GE

საქართველოში საერთაშორისო კვლევა TALIS მიმდინარეობს – რა კითხვებს პასუხობენ მასწავლებლები

სწავლებისა და სწავლის მესამე საერთაშორისო გამოკითხვა (TALIS 2018) საქართველოში დაიწყო და საველე სამუშაოები თვის ბოლოსთვის დასრულდება. რაც შეეხება საბოლოო შედეგებს ის, 2 წელიწადში, 2020 წელს გახდება ცნობილი.

TALIS საერთაშორისო კვლევაა, რომელიც მასწავლებლებსა და დირექტორებს განათლების სფეროს ანალიზსა და პოლიტიკის შემუშავებაში წვლილის შეტანის საშუალებას სთავაზობს. TALIS-ის კვლევას ატარებს თანამშრომლობისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაცია (OECD),  40-ზე მეტ ქვეყანასთან ერთად.

ამ კვლევის შედეგად მოპოვებულ მონაცემთა ანალიზი ქვეყნებს მსგავსი გამოწვევების წინაშე მდგომი სხვა ქვეყნების იდენტიფიცირების და მათ მიერ გამოყენებული მიდგომების შესწავლის საშუალებას მისცემს. სკოლის დირექტორები და მასწავლებლები პასუხებს სცემენ ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა მათი პროფესიული განვითარება; სწავლებასთან დაკავშირებული მათი წარმოდგენები და პრაქტიკა; მასწავლებელთა საქმიანობის შეფასება და ის უკუკავშირი და აღიარება, რომელსაც ისინი მათი საქმიანობის შეფასების შედეგად იღებენ; ასევე სკოლის მართვასთან, მენეჯმენტთან და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული სხვა საკითხები. TALIS-ის კვლევის საშუალებით სხვადასხვა საგანმანათლებლო პრაქტიკის აღწერა ხდება ყველა მონაწილე ქვეყანაში.

კვლევაში მონაწილეობას იღებენ საბაზო საფეხურის მასწავლებლები, რომლებსაც ეკითხებიან ასაკს, მიღებულ კვალიფიკაციას, იყო თუ არა მათთვის სწავლება პრიორიტეტული კარიერული არჩევანი, რა სტატუსით მუშაობენ მითითებულ სკოლაში, როგორი სამუშაო განაკვეთი აქვთ, მუშაობენ თუ არა პარალელურად სხვა სკოლაში, რამდენი სსსმ მოსწავლე ჰყავთ, პროფესიული განვითარების აქტივობებში თუ მიუღიათ მონაწილეობა,  ჰყოლიათ თუ არა კლასი, სადაც სხვადასხვა კულტურული წარმომავლობის მოსწავლეები სწავლობდნენ, კიდევ რამდენი წელი სურთ მასწავლებლად მუშაობა, ყოფილან თუ არა საზღვარგარეთ პროფესიული მიზნებით.

პედაგოგები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იდენტურ კითხვებს პასუხობენ.  ქართული მხარე ამ კითხვარს თარგმნის, შემდეგ TALIS-ის  ქართულენოვანი მკვლევარები ამოწმებენ, რომელთა ვინაობაც ცნობილი არაა. კითხვარი ბევრნაირ შემოწმებას გადის.

როგორც TALIS-ის კვლევის კოორდინატორი საქართველოში ნათია ანდღულაძე აღნიშნავს,  შარშანდლისგან განსხვავებით, ქართულ მხარეს კითხვები არ დაუმატებია და ისეთივე კითხვარს ავსებენ მასწავლებლები, როგორსაც  სხვა ქვეყნის პედაგოგები.

„წინა წლებში დავამატეთ ჩვენი კითხვები. გვაინტერესებდა სერტიფიცირებული მასწავლებლების შეხედულებები როგორ განსხვავდებოდა არასერტიფიცირებულებისგან და ეს წინა ანგარიშში ჩანს. ასევე სკოლის მდებარეობის მიხედვით განსხვავებები. ეს საერთაშორისო კვლევებისთვის არააქტუალურია.

წელს დამატებითი კითხვების შესაძლებლობა არ გვაქვს, იმიტომ რომ ინტერნეტი ჩვენს სკოლებში ძალიან ნელია. მასწავლებლებს დიდი დრო უნდათ კითხვარის შევსებისთვის და წელს ვეღარ ჩავსვით ახლანდელ ციკლში. წინა ციკლში ჩავამატეთ. სერტიფიცირებაზე დამოკიდებულებები შევაფასეთ.

წელს მასწავლებლის საქმიანობას, სწავლების მეთოდოლოგიას უფრო კარგად ეძიებიან. ახალი შეკითხვები ამას ეხება. წინა წლებისგან განსხვავებით ამ კვლევაში მულტიკულტურული განათლება, გენდერული საკითხები შედის“, – აღნიშნა EDU.ARIS.GE-სთან ნათია ანდღულაძემ.

TALIS-ის კვლევის კოორდინატორის თქმით, საინტერესო ამ ეტაპზეა ისაა, რომ  თითოეულ სკოლიდან 20 მასწავლებელი იღებს კვლევაში მონაწილეობას, პატარა სკოლაში უფრო ნაკლები და ეს მონაცემები  „პიზას“ კვლევას ებმება.

„ამ თვალსაზრისით იქნება უნიკალური, იმიტომ რომ აქ მთელი სკოლის კოლექტივის მონაცემებს ვაბამთ ბავშვების გამოკითხვას. ანუ შეგვიძლია უფრო ვალიდურად შევაფასოთ სასკოლო კულტურა. თანამშრომლობა მასწავლებლებს შორის და დირექტორის ლიდერობა, რასაც ვერ ვაფასებდით ადრე. ეს მნიშვნელოვანია სკოლის კლიმატისთვის.

334 სკოლიდან „პიზაში“ მონაწილეობს 150 სკოლა. მოსწავლეების და მასწავლებლების მონაცემები ერთმანეთს გადაებმება და შეგვიძლია მოსწავლეთა მიღწევები გავაანალიზოთ მათი მასწავლებლების ღირებულებების, დირექტორის ლიდერობის მიხედვით. ადრე თუ დირექტორებს ვეკითხებოდით, რას ფიქრობდნენ საკუთარ ლიდერობაზე, ახლა უკვე მასწავლებლების გადასახედიდანაც შევძლებთ ამის შეფასებას“, – განაცხადა ნათია ანდღულაძემ.

მოამზადა ცისანა შერგილაშვილმა

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური