისტრის თქმით, სკოლებში საათების დეფიციტი 1997 წლიდან შეიქმნა, როდესაც მოსწავლეების რაოდენობა და შესაბამისად შობადობა ქვეყანაში პრაქტიკულად განახევრდა. ჯეჯელავას თქმით, ეს პროცესი 2011 წლამდე გაგრძელდა. 2012 წლიდან კი პირველკლასელთა რაოდენობის მატება დაიწყო. სწორედ აღნიშნულმა გარემოებამ, მინისტრის აზრით განაპირობა კლასების სიმცირე და შესაბამისად საათების დეფიციტი. დღეის მდგომარეობით კი პირველკლასელთა რაოდენობის მატებას ყველა სკოლაში ადასტურებენ.
„ეს კლასების და საგაკვეთილო საათების ზრდას ნიშნავს, შესაბამისად, გამოდის რომ საათების დეფიციტი დემოგრაფიის გამოსწორებასთან ერთად შემცირდება. ანუ მეტი სრულად დატვირთული პედაგოგი გვეყოლება.
„გარდა ამისა, ჩვენ ვაპირებთ, რომ საათების გაბერვას სკოლაში ხელოვნურად დავეხმაროთ. მაგალითად მასწავლებელს საშუალება ექნება საათები მშობლებთან მუშაობით გაიზარდოს და ეს დრო მშობლებთან გაატაროს.
„მეორე მაგალითი სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვები არიან, რომელთაც ხშირ შემთხვევაში არ ჰყოფნით ის საათები, რაც სტანდარტულადაა დადგენილი. აქაც შეეძლებათ მასწავლებლებს, ნებაყოფლობით აირჩიონ და სპეციალური საჭიროების მქონე მოსწავლეებთან მეტი იმუშაონ, ამასაც საგაკვეთილო საათებში მივათვლით.
„გარდა ამისა, მოგეხსენებათ, ვიწყებთ დიასპორისათვის ქართული ენისა და საქართველოს ისტორიის დისტანციურ სწავლებას. თავიდან მცირე რაოდენობა იქნება, მაგრამ იმედი გვაქვს, რომ წლების განმავლობაში დისტანციური სწავლების საათებიც მომრავლდება. ასევე მენტორობა და ახალგაზრდა მასწავლებლის სისტემაში შემოსასვლელად დახმარებაც საათების წყარო იქნება.
„საათების კიდევ ერთი წყარო „თავისუფალი გაკვეთილები“ იქნება, რომელიც მომავალი წლის ბიუჯეტში უკვე ასახულია. ეს იქნება იგივე გახანგრძლივებული, ოღონდ მოსწავლეებისთვის უფასო და ესეც დამატებით საათებს შექმნის.
„ანუ მომავალ წელს არასრულ განაკვეთზე ნაკლები მასწავლებელი იქნება, იმის მომდევნო წელს კიდევ უფრო ნაკლები და ა.შ.“,– განაცხადა ჯეჯელავამ.
საჯარო სკოლის მასწავლებლის საბაზო ხელფასების მატება 2017 წელს არ იგეგმება
800 ლარი იმ პედაგოგის ხელფასი იქნება, რომელსაც სრული საათობრივი დატვირთვა აქვს
თაკო არის© მათეშვილი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება