GE

საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვინც საზღვარგარეთის უნივერსიტეტებში სწავლობენ, სტუდენტის სტატუსი სამშობლოშიც ექნებათ

საქართველოს ის მოქალაქეები, ვინც უმაღლეს განათლებას საზღვარგარეთის ქვეყნებში იღებენ, სტუდენტის სტატუსი საქართველოშიც ექნებათ, რაც აქამდე შეუძლებელი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი იმ ბენეფიტებსაც მიიღებენ, რაც სტუდენტებს საქართველოში სწავლის შემთხვევაში აქვთ. ეს კი, ძირითადად, სამხედრო სავალდებულო სამსახურის სწავლის დასრულებამდე გადავადებას შეეხება.

აღნიშნული ინიციატივა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ეკუთვნის. სათანადო კანონპროექტი, რომელიც „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებას ითვალისწინებს, პარლამენტში დარეგისტრირებულია და განხილვის პროცესი 12 ოქტომბერს დაიწყო.

კანონის მოქმედი რედაქციით, სტუდენტად არ ითვლება საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირი, რომელიც ჩარიცხულია უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.
ახალი კანონპროექტის მიხედვით კი, სტუდენტის ცნების მუხლს დაემატება ჩანაწერი, რომლის შესაბამისად, სტუდენტი იქნება ასევე საქართველოს მოქალაქეობის მქონე ან პირადობის ნეიტრალური მოწმობის ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტის მქონე პირი, რომელიც ჩაირიცხება უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად აღიარებულ უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში.

განათლების სამინისტრო ამ ცვლილების მოტივაციად ასახელებს სტუდენტებში სახელმწიფოსადმი ნდობის და მოტივაციის გაზრდას.

„მნიშვნელოვანია, რომ ასეთი პირები სარგებლობდნენ ქართული კანონმდებლობით დარეგულირებული სტუდენტის სტატუსით, რაც თავისთავად გავლენას ახდენს სტუდენტის მოტივაციაზე და მნიშვნელოვნად ზრდის სახელმწიფოსადმი სტუდენტების ნდობის ხარისხს“, – ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

განმარტებით ბარათში მოტანილი სტატისტიკის მიხედვით, 2020 წელს მაგალითად „განათლების საერთაშორისო ცენტრში საზღვარგარეთ სწავლის გაგრძელების მსურველი პირის 550-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება მოიპოვა 108 პირმა (სულ დაინტერესება გამოხატა 1750 პირმა). 2021 წელს კი, 600-მდე განაცხადი დარეგისტრირდა, რომელთაგან დაფინანსება უკვე მოიპოვა 134-მა კონკურსანტმა და ეს რიცხვი, მიმდინარე წელს, კიდევ გაიზრდება (დაინტერესება გამოხატა 1 600-მა პირმა). განმარტებით ბარათში ასევე აღნიშნულია, რომ ეს არის სრული სტატისტიკა, რადგან მთელი რიგი სტუდენტებისა საზღვარგარეთ სასწავლებლად ამ ცენტრის გარეშე მიდის.

კანონპროექტის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მოამზადა რუსა მაჩაიძემ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური