შექება თუ შენიშვნა? – „თუ ამას მოახერხებ პედაგოგი, ჩათვალე, მიზანს მიაღწიე“
შექება თუ შენიშვნა – რა შეიძლება იყოს პროდუქტიული ან კონტრპროდუქტიული სწავლების პროცესში. როგორ შევაქოთ მოსწავლე ან როგორ მივცეთ შენიშვნა ისე, რომ არც მისი ინტერესები და არც სწავლების ზოგადი მიზნები არ დაზარალდეს. ამ საკითხზე საკუთარ პრაქტიკულ მიდგომას და რჩევებს მასწავლებლებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მოლითის საჯარო სკოლის მათემატიკის წამყვანი მასწავლებელი ქრისტინე თოიძე EDU.ARIS.GE-ს საშუალებით უზიარებს.
ჩვენი რესპონდენტი თვლის, რომ შექებაც და შენიშვნაც სასწავლო პროცესის განუყოფელი ნაწილია, თუმცა ორივეს თავისი დრო და ფორმა აქვს – მთავარია, იცოდე, როდის და როგორ აძლევ შენიშვნას და/ან აქებ მოსწავლეს. მასწავლებლის თქმით, ასეთ შემთხვევებში, კარგი პედაგოგიკის მაგალითი „სენდვიჩის მეთოდია“, რომელიც ფაქტობრივად, ყველა მოსწავლეზეა მორგებული.
„ამ მეთოდს მე პრაქტიკაში შემდეგნაირად ვიყენებ: დავუშვათ, მოსწავლემ მომიტანა საშინაო დავალება, რომელსაც მასთან ერთად ვასწორებ. თუ მას დავალებაში რაღაც არასწორად აქვს შესრულებული, შეცდომაზე ყურადღებას თავიდანვე არ ვამახვილებ. საუბარს ვიწყებ კარგი მხარეებით, ანუ იმით, რაც კარგად შეასრულა, რაც მომეწონა და შესაბამისად, ვაქებ. მხოლოდ ამის შემდეგ ვუთითებ შეცდომაზე. თუმცა აქ მნიშვნელოვანია, რა ფორმით მოხდება შენიშვნის მიცემა – მე ამას უფრო მითითებას დავარქმევდი. არ ვეუბნები, რომ „აქ შეგეშალა“, ვეუბნები – „აქ ასე ხომ არ აჯობებდა“, ან „ეს ხერხი უკეთესი ხომ არ იქნებოდა“. დავალების შესწორების პროცესს და შესაბამისად საუბარს კი, კვლავ შექებით ვასრულებ: „ყოჩაღ, გიმუშავია და იმედი მაქვს, შემდეგში უკეთესად გაართმევ თავს, უფრო მეტად დაფიქრდები“, – გვიყვება მასწავლებელი.
ახალგაზრდა პედაგოგის თქმით, შენიშვნა სწორად უნდა იყოს შეფუთული, რათა მოსწავლემ თავი უხერხულად არ იგრძნოს, მასწავლებელმა კი, შენიშვნის მიცემით მიზანს მიაღწიოს:
„შეიძლება, რომ თავიდანვე ჰკითხო მოსწავლეს, თუ რას გამოასწორებდა, ხომ არ აქვს რაიმე შენიშვნა საკუთარ თავთან, ან როგორ გააკეთებდა, კიდევ ერთი შანსი რომ ჰქონდეს. მთავარია, ის, რასაც ჩვენ შენიშვნას ვეძახით, დროული და სწორად შეფუთული იყოს. ისე უნდა მიაწოდო მითითება, რომ ბავშვს არ ეწყინოს და სხვების წინაშე თავი უხერხულად არ იგრძნოს. თუ ამას მოახერხებ პედაგოგი, ჩათვალე, რომ მიზანს მიაღწიე“.
წამყვანი მასწავლებლის მოსაზრებით, არასწორი ფორმით შენიშვნის მიცემამ, შესაძლოა, მოსწავლის მოტივაციასა და თვითშეფასებაზე ნეგატიური გავლენა იქონიოს.
„პირდაპირი შენიშვნა – „აქ რა დაგიწერია, ეს რა გააკეთე, ან რა თქვი!“ – კატეგორიულად დაუშვებელია პედაგოგიკაში და ბავშვსა და მის აკადემიურ მოსწრებაზე დადებითად ვერანაირად ვერ აისახება. ეს ეხება როგორც სწავლებას, ისე დისციპლინას – ბავშვს პირდაპირ არ უნდა მიახალო ის, რაც შეეშალა. სათქმელს უნდა მოუძებნო ისეთი ფორმა, რომ მოსწავლემ ეს არა მბრძანებლური ან შენიშვნის ტონით, არამედ დამრიგებლურად მიიღოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბავშვმა, შესაძლოა, საერთოდ ვერ გაიგოს, რატომ მიეცი შენიშვნა და პირიქით, ცუდად მოიქცეს, ან შესაძლოა, იგივე განზრახ გააკეთოს. მქონია პრაქტიკაში ასეთი გამოცდილებაც. შეფუთულად რომ აძლევ შენიშვნას, ზოგჯერ ასეთ შემთხვევაშიც კი ვერ იღებს კარგად ზოგი მოსწავლე. ისეთ ასაკში არიან, რომ ძალიან ფაქიზი მიდგომებია საჭირო. სხვა შემთხვევაში, ბავშვი არ გაითვალისწინებს და შესაძლოა, მისგან აგრესიაც წამოვიდეს“, – ამბობს ქრისტინე თოიძე.
პედაგოგის თქმით, შენიშვნის გარდა, ასევე მნიშვნელოვანია, მასწავლებელმა მოსწავლის შექებისთვისაც სწორი დრო და ვითარება შეარჩიოს:
„რაც შეეხება შექების ნაწილს, ყოველთვის შექებაც არ არის მართებული და აი, რატომ. მე თუ მხოლოდ შევაქე და არ გავამახვილე ყურადღება იმ ხარვეზზე, რაც ბავშვს აქვს, რეალურად პრობლემას ვერ აღმოვფხვრი. ერთ მაგალითს გეტყვით, რომელიც ახლა ძალიან აქტუალურია: ყველამ ვიცით, რა არის ხელოვნური ინტელექტი და ის, რომ მას მოსწავლეები ძალიან ხშირად იყენებენ. როცა ბავშვს ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესრულებული დავალება მოაქვს, ამას ხომ ვხვდები – შევაქო და ვუთხრა, რომ კარგად აქვს შესრულებული დავალება? ასე შედეგზე ხომ ვერ გავალთ. ანუ, იმის თქმა მსურს, რომ ზედმეტი შექება ისევე, როგორც შენიშვნა, შედეგის მომტანი ვერ იქნება. მოსწავლეს სჭირდება შექებაც დროულად, წახალისებაც დროულად – თუ არ შევაქეთ, დავზარალდებით“.
მასწავლებელი ასევე გვეუბნება, რომ პედგოგმა შექებასთან ერთად, უნდა შეძლოს მოსწავლის სხვადასხვა ფორმით წახალისებაც, რაც სწავლა-სწავლების პროცესში მნიშვნელოვან როლს ასრულებს:
„შექებასთან ერთად, მისაღებია ასევე წახალისების ფორმაც, რა თქმა უნდა, ზომიერების ფარგლებში. სხვა კუთხით წახალისებაზე ვსაუბრობ, მხოლოდ ნიშანს არ ვგულისხმობ. ჩემთვის წახალისების ფორმაა მაგალითად, როდესაც მოსწავლის მისწრაფების, ან მისი ჰობის თანაზიარი ვხდები, ვესაუბრები და გახსნილი ურთიერთობა მაქვს. წახალისებით ბავშვს როგორც მასწავლებლის, ისე მისი საგნის მიმართ სხვაგვარი პასუხისმგებლობა უყალიბდება“.
ასევე იხილეთ:
რატომ კარგავს მასწავლებელი ავტორიტეტს და როგორ შეიძლება აღვადგინოთ ის
ესაუბრა მარიამ იმერლიშვილი
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება