„სამ წელში გალის რაიონში ქართული სკოლა კი არა, კლასიც აღარ იარსებებს!“
ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები ადამიანებისთვის სულ უფრო მეტად რთულდბა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შესაძლებლობა. მათ კი, ვისაც უმაღლეს სასწავლებლებში აქვთ სწავლის გაგრძელების სურვილი, საოკუპაციო რეჟიმი ე.წ. საზღვრის გადმოკვეთასთან დაკავშირებით ისეთ პრობლემას უქმნის, რომ ხშირად, სიცოცხლის რისკის ფასად უწევთ გამოცდებზე გამოცხადება. წელს სახელმწიფომ დაუშვა პრეცედენტი, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ახალგაზრდებს, უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელება უგამოცდოდ შეეძლებათ.
თუმცა იმ ნაბიჯების მიუხედავად, რაც სახელმწიფოს მხრიდან იდგმება, კვლავ გამოწვევად რჩება სახელმძღვანელოები, ქართულ ენაზე სწავლება და ქართული სკოლების არსებობა.
გალის რაიონის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა შონია აცხადებს, რომ ომის შემდგომ აღდგენილი 34 სკოლიდან 4 უკვე დაიხურა, დანარჩენებში ქართული ენის სწავლებას სულ რაღაც ერთი ან ორი საათი ეთმობა კვირაში, ხოლო ქართული სკოლის სტატუსი უკვე არც ერთ სკოლას არ აქვს და მთლიანად გადასულია რუსულენოვან სწავლებაზე.
„ომის შემდგომ 34 სკოლა აღადგინეს, მაგრამ კონტინგენტის სიმცირის გამო, 4 დაიხურა. სოფელ შეშელეთში, დიხაზურგაში დაწყებითი სკოლა დაიხურა, დაიხურა რეფის საშუალო სკოლა და ასევე თაგილონის საშუალო სკოლამ სწორედ მოსწავლეთა სიმცირის გამო შეწყვიტა მუშაობა. ტყვარჩელისა და ოჩამჩირისათვის გადაცემული სკოლებიდან სრულიად განიდევნა მშობლიური ქართული ენა და დომინანტი გახდა რუსული, მაშინ, როდესაც ამ ზონებში ქართველი მოსახლეობა პროცენტულად ჭარბობს სხვა ეთნიკურ წარმომავლობას. ქართულ ენას, თუნდაც რიგით საგანს, ერთი საათიც კი არ ეთმობა. შემცირებულია ქართული ენის საათების რაოდენობა გალის ზედა ზონის სკოლებშიც, 9 სკოლაში ორიოდე საათით ისწავლება. დანარჩენ სკოლებში, პირველი კლასიდან მე-11 კლასის ჩათვლით, ერთი საათი ეთმობა ქართულ ენას და ერთი ლიტერატურას. ქვედა ზონის 11 სკოლა 2014-2015 წლამდე ინარჩუნებდა ქართული სკოლების სტატუსს, თუმცა ადმინისტრაციის გადაწყვეტილებით, 2014-2015 წლიდან მოხდა ამ სკოლების ერთბაშად გადაყვანა რუსულენოვან სწავლებაზე და ქართული კლასების რუსულით ჩანაცვლება. ქვედა ზონაში მიმდინარე სასწავლო წელს დარჩენილია მხოლოდ და მხოლოდ სამი კლასი მე-9, მე-10, მე-11 კლასები. გაივლის ეს სამი წელი და არათუ ქართული სკოლა, არამედ ქართული კლასიც კი არ იარსებებს რაიონის მასშტაბით“, – ამბობს ნანა შონია.
მისივე თქმით, დღეის მდგომარეობით, გალის რაიონის ზედა და ქვედა ზონაში დარჩენილი 19 სკოლის 1-ელ- მე-11 კლასებში ქართულ ენასა და ლიტერატურას სულ 28 საათი ეთმობა, დანარჩენი საგნების სწავლება რუსულ ენაზე მიმდინარეობს, თავად რუსულ ენასა და ლიტერატურას კი 79 საათი ეთმობა, გალის ქვედა და ზედა ზონის სკოლებში 57 საათი. ამასთან, საგნები სკოლებში რუსეთის ფედერაციისთვის განკუთვნილი ძვირადღირებული წიგნებით ისწავლება და იმდენად მოძველებული ენითაა ეს ლიტერატურა დაწერილი, რომ თვითონ პედაგოგებსაც უჭირთ გაგება.
მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება
- პრაქტიკოსი სპეცმასწავლებლების მიერ კომპეტენციის დადასტურების ვალდებულების დრო ისევ გახანგრძლივდა by ARIS.GE-განათლება