GE

საგამოცდო პროცესი სრულად ტექნოლოგიების გამოყენებით წარიმართება – რა პრიორიტეტები გაწერა მთავრობამ უმაღლეს განათლებაში

2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პრიორიტეტებში საქართველოს მთავრობა ცალკე გამოყოფს უმაღლეს განათლებას და მათ შორის საინტერესოა ჩანაწერი, რომელიც საგამოცდო პროცესს ეხება.

„უმაღლესი განათლება – საგამოცდო პროცესის სრულად წარმართვა თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით”, – ვკითხულობთ ბიუჯეტის პირველად ვერსიაში.

დოკუმენტში დაზუსტებული არ არის, სრულად ელექტრონული საგამოცდო პროცესი გავრცელდება თუ არა ერთიან ეროვნულ გამოცდებზეც, თუმცა მისაღები გამოცდების სრულყოფილად ელექტრონულ ფორმატზე გადატანის სურვილი ჯერ კიდევ მაია მიმინოშვილის NAEC-ში დირექტორობის წლებში გაჩნდა.

უმაღლესი განათლების მიმართულებით, 2027 წლის ბიუჯეტში მთავრობას კიდევ რამდენიმე პრიორიტეტი აქვს გაწერილი:

– უმაღლესი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფციის შესაბამისად, უმაღლესი განათლების დაფინანსების ეფექტური სისტემის შექმნა, რომელიც ცვლის სახელმწიფო სასწავლო გრანტზე დაფუძნებულ მოდელს და ამყარებს სრულად სახელმწიფო დაფინანსებაზე, შედეგებზე ორიენტირებულ და ინოვაციებზე დაფუძნებულ მიდგომას;

– უმაღლესი განათლების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის ფარგლებში უმაღლესი განათლების ხარისხის ზრდა;

– სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობისა და სადოქტორო პროგრამების შეფასების ერთიანი კონცეფციის შემუშავება;

– უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამების საერთაშორისო აკრედიტაციის მოპოვების ხელშეწყობა;

– მასწავლებლის მომზადების და სპეციალური მასწავლებლის მომზადების ერთწლიან საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ პირთა დაფინანსების უზრუნველყოფა, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირთათვის უმაღლესი განათლების მიღების ხელშეწყობა, სკოლისშემდგომი განათლებისთვის მომზადების პროგრამის განხორციელება;

– რეგიონული უნივერსიტეტების პროექტების მხარდაჭერა.

საქართველოს პარლამენტს 30 სექტემბერს 2027 წლის ბიუჯეტის პირველადი ვარიანტი წარედგინა, რომლის თანახმად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაფინანსება გაზრდილია 225,8 მლნ ლარით და ჯამურად, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის პროგრამებისათვის განკუთვნილი თანხები 2027 წელს 3 501,5 მლნ ლარს შეადგენს.

ასევე იხილეთ:

რა ცვლილებები იგეგმება უმაღლეს განათლებაში – მთავრობამ პარლამენტს კანონშემოქმედებითი გეგმა წარუდგინა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური