საუნივერსიტეტო კლინიკის მშენებლობა – რა ფინანსებს ითხოვს სახელმწიფოსგან აკაკი წერეთლის უნივერსიტეტი
საქართველოს რეგიონებში არსებული საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სათანადოდ აღჭურვისა და ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებისათვის საჭიროა – 33 605 000 ლარი. თანხის გამოყოფისა და შესაბამისი პროექტების განხორციელების ვადა კი 3 წელია (2024-2026წწ).
ეს ჩანაწერი საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა ახალგაზრდობის საქმეთა კომიტეტის მიერ ჩატარებული თემატური მოკვლევიდან არის, რომელის მიზანიც საქართველოს რეგიონებში მდებარე საჯარო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების წინაშე არსებული გამოწვევების განსაზღვრა და მხარდამჭერი მექანიზმების შემუშავება იყო.
საკვლევ სუბიექტებს შორის გახლდათ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც და როგორც კვლევიდან ირკვევა, დაფინანსების კუთხით არსებული გამოწვევები უნივერსიტეტისთვის ერთ-ერთ მთავარ საკითხს წარმოადგენს: „უნივერსიტეტი დღეს არსებული დაფინანსების მოდელში ვერ ახერხებს სრულად დააკმაყოფილოს რიგი საჭიროებებისა, რაც სწავლა-სწავლებისა და კვლევის პროცესების უფრო მაღალი სტანდარტით ფუნქციონირებისათვის არის აუცილებელი. ესენია, ინფრასტრუქტურა, ადამიანური რესურსი, საგანმანათლებლო პროგრამები და ა.შ“.
ამის გათვალისწინებით, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტის სურვილია დაფინანსების ისეთი მოდელის შემუშავება, სადაც გათვალისწინებული იქნება ინსტიტუციის საბაზისო დაფინანსების შესაძლებლობა და ისიც, რომ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს, უნივერსიტეტებს, ჰქონდეთ გარკვეულ სპეციალობებზე სწავლის საფასურის გაზრდის შესაძლებლობა – პროგრამის მოთხოვნისა და ხარჯის გათვალისწინებით.
„არსებული სწავლის საფასურის პირობებში უნივერსიტეტის ფინანსური რესურსისათვის გამოწვევაა სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნების მაღალ დონეზე დაკმაყოფილება, შესაბამისად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ამ კუთხით მხარდაჭერა. მაგალითად, ისეთი ინფრასტურქტურული პროექტების განხორციელება, რომელიც უნივერსიტეტისათვის ამ ეტაპზე საკუთარი რესურსებით მიუღწეველია“, – ვკითხულობთ თემატური მოკვლევის ანგარიშში.
გარდა ამისა, კვლევაში აღნიშნულია, რომ არასაკმარისი ანაზღაურების გამო, რთულია მიგრაციით გამოწვეული კადრების გადინების შეჩერება და უნივერსიტეტი ვერ უზრუნველყოფს საკმარისი ფინანსური რესურსის აკუმულირებას აკადემიური პერსონალის მდგრადობისათვის: „საჯარო სკოლებში წამყვანი მასწავლებლების ანაზღაურება დღეს არსებული მონაცემებით უსწრებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების პროფესორის ხელფასს, რაც აკადემიურ საქმიანობას ახალგაზრდებისათვის მიმზიდველს არ ხდის“.
ზემოაღნიშნულ გარემოებათა ფონზე, თემატური მოკვლევის ინიციატორი კომიტეტი საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, ასევე ფინანსთა სამინისტროს ყურადღებას აკაკი წერეთლის უნივერსიტეტთან მიმართებაში, 6 მთავარ პრობლემაზე ამახვილებს, რომლის გადაჭრისთვის საჭირო ჯამური თანხა მინიმუმ 5 მილიონ 459 ათასი ლარია.
თუ რატომ ვიყენებთ ტერმინს „მინიმუმ“, ამაზე პასუხი იმ საჭიროებებშია, რომელიც უნივერსიტეტის წარდგინებით გივი მიქანაძის კომიტეტმა მთავრობისადმი რეკომენდაციებში ასახა.
ირკვევა, რომ აკაკი წერეთლის უნივერსიტეტს საუნივერსიტეტო კლინიკის აშენება სურს და წინასწარი გათვლით, საწყისი მინიმალური ხარჯი საუნივერსიტეტო კლინიკისათვის 4.008.000 ლარის ოდენობით წარმოადგინა.
გარდა ამისა, უნივერსიტეტი საჭიროებს წიგნთსაცავის მშენებლობას, რომლის დასაფინანსებლად მოთხოვნილია 194 000 ლარი. სტუდენტთა საერთო საცხოვრებლის რეაბილიტაციის დასრულებისთვის კი უნივერსიტეტს 740 000 ლარი ესაჭიროება.
აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში არსებული 23 კორპუსიდან რიგი კორპუსები არ არის უზრუნველყოფილი გათბობის სისტემით, რაც ავტორიზაციის ერთ-ერთი მოთხოვნაა და როგორც უნივერსიტეტი განმარტავს, საამისოდ ფოთის ფილიალში გათბობის სისტემის მონტაჟისა და ინსტალაციისთვის 116 000 ლარია აუცილებელი. ხოლო ქუთაისის კორპუსებში გათბობის სისტემის მონტაჟისა და ინსტალაციისთვის 211 000 ლარი. დამატებით 190 000 ლარი უნივერსიტეტს შედუღების ლაბორატორიის მოწყობილობებითა და დანადგარებით აღჭურვისთვის ესაჭიროება.
ცნობისთვის, თემატური მოკვლევისას განათლების კომიტეტმა სულ 6 სუბიექტისგან მიიღო ინფორმაცია. კერძოდ, საკუთარი საჭიროებების შესახებ მოკვლევის ჯგუფს ინფორმაცია მიაწოდეს: ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტმა, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტმა, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტმა და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტმა.
ასევე იხილეთ:
რა საჭიროებებისთვის ითხოვს თელავის უნივერსიტეტი თითქმის შვიდ მილიონ ლარს
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება