საქართველოში მასწავლებლობის უფლებას უცხო ქვეყნის მოქალაქეც მოიპოვებს – წესი დამტკიცდა
„უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლობის უფლებას მოიპოვებს უცხო ქვეყანაში გაცემული უფლების აღიარების გზით“, – ამ გეგმის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ 2023 წლის შემოდგომაზე განგვიცხადა და ერთი წლის თავზე შესაბამისი წესიც დაამტკიცა, რომელიც უკვე ძალაშია.
განათლების მინისტრის მიერ 27 სექტემბერს ხელმოწერილი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესის შესახებ ბრძანებაში ვკითხულობთ, რომ ამ წესის მიზანია „სწავლა-სწავლების პროცესის ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოყენებულ იქნეს უცხო ქვეყნის მოქალაქე მასწავლებლების საერთაშორისო გამოცდილება, მათი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ მოწვეულ მასწავლებლად დასაქმების გზით“.
წესი არეგულირებს უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების წესსა და პირობებს.
მასწავლებლობლობის უფლების აღიარების პროცედურა უცხო ქვეყნის მოქალაქისთვის:
უცხოელი მოწვეული მასწავლებელი − უცხო ქვეყნის მოქალაქე, რომლის მასწავლებლობის უფლება აღიარებულია ამ წესის საფუძველზე და რომელიც, მასწავლებლის პროფესიული განვითარებისა და კარიერული წინსვლის სქემაში ჩართვის გარეშე, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში ასწავლის ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ ან გაუთვალისწინებელ საგანს და რომელსაც აქვს შესაბამისი საგნის სწავლებისთვის საჭირო კომპეტენცია ან/და შესაბამის სფეროში მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
განმცხადებელი – უცხო ქვეყნის მოქალაქე ან ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით მიმართავს სსიპ – მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრს.
განცხადების წარდგენა უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით
1. განმცხადებელი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების მიზნით, განცხადებით მიმართავს ცენტრს.
2. განცხადების ფორმა მტკიცდება ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
3. განცხადებას თან უნდა ერთოდეს:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
ბ) სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და შესაბამის სფეროში (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში რა საგნის სწავლებაც სურს) მუშაობის პრაქტიკული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტი (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად);
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის წერილობითი თანხმობა (სანოტარო წესით დამოწმებულ ქართულენოვან თარგმანთან ერთად) მისი უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის აღიარების მიზნით წარდგენასთან დაკავშირებით (ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ ცენტრისთვის განცხადებით მიმართვის შემთხვევაში).
დამატებითი დოკუმენტის წარდგენა და განცხადების განუხილველად დატოვება
1. ცენტრი 3 დღის ვადაში ამოწმებს განცხადების შესაბამისობას ამ წესის მოთხოვნებთან.
2. თუ განმცხადებელი ცენტრს არ წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს, რაც აუცილებელია უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე გადაწყვეტილების მისაღებად, ცენტრი განმცხადებელს განუსაზღვრავს ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი.
3. დამატებითი დოკუმენტის წარდგენის განსაზღვრული ვადა არ შეიძლება იყოს 5 დღეზე ნაკლები. ცენტრი უფლებამოსილია განმცხადებლის მოთხოვნით მხოლოდ ერთხელ, მაგრამ არაუმეტეს 15 დღით, გააგრძელოს დოკუმენტის წარდგენის ვადა.
4. დამატებითი დოკუმენტის წარდგენამდე განცხადების განხილვის ვადის დინება შეჩერებულად ითვლება.
5. განცხადების განხილვის ვადის დინება განახლდება შესაბამისი დოკუმენტის წარდგენისთანავე.
6. თუ განსაზღვრულ ვადაში განმცხადებელი არ წარადგენს შესაბამის დოკუმენტს, ცენტრი უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
გადაწყვეტილების მიღება უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ
1. განცხადებას უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ ცენტრი განიხილავს აღნიშნული განცხადების ცენტრში რეგისტრაციიდან ერთი თვის ვადაში.
2. უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების თაობაზე წარდგენილ განცხადებასთან დაკავშირებით ცენტრი იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ;
ბ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებაზე უარის თქმის შესახებ;
გ) უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარების შესახებ განცხადების განუხილველად დატოვების შესახებ.
გადაწყვეტილების მიღებისთვის აუცილებელი დათქმები იხილეთ მინისტრის ბრძანებაში
“უცხო ქვეყნის მოქალაქის მასწავლებლობის უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ცენტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილება შესაძლებელია გასაჩივრდეს სასამართლოში საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით”, – აღნიშნულია ბრძანებაში.
ასევე იხილეთ:
- როდის მიიღებენ სწავლის დაფინანსებაზე პასუხს სოციალური პროგრამის ფარგლებში რეგისტრირებული სტუდენტები – განმარტება by ARIS.GE-განათლება
- „მას, ჩვენ გვესმის, ჩვენს მშობლებს აუხსენით ეს“ – ნიშანი მოსწავლისა და მშობლისთვის და ნიშნით მანიპულირება სკოლაში by ARIS.GE-განათლება
- „მთავარია, მოსწავლე შეფასდეს მრავალმხრივად, შეიტანეთ ცვლილება მიდგომებში და სსგ-ში“ – განათლების სამინისტროს რჩევა სკოლებს by ARIS.GE-განათლება