GE

სამაგისტრო გამოცდაზე 2 საათით ადრე გამოცხადებული აპლიკანტები და B ტიპის ტესტის საკითხები

2018 წლის გამოცდებს ის აპლიკანტებიც შეუერთდნენ, რომლებმაც ერთიან სამაგისტრო გამოცდებზე არჩევანი B ტიპის ტესტზე გააკეთეს. მათ გამოცდა ჯერ მხოლოდ B ტიპის ტესტის ერთ ნაწილში – წაკითხულის გააზრებასა და ანალიტიკურ წერაში ჩააბარეს.

სამაგისტრო გამოცდების პირველი დღეებისგან განსხვავებით, გუშინ მაგისტრობის მსურველები ცოტა დაბნეულები ჩანდნენ. მათი ნაწილი საგამოცდო ცენტრებში, გამოცდების დაწყებამდე, 1-2 საათით ადრე გამოცხადდა, მიუხედავად იმისა, რომ საგამოცდო ბარათში რეგისტრაციის დაწყების დროდ 15:00 საათი იყო მითითებული.

EDU.ARIS.GE დაინტერესდა რა იყო საერთო სამაგისტრო გამოცდაზე აპლიკანტების  ადრე გამოცხადების მიზეზი და რა აზრი აქვთ მაგისტრობის მსურველებს “ნაეკის” მიერ B და C ტიპის ტესტების პასუხების წინასწარ გამოქვეყნების ფაქტზე.

173-ე სკოლაში გახსნილ საგამოცდო ცენტრთან რუსუდან ადამია 2 საათით ადრე გამოცხადდა და როგორც თავად გვითხრა, ეს დრო ანალიტიკური ესეების კითხვით გაიყვანა. იგი თვლის, რომ გამოცდის წარმატებით ჩაბარება არ გაუჭირდება, რადგან ნამუშევარი აქვს როგორც გასული წლების ტესტებზე, ისე დამატებით მასალებზე. რუსუდანის აზრით, საგამოცდო ცენტრის მიერ შემთხვევით გამოქვეყნებული B ტიპის ტესტის პასუხები კი შეცვლილი იქნება: ,,მეგონა, გამოცდა 2 საათზე იწყებოდა და ძალიან ადრე მომიწია მოსვლა. ბიზნესის მიმართულებით ვაპირებ მაგისტრატურაზე სწავლას. ამ გამოცდებისთვის მასწავლებელთან არ ვემზადებოდი, თუმცა წინა წლების ტესტები გაკეთებული მაქვს, წლევანდელი A ტიპის ტესტის ნიმუშიც ვნახე და ვფიქრობ, არ უნდა გამიჭირდეს. როგორც წესი, B ტიპის ტესტებში მათემატიკური ნაწილი უფრო რთულია, ანალიტიკური – შედარებით მარტივი. შემთხვევით გამოქვეყნებული პასუხების მოსვლის იმედი არ მაქვს. თავიდან კი ვიფიქრე დავიზეპირებ-მეთქი, მაგრამ მერე მივხდი, უკეთესი იქნებოდა იმ დროს სხვა რამის წაკითხვისთვის თუ გამოვიყენებდი. დარწმუნებული ვარ, პასუხები არეული იქნება. კითხვები ხომ ელექტრონული სახით მოგვდის, პასუხების გადაადგილება არ გაუჭირდებოდათ”, – ამბობს რუსუდანი.

173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული პირველი აპლიკანტი ნინო ქავთარაძე ჩვენთან გამოცდაზე მოსულ საკითხებს იხსენებს და ამბობს, რომ რთული თემები არ შეხვდათ.

,,არგუმენტირებული ესე მოვიდა თემაზე, უნდა იყოს თუ არა კვოტირებული ქალების რაოდენობა პარლამენტში. მეორე ტექსტს კი ასეთი შინაარსი ჰქონდა – ქალაქის მერიამ ჩაატარა ტრენინგი საგზაო დაცვის წესების დაცვასთან დაკავშირებით. შემდეგ ჩაატარეს კვლევა მათზე ვინც მიიღო მონაწილეობა ტრენინგში და ვინც არა. აღმოჩნდა, რომ საგზაო წესებს ისინი უფრო არღვევდნენ, ვინც ტრენინგი გაიარა. გარკვეული დაშვებებით ეს ფაქტი უნდა აგვეხსნა. ვფიქრობ, თავი კარგად გავართვი“, – აღნიშნა ნინომ. მისივე თქმით, ორივე დავალება კარგად დაწერა და არც მოსული საკითხებითაა უკმაყოფილო: ,,საინტერესო თემები შეგვხვდა, ვფიქრობ, კარგად დავწერე. შემთხვევით გამოქვეყნებული ტესტების პასუხები არც მინახავს. ვიცი, რომ შეცვლილი იქნებოდა“.

შემთხვევით გამოქვეყნებული პასუხების შესახებ საერთოდ არ იცოდა მაგისტრობის მსურველმა მიხეილ სიდამონიძემ, რომელიც ამბობს, რომ გამოცდა მარტივი იყო: ,,თემები ძალიან ადვილი მომეჩვენა. კარგი სამსჯელი იყო. პასუხების გამოქვეყნების შესახებ, თქვენგან გავიგე”,- ამბობს მიხეილი.

შეგახსენებთ, რომ გუშინ B ტიპის ტესტის წაკითხულის გააზრებისა და ანალიტიკურ წერის გამოცდაზე დარეგისტრირებული აპლიკანტებიდან მხოლოდ 86 % გამოცხადდა. დღეს კი იგივე აპლიკანტები 15:00 საათზე რეგისტრაციას და ოთხ საათზე გამოცდას B ტიპის ტესტის ლოგიკურ და რაოდენობრივ მსჯელობაში ჩააბარებენ.

ამავე თემაზე:

„ნაეკი“, სამაგისტრო გამოცდებამდე პასუხების გამოქვეყნების შესაძლო ფაქტზე, იმ აპლიკანტებს აფრთხილებს, ვინც B და C ტიპის ტესტი უნდა წერონ

„აზრი არ აქვს როგორი ტექსტია, დიდად შინაარსიც ვერ გამოვიტანე“ – სამაგისტრო გამოცდის პირველი დღის შეფასებები

საერთო სამაგისტრო გამოცდაზე გამოყენებული A ტიპის ტესტები და სწორი პასუხები – გამოცდები 2018

მოამზადა მარიამ ელიაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური