GE

საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტებს, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ხელახლა გასვლის საშუალება მიეცეთ

სულ მალე, შესაძლოა, ერთიან ეროვნულ გამოცდებს, მისი არსებობის ისტორიაში საკმაოდ მნიშვნელოვანი და შეიძლება ითქვას, საეტაპო ცვლილება შეეხოს და გამოცდებზე საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის შემთხვევაში, აბიტურიენტებს, გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლება მიეცეთ. სიახლის მნიშვნელობაზე მეტყველებს ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად, უმაღლეს სასწავლებლებში მისაღებ კონკურსს არაერთი ისეთი აბიტურიენტი ეთიშება, რომელიც გამოცდაზე დასწრებას ჯანმრთელობასთან დაკავშირებთ შექმნილი პრობლემების, ან ოჯახური ტრაგედიის გამო ვერ ახერხებს. ეს კი მათი გამოცდებიდან მოხსნის საფუძველი ხდება.

სწორედ ამიტომ, ევროპის უნივერსიტეტის სტუდენტებმა, უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში, კონსტიტუციური სარჩელი მოამზადეს, რომელიც ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტთა საპატიო მიზეზით გამოუცხადებლობის საკითხს, ეხება. ავტორები რეგულაციას, რომელიც ზღუდავს ტესტირების აღდგენის შესაძლებლობას, არაკონსტიტუციურად მიიჩნევენ. სარჩელი, სულ ახლახანს, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო.

EDU.ARIS.GE-ს არაერთი ასეთი შემთხვევა გაუშუქებია. მაგალითისთვის, ჩვენ გაგვიშუქებია გოგონას ამბავი, რომელსაც 2021 წლის ქართულის გამოცდამდე 2 დღთ ადრე გადაუდებელი ოპერაციის გაკეთება დასჭირდა და ეს მისი გამოცდებიდან მოხსნის მიზეზი აღმოჩნდა. აგრეთვე შევსწრებივართ ბიჭის ემოციურ სცენას, რომელსაც გამოცდაზე იმის გამო დააგვიანდა, რომ მამის სასწრაფოდ კლინიკაში გადაყვანა მოუწია. მათ და არაერთ მათნაირ ახალგაზრდას გეგმები თავდაყირა ერთი მიზეზით უდგებათ – შეფასებისა და გამოცდების ცენტრი დღეს მოქმედი კანონმდებლობით არ უშვებს გამოცდებზე ხელახალი გასვლის შესაძლებლობას.

აღსანიშნავია, რომ 2020 და 2021 წელი, ამ მხრივ, გამონაკლისი იყო. კორონავირუსის პანდემიამ სამინისტროსა და გამოცდების ცენტრს სიხისტის შერბილებისაკენ უბიძგა და კოვიდ-19-ით დაავადებული აპლიკანტებისათვის დამატებითი სესიების ჩანიშვნა აიძულა. თუმცა, როგორც უკვე ვთქვით, ეს სასიკეთო ცვლილება მაინც ვერ შეეხო ისეთ აბიტურიენტებს, რომლებმაც გამოცდაზე მისვლა არა კორონავირუსის, არამედ სხვა პრობლემის გამო ვერ მოახერხეს (ავადმყოფობა, ოჯახის წევრის გარდაცვალება და ა.შ).

სარჩელის ავტორები ასაჩივრებენ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის ბრძანებით დამტკიცებულ „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების“ მე-20 მუხლის მე-5 პუნქტის კონსტიტუციურობას, საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველ პუნქტთან და მეორე პუნქტის მე-4 წინადადებასთან მიმართებაში. „ტესტირებაზე გამოუცხადებლობა აბიტურიენტს ართმევს უფლებას მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა ტესტირებაზე გამოუცხადებლობა ობიექტური მიზეზით იყო გამოწვეული თუ არა“, – ვკითხულობთ განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებაში, რომელიც ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების წესს ადგენს. ანუ, მნიშვნელობა არ აქვს რამდენად ობიექტური თუ ფორსირებული მიზეზით არის გამოწვეული გამოცდის გაცდენა, აბიტურიენტს არც ერთ შემთხვევაში არ აქვს უფლება გაიაროს დამატებითი ტესტირება. მაშინაც კი, თუ იგი სრულიად საპატიო, მისგან დამოუკიდებელი მიზეზით ვერ მივიდა გამოცდაზე, ყველა შემთხვევაში კარგავს უმაღლეს საგანამანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის უფლებას, მინიმუმ, ერთი წლით. ეს კი, აბიტურიენტებისა და მათი ოჯახისათვის, ხშირ შემთხვევაში ემოციურად და ფინანსურად რთულად გადასატანია, რადგან მომდევნო წლისთვის მომზადება, ოჯახისგან, დამატებით სახსრებს მოითხოვს.

სარჩელის ავტორები ამტკიცებენ რომ გამოცდებზე ობიექტური მიზეზებით გამოუცხადებლობა არ უნდა იყოს აპლიკანტის კონკურსიდან მოხსნის მიზეზი და რომ ეს საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლის პირველი პუნქტს ეწინააღმდეგება, რომელიც ამბობს, რომ ყველას აქვს განათლების მიღებისა და მისი ფორმის არჩევის უფლება. აღსანიშნავია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს აღნიშნულ საკითხზე არასოდეს უმსჯელია.

ამ მნიშვნელოვანი პროცესის შესახებ EDU.ARIS.GE-ს ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ხელმძღვანელი, სამართლის საბაკალავრო პროგრამის ხელმღვანელი, სამართლის დოქტორი, თათია დოლიძე ესაუბრა:

თათია დოლიძე: ჩვენს უნივერსიტეტში განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება კონსტიტუციას, როგორც ძირითად სახელმწიფო სიმბოლოს და კონსტიტუციით განტმკიცებულ სამართლებრივ, ადამიანურ ფასეულობებს და ეს აისახება ყველა მიმართულებით. უპირველეს ყოვლისა, ევროპის უნივერსიტეტში არსებობს კონსტიტუციის სახელობის სასამართლო დარბაზი, სადაც სტუდენტების მონაწილეობით მუდმივად იმართება იმიტირებული სასამართლო პროცესები. ევროპის უნივერსიტეტმა განსაკუთრებული ენთუზიაზმით აღნიშნა საქართველოს კონსტიტუციის 100 წლისთავი. უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამაში გვხვდება მთელი რიგი სასწავლო კურსები ამ მიმართულებით. პროგრამაში დიდი წილი ეთმობა ადამიანის უფლებების სწავლებასაც. აღნიშნული სასწავლო კურსების ლექტორები დარგის წამყვანი სპეციალისტები არიან.

სამართლის პროგრამის ფარგლებში ფუნქციონირებს სამართლებრივი დახმარების ცენტრი, რომელიც სტუდენტების პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზეა ორიენტირებული. ამ ცენტრში სტუდენტები ყველა მიმართულებით მუშაობენ – იურიდიულ კონსულტაციას გასცემენ, სხვადასხვა ტიპის იურიდიულ დოკუმენტაციას, სარჩელებს ამზადებენ, და ა.შ. სტუდენტებმა გადაწყვიტეს, რომ ეს ძალიან უსამართლო ჩანაწერი იყო (გულისხმობს გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლების ჩამორთმევას- ავტ.), ვინაიდან კონსტიტუციით გარანტირებულ განათლების უფლებას ეწინააღმდეგება და გაჩნდა იდეა, რომ სარჩელი მოემზადებინათ. სამართლებრივი დახმარების ცენტრში მაშინვე გამოიყვნენ კოორდინატორები – ჩვენივე ლექტორები, რომლებიც მათ ეხმარებოდნენ და მოამზადეს სარჩელი, რომელიც ამ რეგულაციის შეცვლას ითხოვს.

– და სარჩელი სასამართლომ არსებითად განსახილველად მიიღო?

– დიახ, მიიღო. მოგეხსენებათ. საკონსტიტუციო სასამართლო საკმაოდ გადატვირთულია, ბევრი საქმეა და ყველაფერი სწრაფად არ ხდება, მაგრამ დაახლოებით ერთი წლის მერე მივიღეთ დასტური, რომ სასამართლომ კონსტიტუციური სარჩელი არსებითად განსახილველადი მიიღო.

– ვინ წარმოადგენს თქვენს ინტერესებს სასამართლოში?

– უშუალო წარმომადგენლები არიან ჩვენივე სტუდენტები, რომლებიც, ამ დროისთვის უკვე კურსდამთავრებულებიც არიან – არჩილ მორბედაძე და ამალი ბადალიანი (დავის სპეციფიკიდან გამომდინარე მომჩივანები უნდა ყოფილიყვნენ დამამთავრებელი კურსის სტუდენტები, სარჩელის სასამართლოში გაგზავნიდან მისი არსებით განსახილველად მიღებამდე 1 წელი გავიდა, რა დროშიც ე.წ. მომჩივანებმა უნივერსიტეტი დაამთავრეს). უშუალოდ კონსტიტიციური სარჩელის მზადებისას კი ჩართული იყო ათამდე სტუდენტი, ზეპირი მოსმენისთვის მზადებაშიც ჩართული არის სტუდენტთა შედარებით დიდი ჯგუფი, ვინაიდან, კონსტიტუციური სარჩელის შედგენას, მხარის სიტყვასა და არგუმენტების მომზადებას საკმაოდ დიდი შრომა სჭირდება, აუცილებელია თეორიული მასალის ღრმად გაცნობა (ქართული და უცხოური ლიტერატურის ანალიზი), არსებული პრაქტიკის შესწავლა, სადავო ნორმის შინაარსის განმარტება და ა.შ. საკონსტიტუციო დავა მაღალი რანგის დავაა და განსაკუთრებულ მომზადებას საჭიროებს.

– როგორი იყო სარჩელის მომზადების პროცესი? რა ტიპის სამუშაოს მოიცავდა და რამდენი ხანი დასჭირდა?

– როცა იდეა გაჩნდა, პანდემია საერთოდ არ იყო. მერე პანდემიაც დაიწყო და ეს თემა კიდევ უფრო აქტუალური გახდა, რადგან შესაძლოა, აბიტურიენტები გამოცდებს კოვიდის გამო ვერ ესწრებოდნენ. სარჩელზე, დაახლოებით, 3 კვირა მუშაობდნენ. ძირითადი გამოწვევა იყო ეპოვათ ჩანაწერი კონსტიტუციაში, რომელზეც აქცენტს გააკეთებდნენ და იტყოდნენ, რომ რეგულაცია მას ეწინააღმდეგება. იპოვეს კიდეც 27-ე მუხლი – განათლების მიღების უფლება.

თავდაპირველად სტუდენტები რეგულაციის გამოყენების პრაქტიკას გაეცნენ, შემდეგ შეისწავლეს სტატისტიკა – რამდენი აბიტურიენტი მოხსნილა გამოცდიდან ასეთი მიზეზით და ნორმის შინაარსიც. ამის შემდეგ უკვე რეგულაციის ჩანაწერის შესწავლაზე გადავიდნენ, სადაც წერია რომ მიუხედავად ობიექტური მიზეზისა, გამოცდის აღდგენა მაინც არ ხდება. დაფიქრდნენ რას ნიშნავს „მიუხედავად ობიექტური მიზეზისა“ და მივიდნენ დასკვნამდე, რომ გამოცდის აღდგენა არც ერთი მიზეზით არ ხდება. მხოლოდ ამის შემდეგ მოამზადეს სარჩელი. სარჩელს ჩვენც, მათმა ლექტორებმაც გადავხედეთ, შესაბამისი რეკომენდაციები მივეცით და ბოლოს სასმართლოში გაიგზავნა.

– როგორი მოლოდინი გაქვთ სასამართლოს გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით?

– იქიდან გამომდინარე, რომ ეს საკითხი პანდემიამ კიდევ უფრო აქტუალური გახადა, ნამდვილად შთამბეჭდავი განხილვის მოლოდინი მაქვს. საკონსტიტუციო სასამართლოში ნებისმიერი განხილვა შთამბეჭდავია და ვფიქრობ, რომ ნებისმიერი იურისტი აქ ერთხელ მაინც უნდა მოხვდეს. გარდა ამისა, ველი, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ჩვენს ინიციატივას გაიზიარებს. ეს მოლოდინი რომ არ გვქონდეს, სარჩელი არც შედგებოდა.

როცა ჩვენს სტუდენტს მსგავსი პრობლემა აქვს და გამოცდას საპატიო მიზეზით ვერ ესწრება, ევროპის უნივერსიტეტს გააჩნია მექანიზმი მას აღდგენის საშუალება მისცეს. ეს ყველა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში დამკვიდრებული პრაქტიკაა. რატომ არ შეიძლება იგივე პრინციპი, იგივე სამართლიანი და ადეკვატური მიდგომა აბიტურიენტებსაც შევთავაზოთ? მესმის, რომ აქ გარკვეული ტექნიკური პრობლემებია, თუმცა ტექნიკური პრობლემების გამო ადამიანის ფუნდამენტური უფლება არ უნდა შეილახოს.

– რა ეტაპებია ახლა წინ?

– ვფიქრობთ დაინიშნება ზეპირი მოსმენა, რომელზეც ორივე მხარე იქნება მიწვეული. განხილვის ფარგლებში მხარეები თავიანთ პოზიციებს დააფიქსირებენ. სასამართლო ამ არგუმენტებს განიხილავს და გადაწყვეტილებას მიიღებს. თუ გადაწყვეტილება ჩვენს სასარგებლოდ იქნება მიღებული, რეგულაცია შეიცვლება, რაც ძალიან დიდი საქმეა აბიტურიენტებისთვის. ჩვენი სტუდენტებისთვის კი ეს სამომავლო პროფესიული საქმიანობისთვის დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება.

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს განათლების სამინისტროს მთავარი არგუმენტები?
ვფიქრობ, ისინი ამას, ძირითადად, ტექნიკური მიზეზებით ახსნიან, რადგან შინაარსობრივად, გამოცდაზე ხელახლა გასვლის უფლების არმიცემას, ობიექტური მიზეზები არ აქვს. ჩვენი ახსნაც სწორედ ეს იქნება, რომ უნივერსიტეტებში ეს უფლება გარანტირებულია. ამიტომ, მგონია, რომ მათგან, ძირითადად, ტექნიკურ მიზეზებს მოვისმენთ. ჩვენი აზრით რეგულაცია არსებითად, მართლაც წინააღმდეგობაში მოდის კონსტიტუციის ამ მუხლთან (გულისხმობს 27-ე მუხლს-განათლების მიღების უფლება), ცხადია ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება მეორე მხარის პოზიციების გაცნობაც.

– გარდა ამ სასამართლო დავისა, რა სამომავლო გეგმები აქვს სამართლებრივი დახმარების ცენტრს?

– ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრმა, შექმნის შემდეგ, თავისი საქმიანობა ძალიან გააფართოვა. თავიდან მხოლოდ იურიდიულ კონსულტაციას ვგეგმავდით. ახლა უკვე, მოდიან კომპანიები, რომელთაც იურიდიულ დოკუმენტაციას ვუდგენთ. ასევე, საოჯახო დავებზე ვამზადებთ სარჩელებს, მოგებული გვაქვს არაერთი შრომით დავა. არის შემთხვევები, როცა გარკვეული ტიპის დავებზე, ჩვენი ფასეულობებიდან, ევროპის უნივერსიტეტში დამკვიდრებული ძირითადი ღირებულებებიდან გამომდინარე, უარს ვამბობთ. თუ ვხედავთ, რომ ჩვენთან მოსული მხარე აშკარად უსამართლო პოზიციას იჭერს და მისი პოზიცია პირდაპირ ან არაპირდაპირ ეწინააღმდეგება ადამიანის უფლებებს, მას უარს ვეუბნებით. ავტომატურად ყველა დავას ხელს არ ვკიდებთ. რაც მთავარია, ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრი უსასყიდლოდ ემსახურება დაინტერესებულ პირებს და ეს არის უნიკალური შანსი ნებისმიერი ადამიანისთვის მიიღოს მაღალი ხარისხის იურიდიული მომსახურება დანახარჯების გარეშე.

ცენტრის ორგანიზებით ასევე ხორციელდება საჯარო ლექციებისა და მასტერკლასების სერია სამართლის აქტუალურ საკითხებზე. ვგეგმავთ სასამართლოს მეგობრის პოზიციაზე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს სარჩელზე მუშაობასაც და არ არის გამორიცხული კიდევ ერთი კონსტიტუციური სარჩელი მომზადდეს.

ასევე იხილეთ:

ევროპის უნივერსიტეტის სამართლებრივი დახმარების ცენტრის ფარგლებში მომზადებული კონსტიტუციური სარჩელი საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არსებით განსახილველად წარმოებაში მიიღო

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური