GE

საქართველოში ბაღის აღმზრდელთა ხელფასი საარსებო მინიმუმზე ნაკლებია

საქსტატის მონაცემებით, სექტემბერში ხუთსულიანი ოჯახისთვის საარსებო მინიმუმის ოდენობა 378,5 თეთრით განსაზღვრა. ეს თანხა ხშირ შემთხვევაში ბევრად მეტია იმ ხელფასზე, რომელსაც საბავშვო ბაღის აღმზრდელ-პედაგოგები იღებენ.

განათლების კომპლექსური რეფორმის ფარგლებში სამინისტროს მხრიდან საბავშვო ბაღების აღსაზრდელთა ხელფასების მატება მომდევნო წლისთვისაა დაანონსებული. როგორც მთავრობის წარმომადგენელების მხრიდან გაჟღერდა, ბაღის აღმზრდელ-პედაგოგებს ხელფასი სავარაუდოდ 100 ლარით გაეზრდებათ.

ამის მიუხედავად, სამინისტროს მიმართ ისმის ბრალდება, რომ აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული სტანდარტის უმოქმედობის გამო დღემდე არ არსებობს მათთვის სახელფასო პოლიტიკა და საბავშვო ბაღის მასწავლებელთა ანაზღაურება ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. 2012 წლიდან დღემდე მათ მხოლოდ 101 ლარით გაეზარდათ ანაზღაურება.

სტატისტიკურ მონაცემებს „ახალი საქართველოს“ განათლების მიმართულების ხელმძღვანელი ნანა ტოხვაძე ავრცელებს და ამბობს, რომ რაიონების ბაღებში დასაქმებულ აღმზრდელთა ხელფასები იქ დადგენილ საარსებო მინიმუმზე ბევრად ნაკლებია და ხელზე ასაღებ 114 ლარს უტოლდება.

„რეგიონებში ბაღის პედაგოგის დარიცხული ხელფასი სრულ განაკვეთზე 370 ლარია (370 ს აკლდება 7.40 ლარი საპენსიო ფონდის, 72.52 საშემოსავლო და ხელზე რჩება 290 ლარამდე)
აღმზრდელის სრული განაკვეთის შემთხვევაში – 290 ლარი – (ძირითადი ნაწილი პირველ ან მეორე ცვლაში მუშაობს და მათი შრომის ანაზღაურება დარიცხულ 145 ლარიან ხელფასს, ხოლო ხელზე ასაღებ 114 ლარს უტოლდება). დღეის მონაცემებით ბაღში დასაქმებულთა რიცხვი საქართველოს მასშტაბით 13.261 არ აღემატება, აქედან 4808 თბილისში მუშაობს”, – აცხადებს ტოხვაძე.

მოამზადა ანუკი წიწილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური