GE

შსს აკადემიის 500 დიპლომი აღიარების პრობლემით და 185 სასამართლო დავა

პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტმა მხარი დაუჭირა „უმაღლესი განათლების შესახებ კანონში“ დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის თანახმადაც 2007-2008 სასწავლო წლამდე შსს აკადემიის მიერ გაცემულ დიპლომებს მაგისტრის ხარისხი უნდა მიენიჭოს.

შსს წარმომადგენლის განცხადებით, კანონის მიღება აუცილებელი მას შემდეგ გახდა, რაც განათლების ხარისხის ცენტრმა, აკადემიის კურსდამთავრებულებს დიპლომების აღიარებაზე უარი უთხრა. როგორც აღმოჩნდა, შსს აკადემიის დიპლომებით პირები მუშაობენ გარკვეულ თანამდებობებზე, სადაც კვალიფიკაციის სახით მაგისტრატურის დასრულებაა აუცილებელი, მათ ეს კურსი გაიარეს, თუმცა სასამართლოს გარეშე დადასტურებას ვერ ახერხებენ.

„2007-2008 სასწავლო წლამდე შსს აკადემია დაასრულა დაახლოებით 820 -მა პირმა, აქედან პრობლემურია 2005-2006 წლებში გაცემული 500 დიპლომის აღიარება. ანუ რეალურად სასამართლოს გზით შეიძლება დადასტურდეს 500 დიპლომი და სასამართლოს ნაცვლად ჩვენ ამას ვადასტურებთ კანონის დონეზე. სასამართლოს მიმართეს იმ პირებმა, ვისაც სამსახურში პრობლემა შეექმნა, რადგან მათ საკვალიფიკაციო მოთხოვნაში მითითებული იყო მაგისტრის ხარისხი“, – განაცხადა კომიტეტის სხდომაზე შსს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელმა ლანა ცანავამ.

დიპლომების აღიარების პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, რაც რეფორმის შედეგად შსს აკადემია, უმაღლესი სასწავლებლიდან პროფესიულ დაწესებულებად გადაკეთდა.

2001-2007 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს აკადემია იყო უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 2004 წელს რეფორმის ფარგლებში, გადაწყდა, რომ ის უნდა გარდაქმნილიყო პროფესიულ დაწესებულებად, შეწყდა ახალი ნაკადის მიღება და არსებული სტუდენტები შეზღუდული სწავლების პროგრამაზე გადაიყვანეს. პროგრამის დასრულების შემდეგ გაიცა შესაბამისი დიპლომები. აკადემია 2007 წელს პროფესიულ დაწესებულებად გარდაიქმნა.

„დღეს განათლების სამინისტროს შესაბამისი სსიპი უარს აცხადებს ამ დიპლომების აღიარებაზე იმ მოტივით, რომ ამ დროს აკადემიას არ გააჩნდა შესაბამისი ინსტიტუციური აკრედიტაცია. შესაბამისად, პირებს საკუთარი უფლებების დასაცავად ბრძოლა უწევთ სასამართლოში. დღეის მდგომარეობით 185 სარჩელია შეტანილი, ძალაში შესულია 180 მათგანი.  სახეზე გვაქვს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებაც, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, აკადემია არ იყო ვალდებული მიემართა განათლების სამინისტროსთვის და მიეღო შესაბამისი აკრედიტაცია იმის გათვალისწინებით, რომ ის იყო რეფორმირების პროცესში და შესაბამისად შეეძლო მილევად პროცესში დაესრულებინა აღნიშნული კურსი. ცენტრი ასევე უარს აცხადებს, რომ საერთოდ განათლების რომელიმე საფეხურს გაუთანაბროს აღნიშნული განათლება, შესაბამისად, ამასთან დაკავშირებითაც გვჭირდება კანონში დამატებითი ცვლილებები“, – აღნიშნა ლანა ცანავამ კომიტეტის სხდომაზე.

პარლამენტის კომიტეტმა უმაღლესი განათლების კანონში შესაბამისი ცვლილების განხორციელებას მხარი დაუჭირა. საკანონმდებლო ინიციატივა შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯერ კიდევ მე-9 მოწვევის პარლამენტში ჰქონდა წარდგენილი, თუმცა მაშინდელმა კომიტეტმა განხილვის პროცესი ვერ დაასრულა.

შსს აკადემია ამჟამადაც პროფესიული დაწესებულების სტატუსს ატარებს. კანონპროექტის ძალაში შესვლის შემდეგ, დიპლომების აღიარების საკითხი შეეხება მხოლოდ 2007-2008 სასწავლო წლამდე გაცემულ დოკუმენტებს. შემდეგ წარმოშობილ ურთიერთობებზე აღნიშნული შეღავათი არ გავრცელდება.

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური