GE

სად უნდა აიღოთ ცნობა 2019 წლის მასწავლებელთა გამოცდების შედეგების შესახებ?

2019 წლის გამოცდების შედეგების შესახებ ცნობის აღებას მასწავლებლები შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში შეძლებენ. იმ შემთხვევაში თუ რეგიონში ცხოვრობს ადამიანი, მაშინ მას ამ ცნობის აღება განათლების სამინისტროს რესურსცენტრებში შეუძლია.

„ეს  ვრცელდება როგორც მასწავლებლებზე, ასევე აბიტურიენტებზე. თუ ეს ადამიანი ცხოვრობს თბილისში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მომართავს განცხადებით, რომ სჭირდება გამოცდების შედეგების შესახებ ცნობა. ამ ცნობას ცენტრი გასცემს 5 სამუშაო დღეში. თუ არ ცხოვრობს თბილისში და ცხოვრობს რეგიონში, ამ შემთხვევაში განათლების სამინისტროს რესურსცენტრს მიმართავს, რესურსცენტრი თავის მხრივ ჩვენს ცენტრს დაუკავშირდება. რესურსცენტრიც ასევე 5 სამუშაო დღეში გასცემს ამ ცნობას”, – აღნიშნეს გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მნიშვნელოვანია, რომ ცნობაში წერია, რომ ეს არის პირველადი შედეგი, ნედლი ქულა. როდესაც აპელაციის შედეგები გამოცხადდება, ეს ცნობა უკვე კარგავს ძალას.

„ამ ეტაპზე შესაძლებელია მხოლოდ ნედლი ქულის, პირველადი შედეგის შესახებ ცნობის გამოთხოვა. ამ ცნობას დროებითი ძალა აქვს. აპელაციის დასრულების შემდეგ თუ კიდევ დასჭირდებათ ცნობა, უკვე საბოლოო შედეგს მისცემენ, ასევე 5 სამუშაო დღის ვადაში“, – აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

რაც შეეხება გამოცდის ჩაბარების შესახებ ცნობის ელექტრონულად გამოთხოვას, როგორც შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, ცნობის ასაღებად ცენტრში მისვლაა აუცილებელი.

„ელექტრონულად არ გავცემთ ცნობებს. ფიზიკურად უნდა მოვიდეს ადამიანი შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში, ან რესურსცენტრში და გაიტანოს კიდეც ცენტრიდან, ან რესურსცენტრიდან ცნობა“, – აღნიშნავენ “ნაეკში”.

რაც შეეხება გამოცდების საბოლოო შედეგებს, ის აპელაციის პროცესის დასრულების შემდეგ გამოქვეყნდება. 21 აგვისტოს დასრულდება აპელაციის განაცხადების მიღება, თუმცა  მათი განხილვა როდის დასრულდება, ეს სააპელაციო განაცხადების რაოდენობაზე იქნება დამოკიდებული.

შეგახსენებთ, რომ 2019 წლის ზაფხულის მასწავლებლის გამოცდების პირველადი შედეგები ყველა საგანში უკვე ცნობილია. გამოცდის შედეგები მოქმედ მასწავლებლებს აესახებათ ელექტრონულად თავიანთ გვერდზე eSchool-ის ბაზაში. მასწავლებლობის მსურველებს, ასევე სხვებსაც შედეგების შესახებ ცნობის გამოთხოვა შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრიდან (რეგიონების შემთხვევაში კი საგანმანათლებლო რესურსცენტრებში) შეუძლიათ.

ასევე იხილეთ:

როდის მიიღებენ სტატუსშეცვლილი მასწავლებლები დანამატს და რა შემთხვევაშია საჭირო დირექტორის წარდგინება

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური