GE

სად აწყდება სსსმ მოსწავლე მიმღებლობის პრობლემას და როგორია მისი გადაჭრის გზები

ფოტო –
newsmatsne
  • ოჯახი (სახლი)
  • სკოლა

რატომ ხდება, რომ ხშირად მშობელი უარს აცხადებს მულტიდისციპლინური გუნდის მიერ ბავშვის შეფასებაზე? დროულად არ მიმართავს სპეციალისტს სკოლის გარეთ. თუ მიმართავს, რატომ აღარ მიაქვს შეფასების შემდგომი ნეიროფსიქოლოგიური დასკვნა  კლინიკიდან?

მიზეზი შიშია

არსებული პრობლემის დანახვის შიში

პრობლემისთვის სახელის დარქმევის შიში

შიში, რომ ამ პრობლემას უკვე სხვებიც დაინახავენ

სწორედ ეს შიში უდევს საფუძვლად სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის მიმღებლობის პრობლემას ოჯახში, მშობლების მხრიდან.

მიმღებლობის ამ ტიპის პრობლემას არანაკლებ უარყოფითი ზეგავლენა შეუძლია მოახდინოს ბავშვის აკადემიურ თუ ემოციურ-სოციალურ განვითარებაზე, ვიდრე მიღებლობის პრობლემას სახლს გარეთ.

როგორ მივხვდეთ რომ მიმღებლობის პრობლემა გვაქვს?

თუ

სკოლაში მასწავლებლები ხშირად გვეუბნებიან, რომ ბავშვს სწავლა უჭირს. ვერ უმკლავდება სასწავლო მასალას და საჭიროებს სპეციალისტის დახმარებას.

თუ

წლების განმავლობაში საშინაო დავალების ძირითად ნაწილს თქვენ ასრულებთ ბავშვის ნაცვლად და ოჯახის სხვა წევრები ხედავენ, რომ დამოუკიდებლად ბავშვი ვერ უმკლავდება საშინაო დავალებას და არა – არ უმკლავდება.

თქვენ კი კვლავ ამბობთ, რომ ეს სირთულეები ბავშვის სიზარმაცის ბრალია; ან დროებითი მდგომარეობაა და რომ წამოიზრდება გადაუვლის, სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ ბავშვის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მიმღებლობის პრობლემა.

რას ვიღებთ შედეგად? 

სწავლის უფრო დიდი სირთულე:

გაიზარდა განსვლა მოსწავლის შესაძლებლობებსა და ინდივიდუალური სასწავლო გეგმის მიხედვით მოთხოვნილ სტანდარტს შორის. კლასიდან კლასში გადასვლისას სასწავლო მასალის მოცულობა იზრდება. სისტემა კი სპირალისებურად არის აწყობილი: უფრო მაღალ კლასში ვიღებთ ახალ ცოდნას და ვაშენებთ იმ ცოდნაზე, რაც დაბალ კლასში მივიღეთ. არ აღიარებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დროს კი, უკვე რამდენიმე წელი დაუგროვდა ბავშვს, როცა გამუდმებით ვერ იღებდა სრულფასოვან განათლებას. არამყარი ფუნდამენტის დროს, შენობა შეიძლება ჩამოიშალოს – აქაც მსგავსი ლოგიკაა.

ემოციურ-სოციალური ხასიათის სირთულეები:

სწავლის მოტივაციის დაკარგვა, დაბალი თვითშეფასება, კლასელებთან დამეგობრების პრობლემა – მხოლოდ არასრული ჩამონათვალი იმ სირთულეებისა, რასაც შესაძლოა გადააწყდეს ბავშვი ამ დროს.

მას გამუდმებით სთხოვდნენ იმ ტიპის დავალებების შესრულებას, რაც არ შეეძლო. შედეგად მან არამარტო დაკარგა სწავლის მოტივაცია, არამედ განაზოგადა მარცხი საკუთარი ფუნქციონირების ყველა სფეროზე. შედეგად, ბავშვი თვლის რომ არ შეუძლია სწავლა, არ შეუძლია სიმღერა, ცეკვა, ხატვა; ვერ მოახერხებს კლასელებთან დამეგობრებას. ასეთი წინასწარი მარცხის განწყობით კი ბავშვი ეტაპობრივად სულ უფრო და უფრო პასიური ხდება, მცირდება მისი დამოუკიდებლობის დონე, იკეტება საკუთარ თავში.

როგორ გავზარდოთ მშობლის მიმღებლობის დონე?

გაუცვალეთ ადგილი საკუთარ შვილს!

მაგალითად:

ბავშვს აქვს ცერებრული დამბლა, რომელიც ვრცელდება სხეულის ზედა კიდურებზე. იგი იყენებს ხელებს, თუმცა მოუქნელად. უჭირს ნატიფი და მოქნილი მოძრაობების განხორციელება.

ამ შემთხვევაში, მშობლის მოლოდინი, რომ ბავშვი უპრობლემოდ გამოიყვანს ასოებს პატარა ფურცელზე, შესაძლოა იყოს გადაჭარბებული.

იმისთვის, რომ უკეთ გავიგოთ რას გრძნობს ბავშვი, მოირგეთ სპორტული, სქელი ტყავის ხელთათმანები. შემდეგ სცადეთ ამ ხელთათმანებით წვრილი საგნების აღება, მაკრატლის გამოყენება, წერა.  დაინახავთ, რომ ეს გაცილებით უფრო რთულია ვიდრე თქვენ წარმოგედგინათ.

  • სკოლა

რა შეიძლება დაიგეგმოს სკოლაში? როგორ მოიქცნენ პედაგოგები მოწავლისა და თანაკლასელების კომუნიკაციის გამარტივებისთვის?

„ნიკა მე-4 კლასის მოსწავლეა. ეს მისი პირველი წელია საჯარო სკოლაში. პირველად ჰყავს თანაკლასელები, პედაგოგები. ბევრი უცხო ადამიანი გაიცნო. ნიკა სმენადაქვეითებული მოსწავლეა. მას უკეთია ყურის სასმენი აპარატი. ბავშვს დიდი დრო დასჭირდა რესურს ოთახში მეცადინეობის ჩვევის გამოსამუშავებლად, მაღალი შფოთვა ჰქონდა, არ ასრულებდა მითითებებს. ეტაპობრივად, პედაგოგებმა შეძლეს მისი ნდობის მოპოვება. ბავშვი დამშვიდდა და კეთილად განეწყო სასწავლო პროცესის მიმართ. თუმცა უარს აცხადებ კლასელებთან ერთად, ჯგუფში მეცადინეობაზე.

რატომ ? როგორც ნიკამ აუხსნა პედაგოგებს, მას რცხვენოდა რომ განსხვავდებოდა კლასელებისგან. სხვა ბავშვებს არ ეკეთათ ყურის სასმენი აპარატი.

იმ იშვიათ შემთხვევებში, როცა ნიკა თანხმდებოდა კლასში ჩასვლაზე, ყოველთვის ქუდს იხურავდა, ან ხელს იფარებდა სასმენ აპარატზე“.

ნიკას შემთხვევა გვიჩვენებს, რომ საჭიროა დროული ჩარევა. აქტივობის მოფიქრება, რომელიც შეამცირებს ბავშვის შფოთვას.  ყველა ბავშვი ინდივიდუალურია და, რა თქმა უნდა, ნიკაც განსხვავდება სხვა ბავშვებისგან. ერთ-ერთი განმასხვავებელი ნიშანი კი აშკარაა- ყურის სასმენი აპარატი. ამ შემთხვევაში, სასურველია ისეთი აქტივობის დაგეგმვა, რომელიც ნიკას დაანახებს, რომ კლასელები ხედავენ მის განსხვავებულობას და მიუხედავად ამისა, მზად არიან მასთან სამეგობროდ და მის მხარდასაჭერად.

რა აქტივობა მოიფიქრეს ამ შემთხვევაში რესურს ოთახის სპეციალისტებმა?

პედაგოგებმა სთხოვეს ნიკას კლასელებს, რომ ერთი დღით ყველას გაეკეთებინა ყურსაცვამი იმ გაკვეთილზე, რომელზეც ნიკა ჩამოდიოდა. ბავშვებმა სიხარულით შეასრულეს მასწავლებლების თხოვნა.

ნიკა ჩამოვიდა კლასში და კვლავ ხელს იფარებდა ყურზე. თუმცა უცნაური რამე შენიშნა, მის ირგვლივ ბავშვებს  ყურსაცვამები ეკეთათ და სულაც არ მალავდნენ ამას. ნიკამ ხელი მოაშორა ყურს და ბავშვებს კითხვების დასმა დაუწყო  ყურსაცვამებზე. ბავშვებმაც თავის მხრივ უკეთ დაათვალიერეს ნიკას ყურის სასმენი აპარატი. რესურს ოთახში დაბრუნების შემდეგ, ნიკა პედაგოგებს უყვებოდა, რომ კლასში ბავშვებსაც ეკეთათ ყურზე ყურსაცვამები.

მეორე დღეს ნიკას კლასელებს უკვე აღარ ეკეთათ ყურსაცვამები, თუმცა ნიკა უკვე მიხვდა რომ ყურის აპარატის დამალვა საჭირო არ იყო. ბავშვებმა იცოდნენ მისი არსებობის შესახებ, არ დასცინოდნენ მას ამის გამო და მზად იყვნენ მასთან სამეგობროდ.

სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ბავშვის კლასში ჩართვა უნდა იყოს ძალიან კარგად დაგეგმილი და ეტაპობრივი პროცესი. მზაობა უნდა ჰქონდეს არამარტო სსსმ მოსწავლესა და მის კლასელებს, არამედ კლასის ხელმძღვანელსაც.

არის შემთხვევები, როცა კლასის ხელმძღვანელი საკუთარ მოსწავლედ ვერ აღიქვამს სსსმ მოსწავლეს. ფიქრობს, რომ ის რესურს ოთახის მოსწავლეა, მისი მასწავლებელია სპეც.პედაგოგი და ა.შ. შესაბამისად, თავს იკავებს ხოლმე გაკვეთილზე მისთვის მითითებების ან შენიშვნის მიცემისგან. ასეთი დამოკიდებულება ხელს უშლის სსსმ მოსწავლის კლასში ჩართვას. ბავშვები იწყებენ ფიქრს, რომ სსსმ მოსწავლე დროებით არის კლასში და ამ დროის განმავლობაში ყველაფერი მიეტევება. ირღვევა კლასის რუტინა და დისკომფორტი ექმნება კლასში მყოფ ყველა პირს.

თქვენი ბავშვი ან მოსწავლე ვერ კითხულობს? – ალბათ, გაინტერესებთ რატომ

რა სარგებლობა და ზიანი მოაქვს ბავშვისთვის ელექტრო ტექნიკასთან ჭარბ ურთიერთობას

საინტერესო ინფორმაცია მშობლებისთვის

ავტორი: ფსიქოლოგი მარი არევაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური