„შენ შეგიძლია“ – თბილისის ღია უნივერსიტეტი ახალი გუნდით, ახალი მიზნებითა და ინოვაციური შესაძლებლობებით
თბილისის ღია უნივერსიტეტში მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს. უნივერსიტეტის ხელმძღვანელობაში ახალი გუნდი მოვიდა და სიახლეებიც სწორედ აქედან დაიწყო. ცვლილებები მთელ უნივერსიტეტს შეეხო, თუმცა ყველაზე დიდი ტრანსფორმაცია ბიზნესის სკოლამ განიცადა. წარმატებული, პრაქტიკოსი სპეციალისტები საქმეს შესაბამისი გამოცდილებითა და ამბიციით შეუდგნენ – ბიზნესის სკოლა გახადონ გამორჩეული და რეალურ ბიზნეს სამყაროზე მორგებული.
მიზანი მართლაც ამბიციურია – შრომით ბაზარზე აბსოლუტურად მომზადებული და დასაქმებისთვის საჭირო პრაქტიკული უნარ-ჩვევებით აღჭურვილი კურსდამთავრებულები გაუშვან, რომლებიც აღარ საჭიროებენ დამსაქმებლების მხრიდან გადამზადებაზე ძალისხმევის დახარჯვას და რეალურ გარემოში სრულფასოვანი მოღვაწეობისთვის სრულიად მზად არიან. თუმცა, ეს ყველაფერი მხოლოდ ერთ-ერთია იმ დასახული მიზნებიდან, რომელთა შესრულებისთვის მუშაობა ღია უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლას უკვე დაწყებული აქვს.
ყველა დაგეგმილ და განხორციელებულ ნაბიჯზე, ღია უნივერსიტეტში შექმნილ ახალ რეალობაზე, ცხოვრების წესად ქცეულ სტანდარტებსა და სტუდენტებისთვის მიცემულ ინოვაციურ შესაძლებლობებზე EDU.ARIS.GE-ს ღია უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის ახალი დეკანი ნანა მიქაშავიძე ესაუბრა.
ნანა მიქაშავიძე: ჩვენი მთავარი მიზანი ისაა, რომ სტუდენტი, რომელიც ბიზნესის სკოლას დაამთავრებს, ბიზნეს საზოგადოების სრულყოფილი წევრი გახდეს. ასევე, მნიშვნელოვანია, რომ საბაკალავრო თუ სამაგისტრო საფეხურის დასრულების შემდეგ, იგი იყოს კონკურენტული, არა მხოლოდ ქართულ, არამედ გლობალურ შრომით ბაზარზე. საბოლოოდ კი, ჩვენი დიდი სურვილია – ყველას ჰქონდეს ანტერპრენერული ხელწერა, როგორც აზროვნების სტილი და ცხოვრების მიმართ დამოკიდებულება.
უნივერსიტეტში დიდი ყურადღება დაეთმობა სტარტაპერობას და უშუალოდ ამ მიმართულების განვითარებას, თუმცა ეს საქმიანობის მხოლოდ ერთი მხარეა. ჩვენი მიზანი კი ისაა, რომ თბილისის ღია უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები ანტერპრენერული მსოფლმხედველობით გამოირჩეოდნენ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ პრობლემის გადაჭრისას, შესაძლებლობების დანახვისას თუ საკითხის შეფასებისას, ყოველთვის ინოვაციურ, განსხვავებულ მეთოდს ეძებდნენ, იყვნენ თამამები და გაბედულები, თანაც, რა თქმა უნდა, კარგად განვითარებული ემოციური ინტელექტით.
-საკმაოდ ამბიციური მიზნებია, რაც ერთი შეხედვითაც კი დიდ შრომას მოითხოვს. როგორ გეგმავთ მათ მიღწევას?
– რა თქმა უნდა, ეს პროცესი ასე მარტივი არ არის. პროგრამა შეიცვალა, საგნები კი პრაქტიკული და ბიზნესზე მორგებული გახდა. განსაკუთრებით მაგისტრატურის საფეხურზე, დიდი ყურადღება გავამახვილეთ იმაზე, რომ გამოცდილი და პრაქტიკოსი პროფესორ-მასწავლებლები გვყავდეს, რომლებიც ბიზნესის სფეროში უკვე ცნობილები და წარმატებულები არიან. საბაკალავრო საფეხურზე კი დიდი ყურადღება დავუთმეთ ისეთი საგნების შედგენას, რომლებიც ყველა დისციპლინას ფარავენ. ამავდროულად, ემოციური ინტელექტისა და ანტერპრენერული აზროვნების განვითარება მთელს პროგრამას თან სდევს. ანტერპრენერშიპს, როგორც საგანს, პირველივე კურსიდან ვასწავლით. ორ სემესტრიანი საგანია და შედეგად, პირველკურსელებს პრაქტიკულად მცირე ზომის ბიზნესს ვაკეთებინებთ, რათა შეიგრძნონ, თუ რას ნიშნავს ბიზნესის კეთება, თუნდაც ძალიან მცირე მასშტაბში.
ასევე, ჩვენი გუნდის დიდი სურვილია, რომ განვავითაროთ ბიზნეს ეკოსისტემა და სტარტაპული ეკოსისტემა, რაც იმას გულისხმობს, რომ უნივერსტეტშივე იყოს გარემო, რომელიც სტუდენტებში სწავლის სურვილისა და მოტივაციის ამაღლებას შეუწყობს ხელს. იმოქმედებს ფონდი, რომელიც ინკუბატორებისა და აქსელერატორების შედეგებს დააფინანსებს. ეს ფონდი მონდომებული სტუდენტების წახალისებისთვისაც ძალიან ბევრს გააკეთებს – გრანტების, ბიზნეს იდეების დაფინანსებისა თუ სხვა ფორმით.
უკვე ვზრუნავთ, რომ უნივერსიტეტშივე ფუნქციონირებდეს ინკუბატორი, რომელიც იდეების გენერაციისა და სტარტაპების განვითარების პირველ ფაზას გულისხმობს და გამორჩეული და კარგი იდეების დაფინანსებას უზრუნველყოფს. საქართველოში პირველი ხელისშემშლელი ფაქტორი ხომ დაფინანსებაა. მეორე პრობლემა კი, ფულისა და იდეის არსებობის შემთხვევაშიც კი, განხორციელების არაპრაქტიკული ცოდნაა. ინკუბატორში მათ მენტორობას ყველანაირი მიმართულებით გავუწევთ. ვასწავლით, თუ როგორ დაიწყონ სტარტაპი, როგორ მოიპოვონ დაფინანსება, როგორ დაიცვან თავი იურიდიული თუ საგადასახადო რისკებისგან და ა.შ. ასე რომ, ინკუბატორის ფარგლებში სტუდენტს უნივერსიტეტისგან ექნება ყველა ტიპის მხარდაჭერა, რათა ეს პროცესი თავიდანვე გამართულად და სწორად წარიმართოს. რაც შეეხება ბიზნეს აქსელერატორს, იგი უკვე არსებულ ბიზნესში დახმარებას მოიაზრებს – მასშტაბირებაში, ექსპორტში, განვითარებაში, გაზრდაში, სიახლის დანერგვაში და ა.შ. ჩვენთან იქნება იმის საშუალება, რომ შედარებით უსაფრთხო გარემოში მოსინჯონ ძალები. ამაში ზემოხსენებული ფონდიც მიღებს მონაწილეობას. გარდა ამისა, სტარტაპერებს საქმიანობის განვითარებასა და გაზრდაში უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და ადამიანური კაპიტალიც დაეხმარება.
– როგორ ფიქრობთ, რატომ ხდება ისე, რომ თითქმის ყველა უმაღლეს სასწავლებელს აქვს ბიზნესის ფაკულტეტი, რომელიც ყოველწლიურად ათასობით კურსდამთავრებულს უშვებს და ამავდროულად, დამსაქმებლები მუდმივად კვალიფიციური კადრების სიმცირეზე ჩივიან?
– ჩემი აზრით, ერთია იცოდე რაღაც და მეორეა შეგეძლოს ეს ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენო. როგორც წესი, სამსახურში მიღებული ადამიანებისთვის ყველაფრის ხელახლა სწავლება გვიწევს. შედეგად, ბაზარზე არსებულ თითქმის ყველა განვითარებულ კომპანიას თავისი აკადემია ან ტრენინგ ცენტრი აქვს. ეს იმაზე მიუთითებს, რომ ფორმალურ განათლებასა და სამსახურში საჭირო უნარებს შორის მკაფიო კავშირი აღარ არის. ზუსტად იმის გამო აქვთ მსხვილ კომპანიებს საკუთარი ტრენინგ-ცენტრები, რომ თანამშრომლებს უნარ-ჩვევების განვითარებაში დაეხმარონ. ეს კი, დამსაქმებლისთვის, საკმაოდ ძვირი სიამოვნებაა. გიწევს იმ სფეროში შესვლა, რომელიც შენი ძირითადი საქმიანობა არ არის.
სწორედ ამიტომ, გვსურს, რომ ჩვენი უნივერსიტეტი, მაქსიმალურად, პრაქტიკული ცოდნის გაცემაზე იყოს ორიენტირებული. უხეშად რომ დავყოთ, ორნაირი სახის ბიზნესის სკოლა არსებობს – მეცნიერებაზე ორიენტირებული და პრაქტიკაზე ორიენტირებული. ჩვენი სურვილი პრაქტიკული მიმართულებით წასვლაა. გვსურს, რომ დამსაქმებელსაც შევთავაზოთ ის კომფორტი, რასაც კურსდამთავრებულის სამუშაო პროცესში დაუყოვნებლივი და ეფექტური ჩართვა ჰქვია.
– როგორც ვიცით, მეწარმეობა თბილისის ღია უნივერსიტეტის პროგრამის უნიკალური განმასხვავებელი ნიშანია. რას გულისხმობს ეს უფრო დეტალურად?
– როგორც უკვე ვახსენეთ, ინოვაციურობა უნივერსიტეტის ხელწერა იქნება. მართალია ეს თვისება ზოგ ადამიანს ბუნებრივად მოყვება, თუმცა კარგი ამბავია ის, რომ ამის სწავლებაც შეიძლება. როგორც წესი, თუ უმაღლეს დაწესებულებაში ეკოსისტემა ხელს გიწყობს, ინოვაციურობის, როგორც თვისების განვითარებაც შესაძლებელია. შესაბამის ეკოსისტემაში კი იგულისხმება, ის რომ მთელი უნივერსიტეტის აკადემიური და ადმინისტრაციული მხარდაჭერა გქონდეს საინტერესო რაღაცეების მოსასინჯად – გამოცდილმა ადამიანმა რაღაც გირჩიოს, მენტორობა გაგიწიოს, კრიტიკული უკუკავშირი მოგცეს, აქვე მოიპოვო დაფინანსებაც და ა.შ. ჩვენთან სწორედ ყველა პირობა იქნება შექმნილი იმისთვის, რომ იდეამ, რომელიც გაქვს, ყველა ქარცეცხლი გაიაროს, სანამ რეალურ სამყაროში განხორციელდება.
ჩვენი დევიზია – „შენ შეგიძლია“ და გვჯერა, რომ ანტერპრენერშიპი მონდომებაზეა. თუკი სტუდენტი მოინდომებს, ჩვენ მას იმ ეკოსისტემასა და პირობებს დავახვედრებთ, რაც წარმატებისთვის სჭირდება. სტუდენტები, რომელთათვისაც საკუთარი წარმატება სულერთი არ არის, თბილისის ღია უნივერსიტეტიდან მაქსიმუმს წაიღებენ.
– იგეგმება თუ არა სხვა სასწავლო პროგრამების დამატებაც?
– დიახ, ბევრი გეგმა გვაქვს. ინგლისურენოვანი პროგრამების დამატებაზეც ვფიქრობთ. ბარიერებიც საკმაოდ რბილი გვაქვს, რადგან არ გვინდა წარსული გამოცდილება ახალგაზრდებს წარმატების მიღწევაში ხელს უშლიდეს. სლოგანი – „ შენ შეგიძლია“ ნიშნავს, რომ თუკი აგვყვებიან და მოინდომებენ, გვჯერა, რომ წარმატების მიღწევას ნამდვილად შეძლებენ.
50%-იანი შიდა დაფინანსება ფსიქოლოგიის პროგრამის სტუდენტებისთვის ღია უნივერსიტეტისგან
(R)
- „თითქმის ყოველი მესამე 15 წლის მოზარდი არ ფლობს საბაზისო მათემატიკურ უნარებს“ – რა საფრთხეზე მიუთითებს ევროკომისიის ანგარიში by მასმედია
- უშუქობის გამო, ხაშურის მუნიციპალიტეტის 10-მდე სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა by მასმედია
- აფხაზეთში სასწავლო პროცესი დროებით შეჩერდება – სოხუმში ენერგოკრიზისზე საუბრობენ by მასმედია