GE

საგვარეულო თოფი, მანქანა, შაურმები, მოგზაურობა, „ქრაშთან“ მიწერა – რას ჰპირდებიან აბიტურიენტებს უნივერსიტეტში ჩაბარების შემთხვევაში

„ჩააბარე და გექნება“ – ეს ის ფრაზაა, რომელიც თქვენს მონა-მორჩილს, საკუთარი აბიტურიენტობის დროს, მშობლებისგან, ყველაზე ხშირად ესმოდა. ესმოდა ყველაფერზე, მსხვილმან თუ წვრილმან სურვილსა და საჭიროებაზე – ახალი შარვლისა თუ ლეპტოპის თხოვნის შემთხვევაში, გემრიელ ტკბილეულსა თუ მეგობრებთან ერთად სადმე წასვლაზე. ცხოვრება, ორად იყო გაყოფილი – ჩაბარებამდე და ჩაბარების შემდეგ. ჩაბარებამდე ყველაფერი უნდა მომეთმინა, გამეჭირვებინა, ჩაბარების მერე კი ყველა გზა თავისით გაიხსნებოდა. ოღონდ, აუცილებლად სრული დაფინანსებით ჩაბარების შემთხვევაში.

ჩაბარებით ჩავაბარე, გრანტიც მოვიპოვე, თუმცა არა 100%-იანი, რასაც მშობლები ჩემგან ელოდნენ. ამიტომ, ფრაზა „ჩააბარე და გექნება“ შეცვალა ფრაზამ „უფასოზე ჩაგებარებინა და გექნებოდა,“ რომლის გაგონების შემდეგაც ჩემი ნებისმიერი თხოვნა უკან მიმქონდა.

მაშ რა გასაკვირია, რომ 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების გაშუქებისას სურვული გამიჩნდა, ამ თაობის აბიტურიენტებისგან მომესმინა რა სახის სურვილები აქვთ და რას ჰპირდებიან დასახული მიზნის მიღწევის შემთხვევაში, წასახალისებლად.

EDU.ARIS.GE-ს კითხვამ, რომელიც სოციალურ ქსელებში არსებულ ჯგუფებში დავსვით, აბიტურიენტები გაახალისა, სტუდენტებსაც მოანდომა საკუთარი სურვილების ჩვენთვის გაზიარება და მშობლებსაც.

როგორც აღმოჩნდა, ყველაზე ხშირად, აბიტურიენტ შვილებს, მშობლები, მანქანის ყიდვას ჰპირდებიან. თუმცა, რამდენად ასრულებენ შემდეგ ამ დაპირებას, მეორე საკითხია, რადგან უკვე სტუდენტი ახალგაზრდები გვეუბნებოდნენ, რომ წლების წინ დაპირებულ მანქანას ჯერ კიდევ ელიან. (აბიტურიენტებო, სანამ დროა, დამპირებლებისაგან წერილობითი პირობა მოითხოვეთ. ავტ.)

დაპირებებში მეორე ადგილზე ახალი ტელეფონი დგას. რა თქმა უნდა, ბოლო თაობის, ძვირადღირებული. მას სხვა სახის ტექნიკა მოსდევს – ლეპტოპები, პლანშეტები და ა.შ. ჩვენ უფრო ორიგინალურ და სახალისო დაპირებებზე ვკონცენტრირდით, რომლებიც ოჯახის წევრებმა აბიტურიენტებს, ან თავად აბიტურიენტებმა საკუთარ თავებს მისცეს. ასე განსაჯეთ და ზოგი საჩუქრად თოფს მიიღებს, ზოგი დის გამონაცვალ ტანსაცმელს, ზოგიც – “ქრაშთან” მიწერის უფლებას. ვერჩაბარების შემთხვევაში კი, ზოგის პერსპექტივა სახლიდან გაგდებაა, ზოგის ჯარი და ზოგისაც- გათხოვება.

სესილი: „მართვის მოწმობის აღება მინდა, ძალიან. დამპირდნენ, რომ თუ ჩავაბარებ, კურსებს დამიფინანსებენ. მანქანა ჯერ არ მყავს, მაგრამ არა უშავს. მაგ სურვილს მაგისტრატურაზე ჩაბარებისთვის შემოვინახავ“.

მაკო: „ჩემი და დამპირდა თავის ტანსაცმელს. ბევრი ლამაზი ტანსაცმელი აქვს, რომელჩა ჩაცმის უფლებას არასდროს მაძლევს. დამპირდა, რომ რასაც ხელს დავადებ, მაჩუქებს. ყველაზე მეტად ერთი კაბა და ერთი ფეხსაცმელი მომწონს. მაგათ არჩევას ვაპირებ“.

რევაზი: „ბაბუაჩემი დამპირდა თავის თოფს, ანტიკვარულია, საგვარეულო. არ ვიცი რაში გამოვიყენებ, მაგრამ მაინც გამიხარდა“.

ნიცა: „გამოცდების დასრულების შემდეგ ბათუმში წაყვანას იყვნენ შეპირებულები და უკვე შემისრულეს. შედეგების გაგებისთვის კი დამპირდნენ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად სადმე წასვლისა და აღნიშვნისთვის ფულს მომცემენ“.

სალო: „რამდენ საგანსაც ჩააბარებ, იმდენი 100 დოლარიო და ვნახოთ, აბა. პერსპექტივაში 400 დოლარია“.

გოგა: „მამაჩემმა – „ვიშკაზე“ მანქანით მიგიყვანო. ანუ, ჯარში, შლაგბაუმებს რომ აღებენ, მანდ, ჭიშკრამდე“.

ლიზა: „მე თავად დავპირდი ჩემს თავს, რომ თუ იქ ჩავაბარებ, სადაც მინდა, „ქრაშს“ მივწერ“.

ცირა: „რომ ჩააბარებ, მანქანას მოგისისინებ სადარბაზოსთანო, მაგრამ მეოთხე კურსზე ვარ უკვე და ჯერ ისევ გზაშია, ალბათ, ის მანქანა“.

ელიზაბეტი: „ჩაბარებით რომ ჩავაბარებდი, ვიცოდით, მაგრამ თუ უფასოზე იქნები ახალ ტელეფონს გიყიდითო. მათი სურვილი შევუსრულე და ჩემი მეორე კურსის დასაწყისში შემისრულეს. საგნების არშეტენვის პირობაც მიითვისეს“.

ანა: „ჩაბარების შემთხვევაში რას შემისრულებენ არ ვიცი, მაგრამ რომ ვერ ჩავაბარო, კი დამპირდნენ სახლიდან გამოსახლებას“.

აქსანა: „მამაჩემმა მანქანას გიყიდი და ეზოს ჭიშკარსაც მე გაგიღებო. მომატყუა, რა თქმა უნდა, უკვე მეოთხე კურსზე ვარ და არაფერი უყიდია“.

ნია: „ტურიზმის განხრით ვაბარებ და ჩემები დამპირდნენ, რომ თუ კარგი ქულებით ჩავაბარებ, საახალწლოდ სამოგზაუროდ წავალთ, ევროპის რომელიმე 2-3 ქალაქს ვნახავთ. ჯერ უცხოეთში არასოდეს ვყოფილვარ, ჩემი მშობლებიც ახალგაზრდობის მერე არ გასულან ქვეყნიდან, ამიტომ ამ მოგზაურობას ძალიან ველოდებით. ლამის ჩაბარებაზე უფრო მეტად“.

ნინუცა: „MacBook-ს დამპირდნენ, თუმცა არ ვიცი რამდენად შეძლებენ, რადგან ჩემმა მშობლებმა წელს ყველაფერი, რაც გააჩნდათ, ჩემს სწავლაში ჩადეს, ბოლო თეთრამდე. სიმართლე გითხრათ, ამან უფრო დიდი სტიმული მომცა, ვიდრე დაპირებულმა MacBook-მა“.

რომა: „მოტოციკლი მინდა ბავშვობიდან და არასოდეს მთანხმდებოდნენ. ახლა დამპირდნენ, რომ თუ კარგად ჩავაბარებ და თან დავუმტკიცებ, რომ მოტოციკლის მართვა მაღალ დონეზე შემიძლია, მიყიდიან. ვნახოთ, ჯერ-ჯერობით ვერც ერთი პირობა ვერ შევასრულე“.

გოგიტა: „მშობლები არა, მაგრამ ბიძა და მამიდა დამპირდნენ, რომ თუკი იმ უნივერსიტეტსა და ფაკულტეტზე მოვხვდები, სადაც მინდა, თანხას მაჩუქებენ. მე მგონია, რომც ვერ მოვხვდე, პირობას მაინც შეასრულებენ, ამიტომ არ ვნერვიულობ“.

მარი: „მამაჩემმა – გაგათხოვებო“.

თეო: „კაი შაურმების ჭამას დამპირდნენ“.

ხვიჩა: „მე შევპირდი შვილს გრანტის აღების შემთხვევაში, მანქანას გიყიდი – მეთქი და შევუსრულე კიდეც. გამოვუწერე და მალე ჩამოუვა. შარშან იყო აბიტურიენტი და 70%-იანი გრანტით ჩააბარა“.

თათია: „ჩემი დის შვილები აბარებენ, ტყუპები. რაიმე ნივთის ყიდვას არ დავპირებივართ. უბრალოდ, დავპირდით, რომ თუ კარგად ისწავლიან და მონდომებას დაგვანახებენ, ჩვენც ყველანაირად შევუწყობთ ხელს, მათ შორის უცხოეთში სწავლის მხრივ და ა.შ. მგონია, რომ ეს ყველაზე სწორი დაპირებაა“.

EDU.ARIS.GE თითოეულ ჩვენს რესპონდენტსა და მათ შვილებს წარმატებებს უსურვებს.

ასევე იხილეთ:

იპოვე შენი თავი EDU.ARIS.GE-ს TikTok-ზე 😘

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური