სახალისო გრამატიკული თამაშები ინგლისური ენის გაკვეთილზე, რომელსაც სხვა საგნის სწავლებაშიც გამოიყენებთ
ავტორი: ნათია ამბროლაძე, თერჯოლის რაიონის სოფელ ქვედა სიმონეთის საჯარო სკოლის ინგლისური ენისა და ლიტერატურის წამყვანი მასწავლებელი
სპეციალურად EDU.ARIS.GE-ს მკითხველისთვის:
თითქმის თორმეტწლიანი პედაგოგიური გამოცდილებიდან გამომდინარე, შემიძლია ვთქვა, თუ რა მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს თამაშით სწავლებას მოსწავლეთა განვითარებასა და ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნების მიღწევაში. გრამატიკული მასალის გაგება, გააზრება და პრაქტიკაში გამოყენება ყოველთვის დაკავშირებულია გარკველ სირთულეებთან და საჭიროა მასალის არა ზეპირი ფორმით მიწოდება, არამედ სახალისო აქტივობების გამოყენება და მოსწავლეებისათვის იმის ჩვენება, რომ აუცილებელია ცოდნის რეალიზება რეალურ საკომუნიკაციო სიტუაციებში.
სტატიაში განხილული თამაშები განკუთვნილია ინგლისური ენის პედაგოგებისთვის და არა მხოლოდ მათთვის, რადგან შესაძლებელია მათი მოდიფიცირება საჭიროების მიხედვით.
გრამატიკა არის ცენტრალური ნაწილი ენის სწალა-სწავლებაში, რომელიც ორმხრივ ძალსხმევას მოითხოვს, მაგრამ შესაძლებელია სახალისო აქტივობებისა და თამაშების ისე გამოყენება, რომ გრამატიკის სწავლა-სწავლებაც სახალისო პროცესად გადაიქცეს.
გრამატიკული თამაშები საშუალებას აძლევს მოსწავლეებს, რომ შეისწავლონ არა მარტო სამიზნე გრამატიკულ მასალა, არამედ იმუშაონ წყვილებში და ჯგუფებში, რა დროსაც უვითარდებათ ჯგუფური მუშაობის, სხვისი აზრის გათვალისწინების, კონკურენციისა და ურთიერთთანამშრომლობის უნარ-ჩვევები.
გრამატიკული თამაშები შესაძლებელია გამოვიყენოთ: 1. დიაგნოსტიკისათვის- ახალი გრამატიკული მასალის ახსნის წინ, რათა გავიგოთ მოსწავლეთა საჭიროებები, შესაძლებლობები და რა წინარე ცოდნა აქვთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით; 2. გრამატიკული საკითხის ახსნის შემდეგ – ამ გზით შევამოწმებთ მოსწავლეთა გაგების დონეს; 3. გრამატიკული მასალის ახსნის პროცესში;
გაგაცნობთ ორ გრამატიკულ თამაშს, რომლებიც პირადად გამომიყენებია სასწავლო პროცესში, დადებითი შედეგებით. აღნიშნული თამაშებისთვის დაგვჭირდება მინიმალური რესურსი: დაფა, მარკერი/ცარცი.
1. Expand- განავრცე;
2. Grammar tennis – გრამატიკული ჩოგბურთი;
1.Expand- განავრცე
გრამატიკა: სიტყვების წყობა წინადადებაში
დონე: დაწყებითი/საშუალო/საბაზო
დრო: 5-30 წუთი
საჭირო მასალა: დაფა, მარკერი/ცარცი
საფეხური I: სთხოვეთ მოხალისე მოსწავლეს გამოვიდეს დაფასთან და შეასრულოს მინიმალისტური ნახატი. მაგ: დახატოს ევა,ადამი, ხე და ვაშლი.( პერსონაჟები შეგიძლიათ შეცვალოთ სურვილის/საჭიროების მიხედვით).
საფეხური II: მასწავლებელი დაფაზე წერს მოკლე წინადადებას, მაგ: She gives him an apple. მონიშნეთ რომელიმე სიტყვის შემდეგ ჩამატების ნიშანი და სთხოვეთ მოსწავლეებს მოიფიქრონ და ჩაამატონ ერთი სიტყვა მონიშნულ ადგილას. მაგ: She gives him an __ apple.
საფეხური III: მოხალსე მოსწავლე გამოვა დაფასთან, ჩაწერს მის იერ მოფიქრებულ სიტყვას მითითებულ ადგილას და ხმამაღლა წაიკითხავს წინადადებას. მასწავლებელი სიჩუმეს ინარჩუნებს, მხოლოდ კლასს ანიშნებს გამოტქვან აზრი სწორია თუ არა მოსწავლის მიერ შემოთავაზებული სიტყვა. კლასიც ერთვება პროცესში; თუ სწორია სიტყვა რჩება წინადადებაში, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსწავლე წაშლის მას.
საფეხური IV: პროცესი გრძელდება მანამ, სანამ მასწავლებელი ჩამატების ნიშანს არ გააკეთებს ყოველი სიტყვის წინ/უკან. ჩამატების ნიშანი უნდა გავაკეთოთ იქაც, სადაც ვიცით, რომ სიტყვის ჩამატება შეუძლებელია- ამ გზით მოსწავლეები თავად აღმოაჩენენ თუ სად შეიძლება ან არ შეიძლება სიტყვის ჩამატება. იხილეთ მაგალითი თუ როგორ შეიძლება განვახორციელოთ პრაქტიკაში.
1. She gives him an ________apple.
She gives him an old apple.
2. She _______gives him an old apple.
She always gives him an old apple.
3. ____ she always gives him an old apple.
Yes, she always gives him an old apple. ( და ა.შ)
ვარიანტი 2: კლასის დონის და შესაძლებლობების მიხედვით შეიძლება მოვახდინოთ თამაშის მოდიფიცირება. მაგ: მოსწავლეებს ვთხოვოთ ერთი სიტყვის ნაცვლად ჩაამატონ ორი ან სამი სიტყვა.
ვარიანტი 3: აღნიშნული აქტივობა შეიძლება გამოვიყენოთ საუბრის უნარების განვითარებისათვის. ამ შემთხვევაში მოსწავლეები დაწერის ნაცვლად სიტყვიერად განავრცობენ წინადადებას.
II. Grammar tennis- გრამატიკული ჩოგბურთი
გრამატიკა: არაწესიერი ზმნები
დონე : საბაზო/საშუალო
დრო: 10-15 წუთი
მასალა: დაფა, მარკერი/ცარცი.
საფეხური I: გამოვიყვანოთ 2 მოხალისე მოსწავლე კლასის წინ და დავაჯინოთ ერთმანეთის პირისპირ.
საფეხური II: თამაშის დასაწყისში მასწავლებელი მონეტის აგდებით გადაწყვეტს თუ რომელი მოთამაშე დაიწყებს თამაშს. I მოსწავლე ამბობს რომელიმე სასურველი ზმნის past simple ფორმას, თუ სწორია აიღებს 1 ქულას, არასწორი პასუხის შემთხვევაში აქვს მეორე შანსი კიდევ დაფიქრდეს, ხოლო ისევ არასწორი პასუხის შემთხვევაში ქულა დაეწერება მის მოწინააღმდეგეს. სვლა გადადის მეორე მოთამაშეზე, რომელიც დაასახელებს იგივე ზმნის past participle ფორმას. სწორი პასუხი ფასდება 1 ქულით, არასწორი პასუხის დროს კი ქულა მიენიჭება მის მოწინააღმდეგეს. ჯერი გადადის ისევ პირველ მოსწავლეზე, რომელიც დაასახელებს იგივე ზმნის infinitive ფორმას, ქულა ენიჭება ზემოთ ხსენებული პრინციპით.
მასწავლებელი დაფაზე წერს ზმნის ფორმებს. გამარჯვებულია ის მოსწავლე, რომელიც პირველი აიღებს ხუთ ქულას.
გაიმეორეთ იგივე პროცესი მოსწავლეების ახალ წყვილთან. თამაში უნდა იყოს სწრაფი, აქტიური და არა მოდუნებული.
სთხოვეთ სხვა მოსწავლეებს თავი შეიკავონ კარნახისაგან. თამაშის მსვლელობის პროცესში, საჭიროების შემთხვევაში დაიხმარეთ კლასი სწორი თუ არასწორი პასუხების აღმოჩენაში.
შესაძლებელია იგივე თამაშის მოდიფიცირება და მისი გამოყენება შემდეგ შემთხვევებშიც:
1. Language / Nationality/ country
2. Adjective: positive / comperative / superlative.
აღნიშნული აქტივობა საშუალებას აძლევს ბავშვებს, რომ გაიუმჯობესონ სასაუბრო უნარ-ჩვევები, შეისწავლონ სამიზნე გრამატიკული კატეგორიები და ლექსიკური მასალა, შეიძინონ 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევები, ასევე სხვადასხვა ფუნქციური უნარები, მოახდინონ ნასწავლი მასალის პრაქტიკაში გამოყენება. აღნიშნული აქტივობის ერთ-ერთი დადებითი მხარე არის ის, რომ ბავშვები აქტიურად იყენებენ ცოდნის სამივე სახეს.
Bibliography: Rinvolucri, Mario, Grammar Games ( Cambridge University Press, 1984); 100+ ideas for drama, Anna Scher and C.Verrall (Heinemann, 1975)
ასევე იხილეთ:
„ამ აქტივობის შემდეგ, წინა ტესტის შედეგი გაუმჯობესებული იყო“ – გამოვაცხოთ ციფრები და რიცხვები