GE

„სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდას ნიჭის გამოვლენაში“ – გენადი მარგველაშვილი პროფესიის არჩევის შესახებ

EDU.ARIS.GE–ს განათლების რეგიონული გამოფენის ფარგლებში, გადავწყვიტეთ, საზოგადოებისთვის კარგად ცნობილი და განათლების სფეროში მოღვაწე პროფესიონალებისთვის მიგვემართა. ეს ადამიანები უფროსკლასელებს პროფესიის სწორად არჩევისა და მათ შორის, მსგავსი გამოფენებით სწორი ინფორმაციის მიღების მნიშვნელობაზე ესაუბრებიან.

საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე გენადი მარგველაშვილი

პროფესიის არჩევის შესახებ

საკითხი კომპლექსურია,

1. ერთი მხრივ, ახალგაზრდა განათლებას უნდა იღებდეს იმ სფეროში და ისეთი თანმიმდევრობით, რომ მისთვის მარტივად მოიძებნოს ადგილი შრომის ბაზარზე, ასევე ადვილად მოხდეს გადაწყობა სხვა სამუშაოზე იმ შემთხვევაში, თუ თავის პროფესიაზე მოთხოვნილება ძლიერ შემცირდა, ან გაქრა. ახალგაზრდის მიერ შეძენილი პროფესია უნდა შეესაბამებოდეს მის უნარებსა და ინტერესებს, ასევე აძლევდეს მას ნიჭის რეალიზაციის საშუალებას, მარტივად რომ ვთქვათ, მას ამ საქმის კეთება უნდა სიამოვნებდეს და მასში სიახლეებსაც უნდა ეძებდეს.

2. შესაბამისად, სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალგაზრდას ქმედითი უნარებისა და მასთან ყველაზე ახლოს მყოფი ნიჭის რაც შეიძლება ადრეული ასაკიდან გამოვლენაში (ტექნოლოგიური-STEM-ის, ჰუმანიტარული, სპორტული, სახელოვნებო, სამოქალაქო-ლიდერობის თუ რომელიმე პროფესიული მიმართულებით). კარგი იქნება, თუ ზემოთ აღნიშნული მოსწავლესთან და ხშირ შემთხვევაში მის ოჯახთან ურთიერთთანამშრომლობით მიიღწევა დაახლოებით მეოთხე, მეექვსე კლასების (ანუ დაწყებითი საფეხურის და ბოლო კლასების) მიჯნაზე. მას შემდეგ, როდესაც ინდუქციური აზროვნებიდან დედუქციურ აზროვნებაზე გადავა მისთვის მკაფიოდ იყოს ჩამოყალიბებული ცნებათა კატეგორიებით ის მიზნები, რომელთა ამოხსნისკენ უნდა ისწრაფოდეს და ზოგადი განათლების საბაზისო საფეხური ამ მიზნებისკენ მიმავალი ამოცანების ამოხსნას დაეთმოს. ხოლო საშუალო საფეხურზე კი, მოსწავლემ თავად უნდა ამოირჩიოს ბარიერი, რომლის გადალახვის შემთხვევაში ის დაიწყებს შესაბამისი პროფესიის დაუფლებას.

3. სკოლამ უნდა უზრუნველყოს მკაფიო და სრული სპექტრის პროფესიული ორიენტაციის პროგრამების შეთავაზება, ფორმალური თუ არაფორმალური (სკოლებში არსებული წრეები, რომლებიც „ევრისტიკული“ მეთოდით შეეცდებიან თითოეულ მოსწავლეში არსებული ნიჭის გახსნას) განათლების სახით, მოწვეული პროფესიონალების, აკრედიტებული პროფესიული პროგრამებითა (მაგ: სოფლებში აგრონომია, ვეტერინარია და სხვა) და სხვა მეთოდებით, როგორებიცაა გამართული ინფრასტრუქტურა, სწორად შერჩეული ადამიანური რესურსი, გაცვლითი პროგრამები და სხვა. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ამ სახის საგანმანათლებლო ინტენსიობა უნდა იყოს მაქსიმალურად ბუნებრივი, ნებაყოფლობითი და თავისუფალი, რაც გარანტირებულად მოაბრუნებს მოსწავლეს სკოლისაკენ.

4. ცხადია, ისევ უნდა მივუბრუნდეთ საკითხის კომპლექსურობას. ყოველივე ზემოთ თქმულს სჭირდება მაღალი მოტივაცია, შესაბამისი ბიუჯეტი და ადგილობრივი მუნიციპალიტეტების ჩართულობა. დაახლოებით იმავეს ამბობს „ახალი სკოლის მოდელი“, რომლის პროცესში პოზიტიური ჩართვისაკენ მოვუწოდებ ყველა დაინტერესებულ პირს.

რაც შეეხება საკითხს, აღნიშნული რეგიონული გამოფენა ხელს შეუწყობს თუ არა უწყვეტ და თანმიმდევრულ მზაობას მოსწავლის მიერ პროფესიის არჩევისას, ანუ მიეხმარება მოსწავლეს, სკოლას, მუნიციპალიტეტებს და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებას (რომელთაც უნდა ჰქონდეს სწორედ ისეთი აკრედიტებული პროგრამები, რომლებიც უზრუნველყოფენ ახალგაზრდების არა მხოლოდ განათლებას, არამედ დიდი პროცენტით დასაქმებას) მხოლოდ მივესალმები.

იხილეთ დეტალური ინფორმაცია გამოფენის მონაწილეებისა და ლოკაციის შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური