GE

სად და როდის უნდა წარადგინონ ატესტატი გასულ წლებში სკოლადამთავრებულმა აბიტურიენტებმა

აბიტურიენტებმა, რომლებმაც სკოლა რამდენიმე წლის წინ დაამთავრეს, (2011 წლამდე) ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩასაბარებლად სკოლის ატესტატის ასლი გამოცდების ეროვნულ ცენტრში 20 ივნისამდე უნდა მიიტანონ. მათ კი, ვინც სრული ზოგადი განათლება საზღვარგარეთ მიიღო, ატესტატის წარდგენის ვადა 10 აგვისტომდე აქვთ.

ამის შესახებ Aris.ge-განათლებას შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში განუცხადეს.

მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, გასულ წლებში სკოლადამთავრებულ აბიტურიენტებს არც კომპიუტერთან ადაპტირებული „CAT“-ის გამოცდები ჰქონდეთ ჩაბარებული, თუმცა საშუალო სკოლის დამთავრების დამადასტურებელი ატესტატის წარდგენა აუცილებელია.

„კანონმდებლობა არ კრძალავს და არც ზღვრულ ასაკს აწესებს, თუ სადამდე შეიძლება ადამიანი აბიტურიენტი იყოს. დიდი ასაკობრივი კატეგორიის აბიტურიენტთა სტატისტიკას სამწუხაროდ არ ვაწარმოებთ. შესაბამისად,  არ მოგვეპოვება მონაცემი, თუ რამდენს აქვს უმაღლესში სწავლის გაგრძელების სურვილი შედარებით მოზრდილ ასაკში. აბიტურიენტებმა, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება უცხო ქვეყანაში მიიღეს, განათლების აღიარების დოკუმენტი გამოცდების ეროვნულ ცენტრში 10 აგვისტომდე უნდა წარმოადგინონ.“, – განმარტეს შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში.  

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წელს ერთიანი ეროვნული გამოცდები 2 ივლისს დაიწყება და 23 ივლისს დასრულდება. წელს ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის მიზნით 40 ათასზე მეტი აბიტურიენტი დარეგისტრირდა.

2015 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების განრიგი

ქეთი არის© გიგოლაშვილი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური