GE

საჯარო სკოლაში უსინათლო მოსწავლის ბრაილის შრიფტით სწავლების მეთოდები და აქტივობები

ავტორი: ხათუნა ჩუბინიძე, თერჯოლის პირველი საჯარო სკოლის უფროსი სპეციალური მასწავლებელი

სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:

საჯარო სკოლაში წერა-კითხვის სწავლება უსინათლო მოსწავლისთვის გარკვეულ სიძნელეებთან არის დაკავშირებული. ამ სტატიაში მოგიყვებით და გაგიზიარებთ ჩემს გამოცდილებას, აქტივობებს, შეხედულებებს, მეთოდებს.

ჩემ შემთხვევაში მოსწავლე ცხრა წლის იყო, როდესაც დაბრმავდა. ტრავმის შედეგად გახდა იგი უსინათლო, ანუ იმის თქმა მინდა, რომ მან ქართული ანბანის წერა -კითხვა იცოდა. ამას იმიტომ გიყვებით, რომ ეს ფაქტი მეტად მნიშვნელოვანია სწავლა სწავლების პროცესში. ამიტომ, აქტივობები და მეთოდები სწორად უნდა შერჩეულიყო ბავშვის შესაძლებლობებიდან გამომდინარე.

ბრაილის შრიფტით სწავლა სწავლების პროცესში დროს მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ რამდენად დაცულად გრძნობს თავს მოსწავლე. თუ იგი შფოთავს, ჩანთიდან ვერ იღებს შესაბამის წიგნს ან სანიშნს და ეშინია საკლასო ოთახსა და სკოლის სივრცეში გადაადგილება, რა თქმა უნდა, ყველა ეს ფაქტი დიდ უხერხულობას იწვევს. პირველ რიგში, ზემოაღნიშნული პრობლემა უნდა მოგვარდეს, ანუ მოსწავლე უსაფრთხოდ გრძნობდეს თავს. ამისათვის საჭიროა, მოსწავლეს ჰყავდეს ასისტენტი და საკლასო ოთახსა და სკოლის სივრცეში ნიშნულები არსებობდეს.

სწავლების მეთოდის შერჩევის დროს, აუცილებელია გავითვალისწინოთ სტრატეგიები, რომელიც მოსწავლის ემოციურ-მოტივაციის მუხტზეა დამოკიდებული. ინფრასტრუქტურა, სასწავლო გეგმა, ადაპტირებული მასალები, დამხმარე ტექნიკური საშუალებები და სივრცე.

ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია კლასში შემსვლელი პედაგოგების დატრენინგება. საგნის მასწავლებელსა და სპეციალურ მასწავლებელს შორის მჭიდრო და კოორდინირებული მუშაობა.

ბრაილის შრიფტით წერა-კითხვის უნარის ფლობა ბრაილერის მეშვეობით, პირველ რიგში, ანბანის პრინციპის ცოდნას გულისხმობს. ანბანზე მუშაობას წინ უძღვის ფონოლოგიური უნარ-ჩვევების განვითარება. სიტყვების მარცვლებად, ბგერებად დაშლა და მისი გამთლიანება.

უპირველესად მოსწავლემ ბრაილერი უნდა დაათვალიეროს და ხელით მოსინჯოს. ერთმანეთისგან განასხვაოს ბრაილერის კლავიშების მარცხენა და მარჯვენა მხარე, ინტერვალი, ფურცლის ფლობა, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსწავლემ ბგერები ფურცელზე სწორ ადგილას განათავსოს, ანუ სივრცითი მიმართება დაიცვას. იცოდეს შუა ადგილი, სადაც სათაური იწერება. დაიცვას აბზაცი, სიტყვებს შორის ინტერვალი. ბრაილის შრიფტი ექვსი წერტილის კომბინაციაა. მოსწავლემ უნდა დააჯგუფოს ორწერტილიანი, ერთწერტილიანი, სამწერტილიანი, ოთხწერტილიანი და ხუთწერტილიანი ასოები.

აქტივობა: ორიენტირება ფურცელზე

აქტივობის მიზანი: ორიენტირების უნარის განვითარება და სივრცითი მიმართების გაზიარება. შუა ადგილი, ფურცლის დამთავრება და ახალ ხაზზე გადასვლა ხაზის სიზუსტის დაცვა. ფურცლის ხელით კონტროლი.

აქტივობის აღწერა: მოსწავლემ ყურადღება უნდა გაამახვილოს თითოეული ასოს წერტილი მარჯვნივ არის თუ მარცხნივ. ხელით გაარჩიოს. თუ უჭირს მარჯვენა- მარცხენის გარჩევა უფრო ვუმარტივებ. ვაკეთებ მარკირებას და ვეუბნები მოსწავლეს აღწეროს იგი.

აქტივობა: ასოების გამოსახვა ბრაილერის მეშვეობით ფურცელზე

აქტივობის მიზანი: ინსტრუქცია უნდა იყოს მკაფიოდ განსაზღვრული. ბრაილერით დაწეროს ასოები, გადაატაროს ფურცელზე და დაწერილი ასოები ხელით მონიშნოს. რამდენწერტილიანია და მარჯვნივ არის თუ მარცხნივ.

როდესაც მოსწავლეს უჭირს მისი ამოცნობა, აღქმა, ვაძლევ მისთვის მარტივად შესასრულებელ აქტივობას. ის უნდა დააკვირდეს ასოებს და შემდეგ შეკითხვას ვსვამ: რომელი ასოა ერთწერტილიანი? ორწერტილიანი? სამწერტლიანი? ოთხწერტილიანი? ხუთწერტილიანი?

რა აქვთ საერთო; რომელი ასოები ჰგავს ერთმანეთს; რით ჰგავს; შემდეგ ვსჯელობთ თითოეულზე?

იმ შემთხვევაში, თუ მოსწავლეს უჭირს ასოების წერტილების დამახსოვრება, შეგვიძლია, რომ წერტილები საძერწ დაფაზე გამოვძერწოთ, ხელით გადატარებით.

აქტივობა: ნაცნობი სიტყვების წერა

აქტივობის მიზანი: ნაცნობი სიტყვების დამოუკიდებლად წერა

საწყის ეტაპზე მოსწავლე კარნახით წერს ნაცნობ სიტყვებს, იცავს სიტყვებს შორს ინტერვალს.

აქტივობა: სიტყვის ორთოგრაფიული გამოსახულების ცნობა

მიზანი: სიტყვების ამოცნობა

წინასწარ მომზადებულ ბარათებზე ბრაილის შრიფტით წარწერებია მოცემული. მოსწავლემ უნდა ამოიცნოს სიტყვა და მოძებნოს სხვა სიტყვებს შორის ნაცნობი სიტყვა.

მორიგი დავალება: იპოვოს ბრაილის ნაწერში შეცდომა და გაასწოროს იგი.

მოსწავლის უნარის გაწაფვის შემდეგ, შესაძლებელია დავალების გართულება. მაგალითად მსგავსი მოყვანილობის ასოების ჩაწერა სიტყვებში. მოსწავლეს ევალება, ამოიცნოს შეცდომა და გაასწოროს.

აქტივობა: უცნობი ტექსტის კითხვა

აქტივობის მიზანი: მოსწავლის გავარჯიშება კითხვაში.

მოსწავლე ამ დროს ხმამაღლა კითხულობს, იგებს მარტივ წინადადებას, იცავს პაუზას, ცდილობს, რომ სათანადო ინტონაციით გამოხატოს წინადადების მოდალობა. კითხულობს უშეცდომოდ და შეუფერხებლად. სიტყვებს გამოთქვამს მკაფიოდ და გარკვევით კითხვის დროს საჭიროა მოსწავლესთან ახლოს დგომა, რადგან თითის გაყოლებისას შესაძლოა აცდეს ხაზს.

მოსწავლისთვის შერჩეული მიზანი უნდა იყოს რელევანტური და მიღწევადი, ბავშვის შესაძლებლობებს მორგებული.

ჩემს მიერ მოცემული რჩევები, სწავლების მეთოდების ურთიერთგაცვლას ემსახურება, მაგრამ მთავარია გვახსოვდეს მოსწავლეები, მათ შორის, უსინათლო, განსხვავებულები არიან.

შესაბამისად არ არსებობს უნივერსალური რჩევა, რომელსაც ყველა შემთხვევაში გამოვიყენებთ.

გისურვებთ წარმატებას.

გამოყენებული ლიტერატურა: სწავლების მეთოდები ინკლუზიურ განათლებაში (ავტორები: მაია მელიქიძე, მაია ბაგრატიონ-გრუზინსკი, რუსუდან ლორთქიფანიძე)

ასევე იხილეთ:

რამდენიმე პრაქტიკული რჩევა წერის სწავლებისთვის

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური