GE

სამოქალაქო განათლების სწავლება მესამე კლასიდან, მოსწავლეებისთვის კი გრანტების გაცემა იგეგმება

“სამოქალაქო განათლება” – როგორც გაკვეთილი მოსწავლის ცხრილში დაახლოებით 7 წლის წინ გაჩნდა. მიუხედავად ამისა, სპეციალისტების თქმით, იმას, რომ ამ საგნის საჭიროება მოსწავლეებთან ერთად მასწავლებლებს და მთლიანად საზოგადოებას გაეცნობიერებინა, წლები დასჭირდა. შედეგად, ბოლო ერთი წელია, “სამოქალაქო განათლება” მზარდად პოპულარული დისციპლინა გახდა. აღნიშნულს გარკვეული ბიძგი არასამთავრობო სექტორის ზოგიერთი წარმომადგენლის რიგმა აქტივობებმაც მისცა. შეფასებისა და გამოცდების ერთიანმა ეროვნულმა ცენტრმა კი, შესაბამის უწყებებს, მე-12 კლასში არსებული ამ არჩევითი საგანის მისაღებ გამოცდებზე არჩევით გამოცდად დამტკიცება შესთავაზა.

თუ დღეს საჯარო სკოლებში სამოქალაქო განათლება 9-10 კლასში ისწავლება და დამამთავრებელ კლასებში არჩევითია, ამ საგნის დაწყებითი კლასების საფეხურზე ჩამოტანასა და საათების გაზრდაზე ისაუბრეს სასტუმრო “ამბასადორში” გამართულ დირექტორთა კონფერენციაზე. კონფერენციას სადაც საუბარი ეროვნული სასწავლო გეგმის რევიზიასა და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ “სამოქალაქო განათლების” პროგრამის გაძლიერებაზე მიმდინარეობდა, Aris.ge-განათლება დაესწრო და როგორც ინიციატორებს, ისე მასწავლებლებსა და დირექტორებს მოუსმინა.

ღონისძიების ორგანიზატორები განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო და ამერიკული ორგანიზაცია “PH INTERNATIONAL” იყვნენ. სწორედ ეს ორგანიზაცია ახორციელებს სამოქალაქო განათლების ახალ პროგრამას “მომავლის თაობა”.

პროგრამა საქართველოს ყველა რეგიონს მოიცავს და სამოქალაქო განათლების სწავლების ხარისხის ამაღლების მიზნით, 480 სკოლას გაუწევს დახმარებას.

როგორც გაირკვა, პროგრამის ფარგლებში სკოლები დამხმარე სახელმძრვანელოებს მიიღებენ; იგეგმება პედაგოგთა გადამზადება, სასკოლო სამოქალაქო კლუბების შექმნის მხარდაჭერა და სკოლისა და საზოგადოების სასარგებლოდ, სხვადასხვა პროექტების განხორციელებაში მოსწავლეთა ხელშეწყობა.

“პროგრამა მთელი საქართველოს მასშტაბით სამი წლის მანძილზე გაგრძელდება, ის ხელს შეუწყობს სამოქალაქო განათლების სასწავლო პროგრამის გაძლიერებას სკოლებში და მოსწავლეების მიერ სამოქალაქო განათლების გაკვეთილზე მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას. პროგრამის ფარგლებში, აკრედიტებული ტრენინგკურსით 480 პედაგოგი გადამზადდება; პედაგოგები გაივლიან ტრენინგებს სამოქალაქო განათლების სახელმძღვანელოს გამოყენებისთვის. მათ პროფესიული გამოცდილების გაზიარების საშუალებ ექნებათ – გაიმართება მრგვალი მაგიდა, ღია გაკვეთილები, შეიქმნება პროფესიული გაზიარების ჯგუფები; მნიშვნელოვანია პედაგოგების მიერ ახალი ტექნოლოგიების გამოყენება.

ამ მიმართულებთ მათთვის ჩატარდება ტრენინგები, რათა მასწავლებლებმა ისწავლონ ბლოგების წარმოება და თავიანთი პორტფოლიოების ატვირთვა ბლოგებზე; წლიურ სამოქალაქო კონფერენციებსა და გამოფენებზე, რეგიონების მიხედვით, გამოვლინდებიან და დაჯილდოვდებიან საუკეთესო პედაგოგები”,-განაცხადა პროგრამის ხელმძღვანელმა მარინა უშვერიძემ.

როგორც კონფერენციაზე ითქვა, გათვალისწინებულია მოსწავლეების მიერ სკოლისა და საზოგადიების საჭიროებებზე ორიენტირებული პროექტების დაფინანსება. საზოგადოებისთვის აქტუალური საკითხების განხილვის მიზნით, მოექყობა მოსწავლეთა შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან; მოსწავლეების გაემგზავრებიან სამოქალაქო განათლების საზაფხულო ბანაკებში.

აღსანიშნავია, რომ პროგრამაში ჩართული ყველა სკოლა, სამოქალაქო განათლების დამხმარე სახელმძღვანელოს მიიღებს. აზერბაიჯანულენოვანი და სომხურენოვანი სექტორის სკოლებისთვის სახელმძღვანელოები შესაბამის ენებზე ითარგმნება.

გარდა ამისა, პროგრამის ფარგლებში, სკოლებისთვის პროექტების განსახორციელებლად საჭირო ინვენტარის გადაცემა იგეგმება. წარმატებული სკოლები სასკოლო გარემოს გაუმჯობესებისთვის გრანტს მიიღებენ. იმუშავებს სამოქალაქო ინიციატივების ვებ-პორტალები — www.civics.ge, www.initiatives.ge, სადაც მოსწავლეებისთვის, პედაგოგებისა და სკოლის ადმინისტრაციისთვის სასარგებლო და საჭირო ინფორმაცია აიტვირთება.

ცნობილი გახდა ისიც, რომ სამომავლოდ, ავტორთა ჯგუფის მიერ სამოგალაქო განათლების სახელმძღვანელოს გრიფზე წარდგენა იგეგმება.

სახელმძღვანელოებზე მუშაობა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროშიც დაწყებულია. სამინისტროს წარმომადგენელმა და სამოქალაქო განათლების ექსპერტმა ნიკოლოზ სილაგაძემ კონფერენციაზე რევიზირებული ეროვნული სასწავლო გეგმის –სასკოლო ბადის ცვლილებებზე ისაუბრა. ცვლილებები პირველ ეტაპზე პირველი – მეექვსე კლასის დონეზეა დაგეგმილი. აღნიშნული ცვლილებით სამოქალაქო განათლებლის შესწავლას მოსწავლეები მეშვიდე კლასის ნაცვლად მესამე კლასიდან დაიწყებენ. ახალ საგანს კი “მე და საზოგადოება” ერქმევა.

“ამ საგნის ფარგლებში იქნება გაშლილი თემები “მე და ოჯახი”, თემი რომელშიც მე ვცხოვრობ მედია და ინფორმაცია, განათლება, რელიგია, ეკონომიკა, სახელმწიფო. ამ საგნის შესწავლა მეოთხე კლასშიც გაგრძელდება. მეხუთე–მეექვსე კლასელები კი სამოქალაქო განათლების შესწავლას უკვე საგნის “ჩემი საქართველოს” ფარგლებში გააგრძელებენ. რაც მთავარია, ეს არ უნდა იყოს მკვდარი საგანი მხოლოდ დაფისა და ცარცის ურთიერთობის რეჟიმში,”– განმარტავს ნიკოლოზ სილაგაძე.

მისივე ინფორმაციით, დაგეგმილია ცვლილებები მოსწავლეთა შეფასების სისტემაში. იგეგმება სადამრიგებლო საათის გაძლიერება. მუშავდება დანართები პედაგოგებისთვის და სახელმძღვანელოები. ზუსტდება სკოლის გარე შეფასების კრიტერიუმები.

კონფერენციაზე დამსწრე პედაგოგთა და დირექტორთა უმეტესობა, Aris.ge-განათლებასთან საუბარში, დაგეგმილ სიახლეებს პოზიტიურად აფასებს. გამოკითხულთა უმრავლესობა თანხმდება, რომ დღეს ახალი თაობა სამოქალაქო განათლების სწავლების აუცლებლობის წინაშე დგას.

ირმა კოპალეიშვილი– #128 სკოლის პედაგოგი: “რაც წარმოადგინეს არაჩვეულებრივია და ძალიან კარგი, თუ განხორციელდება. ჩვენ, სამოქალაქო განათლების პედაგოგებიც შევუწყობთ ხელს, მაგრამ რაც დღეს დაგვპირდნენ თუ არ შესრულდა, რიგი ღონისძიებების გატარება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. იმედია, სახელმძღვანელოებსაც დაგვირიგებენ, საჭირო ინფრასტრუქტურასაც და პროგრამებსაც დააფინანსებენ.

იოსებ გუტაშვილი – კერძო სკოლა “შოვი” დირექტორი: “პირადად მე, ვფიქრობ, რომ ძალიან ბევრია დამოკიდებული მოსწავლეებსა და პედაგოგებზე, მათ პირად ინიციატივებზე. იმედია, რაც დღეს თეორიულად ჩამოაყალიბეს ამას პრაქტიკაშიც განახორციელებენ. ითქვა რომ პროექტის ფარგლებში მცირე გრანტებიც გაიცემა. შეიძლება მართლაც მცირე იყოს, მაგრამ მოსწავლისთვის დიდი მოტივაცია იქნება. მას შემდეგ, რაც მასალებს მივიღებ, გავაანალიზებ, მოსწავლეებთან ერთად ვიმსჯელებთ და ალბათ, ყველა ღონისძიებაში მივიღებთ მონაწილეობას. მასწავლებელმა და მოსწავლემაც უნდა ვიცოდეთ, როგორ გავალამაზოთ და მოვუაროთ გარემოს, რომელშიც ვცხოვრობთ. რაც შეეხება საგნის მესამე კლასიდან სწავლებას, ეს რთული საკითხია, დაფიქრებას მოითხოვს. პირდაპირ ვერ გეტყვით რომ კარგია, ან ცუდი.

პროგრამის “მომავალი თაობა” ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების გატარება მომდევნო სემესტრიდან დაიწყება. რაც შეეხება იმას, თუ რომელი კლასიდან და როდიდან დაიწყება სამოქალაქო განათლების შესწავლა სკოლებში, როგორც Aris.ge-განათლებამ გაარკვია, ეს რიგ საკითხებზეა დამოკიდებული. 1–6 კლასებისთვის საგნის რევიზია დასრულებულია, ახლა, მთავარია რა რეკომენდაციები ექნებათ პრაქტიკოს პედაგოგებს. მასალა სკოლის დონეზე გადამუშავდება და მომზადდება. საბოლოო ვერსიას განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო დაამტკიცებს და სწორედ ამის შემდეგ დაიწყება მისი იმპლემენტაცია. რაც შეეხება მე-7–მე-12 კლასებს, ამ სეგმენტისთვის მასალისა და საჭიროებების რევიზია ამ ეტაპზე მიმდინარეობს.

ეკა არის© წივწივაძე

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური