„საქართველო ვასახელეთ!“ – ქართველი მოსწავლეების ევროპული წარმატება ჩეხეთში
აპრილის ბოლო კვირის განმავლობაში, ჩეხეთის რიგით მეორე ქალაქ ბრნოს საგანმანათლებლო დაწესებულება Cinchnova-ს კამპუსში, საქართველოს დროშა ფრიალებდა და საქართველოს ჰიმნიც არაერთხელ გაჟღერდა. სწორედ იქ, ცენტრალური ევროპის ქვეყანაში, ილია ჭავჭავაძის სახელობის თბილისის 23-ე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა და მასწავლებლებმა, ერასმუს+ პროგრამის ფარგლებში, ჩეხებს ფრანგებსა და იტალიელებს, ევროკავშირის გზასშემდგარი საქართველოს შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ჩვენი ქვეყანა საუკეთესოდ წარმოაჩინეს. „საქართველო ვასახელეთ“, – სიამაყით ამბობენ პატარა „ერასმუსელები“, რომლებიც მომავალ წელს პროექტის მონაწილე ევროპელებს სამშობლოში უმასპინძლებენ. EDU.ARIS.GE ქართველი მოსწავლეების წარმატებასა და იმის შესახებ გიამბობთ, რატომ გადაწყვიტა ევროსაბჭომ პირველად საქართველოში ერასმუს+-ის პროექტის საჯარო სკოლაში განხორციელება, რა მნიშვნელობა აქვს მას სკოლის, საგანმანათლებლო სფეროსა და ზოგადად, ქვეყნისთვის; რა პროგრამა წარადგინა ქართულ საღამოზე ქართულმა მხარემ, რა შთაბეჭდილებები შეექმნათ უცხოელებს საქართველოზე და როგორ უმასპინძლებს ჩვენი ქვეყანა 3 ქვეყნის წარმომადგენლებს 2025 წლის აპრილში.
23-ე სკოლის 23 მოსწავლისა და 4 პედაგოგის ევროპული თავგადასავალი მაშინ დაიწყო, როცა 2022 წელს, ევროსაბჭომ, შეიძლება ითქვას გამონაკლისი დაუშვა და პირველად საქართველოში, საჯარო სკოლა საგანმანათლებლო პროექტ ERASMUS+-ის სრულფასოვანი პარტნიორი გახდა. არჩევანი 23-ე სკოლაზე იმ პრინციპით გაკეთდა, რომ ის ფრანგული ენის გაძლიერებული სტატუსის მქონე ერთადერთი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. პროექტს, რომლის სახელწოდებაა „დარტანიანიდან ნაპოლეონამდე, ნაბიჯ-ნაბიჯ დიუმას ევროპა“ Erasmus+ და საფრანგეთის ჟერსის დეპარტამენტი აფინანსებს.
პროექტში მონაწილე მოსწავლეები სამეტაპიანი კონკურსით შეარჩიეს. პროექტში საქართველოსთან ერთად ჩართულია საფრანგეთი, იტალია და ჩეხეთი. 23-ე საჯარო სკოლის დირექტორის მაკა ლუტიძის განმარტებით, ევროსაბჭოსთან პარტნიორობა არა მარტო კონკრეტული სკოლის, არამედ ზოგადად, საქართველოს სასკოლო საზოგადოებისთვისაა საამაყო.
„ჩვენი სკოლა აქტიურადაა ჩართული არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო საგანმანათლებლო პროექტში, რაც ხელს უწყობს ჩვენი აღსაზრდელების დაინტერესებას, ჩართულობას და მათ მრავალმხრივი უნარებით აღჭურვას. საამაყო და ამასთანავე საპასუხისმგებლოა, რომ ჩვენ ვართ პირველები, რომლებიც Erasmus+-ის პროექტში წარმოვადგენთ საქართველოს სკოლებს. ამ პროექტის მიზანია ახალგაზრდებისთვის საერთაშორისო ღიაობის დინამიკის შექმნა, ევროპულ ინსტიტუციებთან გამოცდილებისა და პრაქტიკის გაცვლა, აქტიური მოქალაქის ჩამოყალიბება, დემოკრატიული ღირებულებების განვითარება, საერთაშორისო თანამშრომლობასა და კულტურათაშორისი უნარების განვითარება, ცნობიერების ამაღლება. პირველი შეხვედრა გასულ წელს საფრანგეთში ჩატარდა. მოგვიანებით, იტალიამ პროექტში ჩართული მასწავლებლებისთვის etwinning-ის ფარგლებში გამართა სამუშაო შეხვედრათა ციკლი. 2024 წლის 21 აპრილიდან 27 აპრილის ჩათვლით კი, Erasmus+-ის მონაწილეებს ჩეხეთმა უმასპინძლა. აღსანიშნავია, რომ პროექტის ფარგლებში ჩვენი მოსწავლეები და მასწავლებლები, საქართველოს პოპულარიზაციას წარმატებით ახდენენ, რაც ვფიქრობ, ქვეყნის წარმატებაცაა“, – განაცხადა ქალბატონმა მაკამ.
ჩეხეთში ვიზიტამდე იყო რამდენიმეთვიანი მზადება. 23-ე სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები კვირაში 2-3-ჯერ, გაკვეთილების შემდეგ შეხვედრებს მართავდნენ. გაეცნენ ალექსანდრე დიუმას ბიოგრაფიას, ლიტერატურას, დაამუშავეს დიუმას კავკასიაში მოგზაურობის დღიური და მაქსიმალურად მოემზადნენ, რომ საქართველო ევროპელი თანატოლებისთვის საინტერესოდ წარედგინათ.
ქართულ მხარეს, მასპინძლები აეროპორტში საქართველოს დროშით დახვდნენ. ოთხი ქვეყნის წარმომადგენლები, ქალაქ ბრნოში, საგანმანათლებლო დაწესებულების Cinchnova-ს კამპუსში ერთი კვირის განმავლობაში ერთად ცხოვრობდნენ და ყოველდღიურად სხვადასხვა სასწავლო-შემეცნებით აქტივობაში მონაწილეობდნენ. პედაგოგებმა კი ერთმანეთს საუკეთესო პრაქტიკის მიღწევები გაუზიარეს. პროექტის ფარგლებში, ქართველმა ბავშვებმა ჩეხ, ფრანგ და იტალიელ თანატოლებთან ერთად, მოინახულეს ნაპოლეონის აუსტერლიცის სასახლე, ამავე სახელწოდების ბრძოლის ველი და ობელისკი, დაესწრნენ თეატრალურ წარმოდგენას მშვიდობის ობელისკთან. დაათვალიერეს მაკოჩას ცნობილი მღვიმე, ესტუმრნენ გიმნაზიას, რომელშიც მასპინძლები სწავლობენ. ჩაერთნენ ისეთი ტიპის პროექტებში, რომლებიც გლობალური მოქალაქეობის განვითარებაზეა ორიენტირებული. ბავშვებისთვის განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა ხის პატარა დეტალებზე სასურველი ფიგურის ან წარწერის ამოტვიფრა და ე.წ. ბრელოკის დამზადება, ცხენებზე ჯირითი, ჰიპ-ჰოპის გაკვეთილები, სროლა და ინტელექტუალური თამაში „სკივრების გახსნა“, რომლის დროსაც, მოზარდებს სხვადასხვა კითხვაზე სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, ჩაკეტილი სკივრის პაროლის გამოცნობა და გახსნა შეეძლოთ.
ერთკვირიანი გაწერილი პროგრამის ნაწილი სხვადასხვა ქვეყნის საღამოები იყო. ქართული საღამოსთვის, 23-ე სკოლის წარმომადგენლები განსაკუთრებულად მოემზადნენ. ბავშვებმა პროექტის მონაწილეებს ევროპული საქართველოს ისტორიის, კულტურის, ტრადიციების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს და ორმოქმედებიანი სპექტაკლიც წარუდგინეს. სპექტაკლის ყველა დეტალი ათასჯერ გაანალიზებულ-გათვლილი იყო. პირველი მოქმედება ალექსანდრე დიუმას „კავკასიის“ მიხედვით დაიდგა. ქართველმა ბავშვებმა უცხოელი მოგზაურების, ასევე საქართველოს სხვადასხვა კუთხეების წარმომადგენლების როლები მოირგეს და ასე ორიგინალურად მიაწოდეს ინფორმაცია საქართველოს ისტორიის, კულტურის, ქართული ტრადიციების შესახებ. სცენაზე არაერთი ისეთი ეპიზოდი გაცოცხლდა, რომლის შესახებაც საქართველოში მოგზაურობის შემდეგ ფრანგი მწერალი აღფრთოვანებით მოუთხრობდა მკითხველს. ქართული სუფრისა და თამადის ტრადიციაზე საუბრისას, ქართველმა ბავშვებმა ის ცნობილი ფაქტიც გაიხსენეს, ჟურნალ „ცისკრის“ რედაქციაში, მამა დიუმა, მის პატივსაცემად გამართულ საღამოზე, ქართველებს ღვინის სმაში რომ შეეჯიბრა და „საუკეთესო მსმელის“ ტიტულიც მოიპოვა.
ცნობილი ფაქტია ისიც, რომ დიუმა თბილისით იყო მოხიბლული, კოლხი ქალების სილამაზისა და ბუნების შესახებ კი, განსაკუთრებით აღფრთოვანებული წერდა. ამიტომ, ქართულ საღამოს ლაიტმოტივად ძველი თბილისის ხაზიც გასდევდა. კოლხეთზე საუბრის შემდეგ კი, სპექტაკლის მეორე, დასკვნითი მოქმედებაც დაიწყო – „ოქროს საწმისი“. არგონავტების მითი, კოლხი მედეასა და ბერძენი იასონის ამბავი, ოცდამესამელებმა ჩრდილების წარმოდგენის სახით მიაწოდეს მაყურებელს. ჩრდილების თეატრმა განსაკუთრებული ოვაციები დაიმსახურა. სპექტაკლის დასრულების შემდეგ ტაში დიდხანს გაგრძელდა. „სა-ქარ-თვე-ლო!“ „სა-ქარ-თვე-ლო“ – ყვიროდნენ აღრფთოვანებული ფრანგები, ჩეხები და იტალიელები, რომლებმაც, ქართული საღამოს შემდეგ ქართული სიტყვების სწავლაც მოიწადინეს. განსაკუთრებით ცდილობდნენ „ოქროს საწმისის“ სწორად გამოთქმას.
ქართული საღამო ჰიმნით დასრულდა – 23 მოსწავლე, 4 მასწავლებელთან ერთად, გულზე ხელდადებული, ამაყად ასრულებდა ეროვნულ საზეიმო სიმღერას. დარბაზში კი ოვაციები არ წყდებოდა. ევროპელ მეგობრებს სიმბოლური საჩუქრებიც გადასცეს. ადრესატებს ყველაზე მეტად ჭიქის ხის სადგამები მოეწონათ, რომლებზეც ქართული ანბანის ასოები იყო გამოსახული – ასე, ორიგინალურად მიაწოდეს ქართველებმა ევროპელებს ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მსოფლიოში არსებულ 14 დამწერლობას შორის, ერთ-ერთი ქართულიცაა.
ერთი კვირის განმავლობაში ქართველებმა თავი გამოიჩინეს ყველა აქტივობაში. გაიმარჯვეს იტალიურ საღამოზე წარმოდგენილ ქვიზებში. მიიღეს პროექტში მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები. შეიძლება ითქვას, რომ ქართველებმა პროექტის ყველაზე აქტიური და მხიარული მონაწილეების შთაბეჭდილება დატოვეს. ამას ევროპული ასოციაციის ვებგვერდზე განთავსებული კადრებიც მოწმობს – სხვადასხვა ღირსშესანიშნაობის მოსანახულებლად „დიუმას გზას“ შემდგარი ოთხი ქვეყნის ბავშვები ავტობუსით მგზავრობენ. ქართველები კი, საფრანგეთის რევოლუციის ყველაზე ცნობილ სიმღერას, „მარსელიეზას“ მღერიან. ევროპის ასოციაციის ვებგვერდზე ამ კადრებს ფრანგულენოვანი მინაწერიც აქვს, რომელიც ასე ითარგმნება: „ლაივში გიზიარებთ საოცარ ატმოსფეროს ახალგაზრდა მუშკეტერებს შორის, რომლებიც ამჟამად Erasmus+ პროგრამას მიყვებიან ჩეხეთში. „საქართველო უმღერის საფრანგეთს“.
23-ე საჯარო სკოლის ფრანგული ენის მასწავლებელი მაკა ნადარეიშვილი აღნიშნავს, რომ ქართველებმა ევროპელებზე მართლაც გასაოცარი შთაბეჭდილება დატოვეს და ქართული კულტურის პოპულარიზაცია მოახდინეს. „ეს დიდი წარმატებაა. ამ პროექტმა ოცნებები რეალობად აქცია და დაუჯერებელ თავგადასავალში ჩაგვრთო. პროექტის ფარგლებში ოთხი ქვეყნის მოსწავლეები საფრანგეთში, ჩეხეთსა და საქართველოში ალექსანდრე დიუმას ნაკვალევს მიყვებიან. ეს უდიდესი გამოცდილებაა ყველა მიმართულებით.
“გავხდით შედარებით დამოუკიდებლები, შევიძინეთ ის უნარები, რომლებიც მრავალკულტურული ხალხის გვერდით ყოფნამ შეიძლება განივითაროს. ჩეხეთში გამგზავრებამდე კონცენტრირებულები ვიყავით ჩვენი ქვეყანა ისე წარმოგვეჩინა, რომ პარტნიორებს აქ ვიზიტი ძალიან მონდომებოდათ. ვფიქრობ, ეს იმაზე უკეთ შევძელით, ვიდრე წარმოგვედგინა. ახლა ახალი გამოწვევის წინაშე ვდგავართ – პროექტის დასკვნითი ვიზიტი საქართველოში. პირველი შემთხვევაა საქართველოს საგანმანათლებლო ისტორიაში, როდესაც საჯარო სკოლა ასეთ ფართომასშტაბიან ვიზიტს მასპინძლობს. მოსწავლეებს უამრავი იდეა და სურვილი აქვთ, მითუმეტეს ორი ქვეყნის სტუმართ-მასპინძლობის მაგალითი სახეზე გვაქვს, ჩვენ კი გვაქვს ამბიცია საუკეთესოები ვიყოთ. ძალიან ბევრი სამუშაო და საინტერესო თავგადასავალი გველოდება საქართველოში, მასპინძლის როლში“, – ამბობს ქალბატონი მაკა.
ევროპის სამი ქვეყნის წარმომადგენლები საქართველოს 2025 წლის აპრილში ესტუმრებიან და მასპინძლებთან ერთად გაუყვებიან ალექსანდრე დიუმას მოგზაურობის გზას. მოინახულებენ კახეთის ქალაქებს, ანანურს, უფლისციხესა და თბილისს. გაეცნობიან ქართულ კულტურას, მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა ვორქშოპში, როგორიცაა ქართული რეწვა, ქართული ანბანი, კულინარიული მასტერკლასები, ტრადიციული საკრავები, ფოლკლორი და სხვ. Erasmus+-ის პროექტის ფინალური აქტივობა კი მოგზაურობის დღიურის შექმნა იქნება, რომელიც 2022 წლიდან 2025 წლის პერიოდს მოიცავს. დღიური პუბლიკაციად ჩამოყალიბდება და ევროპარლამენტს წარუდგენენ.
საქართველოში დაბრუნებულ პატარა ერასმუსელებს აეროპორტში სკოლის დირექტორი და სხვადასხვა საგნების პედაგოგებიც დახვდნენ. მაკა ლუტიძემ მადლობა გადაუხადა მათ და მასწავლებლებს საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს საუკეთესოდ წარმოჩენისა და სკოლის განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის. მოსწავლეებმა ჩეხეთში, დიუმას ნაკვალევზე მოგზაურობის შთაბეჭდილებები EDU.ARIS.GE-ს ჯერ კიდევ მაშინ გაუზიარეს, როცა ემოციები განელებული არ იყო, თუმცა ამბობენ, რომ ემოცია, ცხოვრების ბოლომდე გაჰყვებათ:
„ჩვენი ევროპელი მეგობრები ამბობდნენ, რომ საქართველოს შესახებ ძალიან ბევრი ახალი რამ შეიტყვეს“, „უკვე ყველაფერი აინტერესებთ, რაც საქართველოს შეეხება“, „ქართული ცეკვის რამდენიმე ილეთი ვასწავლეთ და დავპირდით, რომ ცეკვის მასტერკლასს მომავალში აუცილებლად ჩავუტარებთ“, „ყველა აქტივობაში ლიდერები ვიყავით, საქართველო ვასახელეთ“, „ფრანგები აღფრთოვანდნენ, როცა მათი ჰიმნიც ვიმღერეთ“, „იტალიელებს განსაკუთრებით შევუყვარდით და „სა-ქარ-თვე-ლო“-ს ყველაზე ომახიანად ყვიროდნენ“, „ჩეხებს უკვირდათ, რომ მათი ქვეყნის და ღირსშესანიშნაობების შესახებ ბევრი რამ ვიცოდით“, „ამბობენ, რომ საქართველო და ქართველები უკვე უყვართ“, „ნეტავ გენახათ, როცა გამოვაცხადეთ, შემდეგი ვიზიტი ჩვენთან იქნება და საქართველოში გელოდებითო, რა ამბავი ატყდა – სიხარულისგან ყვიროდნენ და ხტუნავდნენ“… – ემოციების გადმოცემას ერთმანეთს ასწრებდნენ „პატარა მუშკეტერები“.
ფრანგ, ჩეხ და იტალიელ „ერასმუსელებს“ უკვე ერთი სული აქვთ საქართველოში როდის ჩამოვლენ. დღეებს ითვლიან ქართველი მასპინძლებიც. ამბობენ, რომ მაქსიმალურად დაიხარჯებიან და ევროპელ თანატოლებს ისე უმასპინძლებენ, რომ საქართველოდან წასვლა ისევე გაუჭირდეთ, როგორც თავის დროზე, დიდ ალექსანდრე დიუმას უმძიმდა „საამურ თბილისთან“ განშორება.
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება