სად გაქრა სკოლის სიყვარული? – „არჩევანის წინაშე რომ დააყენო, ახალგაზრდები საერთოდ უარს იტყოდნენ სკოლაზე“
„1996 წელს დავამთავრე სკოლა, საჩხერის რაიონში. მიუხედავად იმისა, რომ მძიმე წლები იყო, სიყვარულით ვიხსენებ. მხოლოდ კი არ ვსწავლობდით, უფრო მეტს ვიღებდით, ვიდრე ატესტატი იყო. იმდენი მხიარული მოგონებები დამრჩა მთელი ცხოვრება მეყოფა გასახსენებლად, დღეს შეუძლია იგივე სკოლებს?! ახლა, სკოლების უმრავლესობაში არც სწავლაა, არც მხიარულება“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან უფროსი თაობის წარმომადგენელი.
ძველი სკოლის შესახებ ნოსტალგიურ შეფასებებს მრავლად ვისმენთ პირად თუ პროფესიულ საუბრებში. გვეუბნებიან, რომ სკოლა ადრე უფრო მეტს აძლევდა მოსწავლეს, მასწავლებელს, მშობელს, ვიდრე დღეს შეუძლია ან გამოსდის.
EDU.ARIS.GE დაინტერესდა, სად გაქრა სკოლის სიყვარული? რით არის გამოწვეული ადრინდელი სკოლის ნოსტალგია, გვთავაზობენ თუ არა დღეს სკოლები უფრო მეტს, ვიდრე ამას გასულ საუკუნის მიწურულს ახერხებდნენ და რა მიდგომებია შესაცვლელი იმისთვის, რომ სკოლა მისი თითოეული წევრისთვის სანდო და ფუნქციურ საგანმანათლებლო დაწესებულებად აღიქმებოდეს. ამ საკითხებზე ვესაუბრეთ განათლებისა და კარიერული განვითარების ახალგაზრდა სპეციალისტს, განათლების ფსიქოლოგიის ტრენერს, ნინო ხოხიაშვილს.
– ნინო, პირველ რიგში, როგორ ფიქრობთ, რა არის იმის მიზეზი, რომ ჩვენი საზოგადოების უფროს თაობაში ძველი სკოლების ნოსტალგიაა, როგორ ჩანს ეს განწყობა თანამედროვე თაობის თვალში?
– უფროსი თაობა სრულიად სხვა რეალობის წინაშე იყო. სკოლას, ფორმალურ განათლებას, მაშინ ბევრად მეტი ფუნქციური მნიშვნელობა ჰქონდა, თუნდაც იმიტომ, რომ არ შეეძლოთ, მათთვის საინტერესო ინფორმაცია ელექტრონულად მიეღოთ. მაშინ უბრალოდ არ იყო ამდენ რესურსზე წვდომა და ამიტომ, სავსებით გასაგებია, რომ უფროსი თაობისთვის სკოლას სულ სხვა დატვირთვა ჰქონდა. რაც არ უნდა ნოსტალგია აწუხებდეს უფროს თაობას, დღევანდელ რეალობაში, ასეთი ტექნოლოგიური განვითარების პირობებში, ძველი სისტემა ვეღარ იქნება ისეთივე ეფექტური, როგორც ეს იმ პერიოდში იყო. შეიძლება ითქვას, რომ უფროსი თაობისთვის სკოლა მეტად ფუნქციური და საყვარელი გარემო იყო, მაგრამ დღეს, ახალ თაობასთან სხვა მიდგომებია საჭირო, მათ ვერ დავაინტერესებთ ძველი მეთოდებით, აქტივობებით. მაგალითისთვის, თუნდაც ავიღოთ ძველი მეთოდიკით სწავლება, სადაც მასწავლებელი გაკვეთილის მთავარი აქტორია და სალექციო სტრატეგიით მუშაობს. ახალი თაობისთვის ასეთი გაკვეთილი არაეფექტური, დამღლელი და უინტერესოა. ამიტომ ვიღებთ ხოლმე შედეგად დემოტივირებულ ახალგაზრდებს, რომელთაც სკოლა არა თუ კარგად ახსენდებათ, როგორც წინა თაობებს, არამედ არჩევანი წინაშე რომ დააყენო, სკოლაზე საერთოდ უარს იტყოდნენ.
– რას გვთავაზობდნენ სკოლები ადრე და რას გვთავაზობენ ახლა?
– სკოლები, ძირითადად, გვთავაზობდნენ სტანდარტიზებულ, უმრავლესობაზე მორგებულ სწავლებას, როდესაც სკოლა, მასწავლებელი, მიჰყვებოდა გეგმას. ამ დროს ნაკლები თავისუფლება ჰქონდა სკოლასა და მასწავლებელს იმისთვის, რომ ინდივიდუალური მიდგომები გამოეყენებინა. სულ რამდენიმე წელია, რაც ქართულ სკოლებში ახალი სკოლის მოდელი დაინერგა და მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმა შეიქმნა. იდეაში, ეს იყო მიზანი, რომ სკოლა საინტერესო და მრავალფეროვანი გამხდარიყო როგორც მოსწავლისთვის, ისე მშობლისა და მასწავლებლისთვის. ახალი სკოლის მოდელი ჯერ კიდევ დანერგვის პროცესშია, მაგრამ, მგონია, რომ პოზიტიური ნაბიჯები ზოგადი განათლების სისტემის გასაუმჯობესებლად გადადგმულია. დღევანდელ სკოლებში უკვე დანერგილია ინკლუზიური განათლება, რაც ადრე მშობლებისთვის ოცნება იყო. ჯერ კიდევ ვითარდება ეს სფერო, მაგრამ ეს მიღწევა აუცილებლად აღსანიშნი და დასაფასებელია. აქვე ვიტყვი, უფროსი თაობისთვის, შესაძლოა, მეტად ეფექტური ძველი სკოლის მოდელი იყოს, რადგან მაშინ სკოლა, საგაკვეთილო პროცესში მიღებული განათლება, თითქმის ერთადერთი რესურსი გახლდათ და მეტად საჭირო იყო ფაქტობრივი ცოდნა, რომელიც, შედარებით სტაბილურად უცვლელი იყო, დღეს კი მუდმივად ცვალებად გარემოში ვართ. როცა მეცნიერება მუდმივად ახალ აღმოჩენებს აკეთებს და თითქმის ყველაფერი ციფრულდება, ინფორმაციის მოძიებისთვის საჭირო უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი და ინოვაციური აზროვნება მეტად მნიშვნელოვანია.
– გვითხარით, როგორია „კარგი სკოლის“ მახასიათებლები?
– ასეთია ის სკოლები, რომლებიც ფეხს უწყობენ თანამედროვე სამყაროში მიმდინარე ცვლილებებს. მასწავლებლები მეტად მეგობრობენ მოსწავლეებთან, იყენებენ ტექნიკას, თანამედროვე მიდგომებს, ციფრულ მეთოდებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვისას, მეტად რთავენ მოსწავლეებს საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში, წაახალისებენ მათ ინიციატივებს. კარგი სკოლის დამახასიათებელია, როდესაც მასწავლებელი და მოსწავლე ერთად გეგმავენ ისეთ პროექტებს, რომლებიც მოსწავლეებისთვის საინტერესოა და პედაგოგები მხოლოდ მონოტონურად არ მიჰყვებიან ეროვნულ სასწავლო გეგმას, არამედ მოსწავლეებთან ერთად გეგმავენ ამ პროცესს, შემოქმედებითად და ინოვაციურად. ასეთ შემთზვევებში არ გვაქვს ხოლმე ისეთი უარყოფითი სურათი, როგორიცაა დემოტივირებული მოსწავლეები, რომელთათვისაც სკოლის გარემო არათუ მნიშვნელოვანი ცოდნის მიღების გარემოს, არამედ შემეცნების პროცესს არასასიამოვნოსა და აუტანელსაც კი ხდის. ზემოთ დახასიათებული სკოლები ნამდვილად კარგია, თუმცა ვფიქრობ, ბევრი არ არის, ან კიდევ, ერთეული მასწავლებლები ახერხებენ, რომ სწავლების პროცესი ახალი თაობისთვისაც სასიამოვნო და საინტერესო იყოს. იმედს ვიტოვებ, რომ მალე ბევრად მეტი იქნება ასეთი სკოლა.
– რას ვგულისხმობთ როცა ვამბობთ, რომ სკოლა უფრო მეტს უნდა გვთავაზობდეს, ვიდრე გვთავაზობს?
– თანამედროვე სკოლა მეტად უნდა რთავდეს მოსწავლეს სწავლების პროცესში, მეტად ახალისებდეს მოსწავლის იდეებს, კრიტიკულ, შემოქმედებით აზროვნებას, წარმოსახვას, ემოციური ინტელექტის განმავითარებელ მეთოდებს მეტად იყენებდეს საგაკვეთილო პროცესში. ამისათვის საჭიროა, სკოლებში ფსიქოლოგები არა მარტო ინკლუზიური განათლების კუთხით მუშაობდნენ, არამედ ჩართული იყვნენ სრულად საგანმანათლებლო პროცესში, ნერგავდნენ ზემოთქმულ თანამედროვე მიდგომებს, სკოლაში უნდა მუშაობდეს არა ერთი, არამედ რამდენიმე ფსიქოლოგი. ისინი აქტიურად თანამშრომლობენ მასწავლებლებთან და მშობლებთან. დღეს ბევრ სკოლას არ ჰყავს ფსიქოლოგი, დოკუმენტის დონეზეც არ არის გაწერილი, რა ევალება ფსიქოლოგს სკოლაში და ძირითადად ეს ბუნდოვანია. ასევე, ფსიქოლოგები უმეტესად ინკლუზიური განათლების კუთხით მუშაობენ, რაც საკმარისი არ არის.
– მაშინ რა სჭირდებათ სკოლებს, რომელი პრობლემებია გადასაჭრელი ახალი თაობის დამოკიდებულების შესაცვლელად?
- ჩვენი სკოლების უმეტესობა დღეს სრულად არ არის ადაპტირებული თანამედროვე, ცვალებად გარემოსთან. არ აქვთ შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა, ან არასაკმარისად აქვს, რაც, რასაკვირველია, სწავლების ხარისხზეც მოქმედებს;
- მასწავლებლების დიდ ნაწილს კომპეტენციების განვითარება სჭირდება, იმისათვის, რომ საგაკვეთილო პროცესში მეტად ჩართონ თანამედროვე მეთოდები, თუნდაც ციფრული სერვისების გამოყენებით;
- ჯერჯერობით, სკოლაში ფსიქოლოგიური განათლების ხელშეწყობა ვერ ხერხდება. სკოლა უნდა ზრუნავდეს არა მარტო მოსწავლის ინტელექტუალურ განვითარებაზე, არამედ ჰოლისტურად, ანუ მთლიანობით პიროვნულ განვითარებაზე, როგორც სოციალურ, ემოციურ, ფიზიკურ განვითარებაზე. ამას ძალიან კარგად განმარტავს ცნობილი ფსიქოლოგი, დეილ კარნეგი, როდესაც განათლების ხარვეზებზე საუბრობს: „ადამიანისთვის დახმარების გაწევა პიროვნებად ჩამოყალიბებაში გაცილებით უფრო ფუნდამენტური ამოცანაა, ვიდრე დაეხმარო მას გახდეს მათემატიკოსი ან ფრანგული ენის სპეციალისტი, ან კიდევ ვინმე სხვა“;
- დღეს ყველა სკოლა არ თავაზობს მოსწავლეზე ორიენტირებულ სწავლებას, ყველას არ ეხება. ხშირად, მოსწავლეს ექცევიან ისე, როგორც ობიექტს და არა სუბიექტს, არ ითვალისწინებენ მის სურვილებს, შესაძლებლობებსა და საჭიროებებს.
– სწავლების ხარისხი ახსენეთ, ხშირად გვესმის, რომ სკოლაში სწავლების ხარისხის კლება საატესტატო გამოცდების გაუქმებამაც გამოიწვია, ეთანხმებით?
– შესაძლოა, სწავლის ხარისხის დაწევის ერთ-ერთი მიზეზი ესეც იყოს. თუმცა, მთავარი მიზეზი არ არის, რადგან, როცა მოსწავლეები საატესტატო გამოცდებს აბარებდნენ, მათი უმრავლესობა მაინც არ დადიოდა სკოლებში და რეპეტიტორები ჰყავდათ. ამიტომ, ვფიქრობ, საატესტატო გამოცდები სწავლის ხარისხის გარანტი არ არის. ასევე არ არის აუცილებელი, რომ მეთერთმეტე კლასშიც იმ საგნებს უთმობდე დროს, რომელიც შენი ინტერესის სფერო არაა და შენს კარიერულ მიზანს ვერ ეხმიანება. კარგი იქნება, ამ კუთხით მეტი თავისუფლება ჰქონდეს მოზარდს და მეტი დრო დაუთმოს საკუთარი ინტერესის სფეროების განვითარებას, საკუთარი პროფესიული ორიენტაციიდან გამომდინარე. ამასთან, ძალიან მნიშვნელოვანია, სკოლებში ჩართული იყვნენ პროფ-ორიენტაციის სპეციალისტები, კარიერული კონსულტანტები. დღეს უკვე ხელმისაწვდომია კარიერული კონსულტანტების, კარიერული ქოუჩების მომსახურება და კარგი იქნება, თუ ისინი განათლების სისტემაშიც აქტიურად ჩაერთვებიან.
– რა არის მთავარი, რომ სკოლა დღეს ფუნქციური გახდეს?
– როგორც აღვნიშნე, ამისთვის მნიშვნელოვანია, სკოლებში ფსიქოლოგების ჩართულობის გაზრდა, მასწავლებლების დახმარება, მუდმივი და არა გადამღლელი გადამზადება, რომ სწავლების პროცესში შეძლონ ახალი, ეფექტური მიდგომების გამოყენება. ასევე არსებითია, სკოლაში პროფესიული ორიენტაციის სპეციალისტების ჩართულობა, არა მარტო კოგნიტიურ და გონებრივ განვითარებაზე ზრუნვა, არამედ ემოციური ინტელექტის განვითარებაზეც, რაც შესაძლებელია, ფსიქოლოგებისა და მასწავლებლების აქტიური თანამშრომლობით, პროექტების, სავარჯიშოების ერთობლივად დაგეგმვით. სკოლა ფუნქციური გახდება, თუ მოსწავლეებს მეტად მოუსმენენ და საგაკვეთილო პროცესის დაგეგმვაში ჩართავენ. ასეთი თანამშრომლობა მათთვის ბევრად საინტერესოა და მეტი მოტივაცია აქვთ, როდესაც მხოლოდ მასწავლებელი არ აძლევს დავალებას და პროცესში თვითონაც არიან ჩართული, მასწავლებელთან ერთად ქმნიან განმავითარებელ დავალებებს.
– და ბოლოს, ჩვენს ქვეყანას ახალი განათლების მინისტრი ჰყავს, რას ეტყოდით მას?
– ვეტყოდი, რომ განათლების პროცესის ეფექტურობისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, მეტი რესურსი ჰქონდეთ სკოლებს, მასწავლებლის პროფესია იყოს განვითარებული და დაფასებული. სკოლა აუცილებლად უნდა იყოს სანდო ინსტიტუცია, რომელიც პირველ რიგში, მოსწავლეებს დააბრუნებს სკოლაში და აღარ იქნება რეპეტიტორის აყვანის აუცილებლობა, რაშიც უამრავ ფინანსებს ხარჯავენ საქართველოში ოჯახები. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, სკოლაში ხელი შეეწყოს როგორც მოსწავლეების, ისე პედაგოგების ფსიქო-სოციალურ სიჯანსაღეს, დაიგეგმოს მეტი განმავითარებელი პროექტები და ღონისძიებები.
ასევე იხილეთ:
როგორ ვესაუბროთ თინეიჯერს – სპეციალისტი მასწავლებლებს მიმართავს
ესაუბრა მზეო შველიძე
- 500 და 300 ლარი ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს – წახალისება რუსთავის 2025 წლის ბიუჯეტით განისაზღვრა by ARIS.GE-განათლება
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება