GE

„სინუსები და კოსინუსები, ლოგარითმები, ალბათობა…“ – აბიტურიენტებმა მათემატიკის ტესტი წერეს

“საშუალო სირთულის იყო ტესტები. უმეტესად გეომეტრია გვქონდა, სინუსები და კოსინუსები, ლოგარითმები, სხვათა შორის ალბათობაც გვქონდა საკითხებში. მთლიანობაში, ვარიანტი, ჩემი აზრით, რთული იყო”, – ამბობს ტესტირებიდან გამოსული ლუკა კვინიტაძე, რომელმაც დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდა მათემატიკაში წერა.

2025 წლის აბიტურიენტები დღეს მათემატიკის არჩევით გამოცდას ორ სესიად ჩააბარებენ, რითაც გამოსაცდელთა დიდი უმრავლესობისთვის საგამოცდო პროცესი დასრულდება.

გამოცდიდან გამოსული აბიტურიენტები EDU.ARIS.GE-სთან საუბრობენ, რომ ლოგარითმების გამოთვლა გაუჭირდათ: “41-ე გამიჭირდა, ლოგარითმები იყო გამოსათვლელი და ცოტა მერთულა”.

191-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრიდან გამოსული დაჩი გუმაშვილის თქმით, ალგებრის ნაწილი უფრო გაუმარტივდა:

“ჩემი დაკვირვებით მათემატიკის გამოცდა, წინა წელთან შედარებით, რთული იყო. 2024 წლის ორი ვარიანტი მაქვს გაკეთებული, მაგრამ ტესტირების ეს ვარიანტი, რატომღაც ძნელად მომეჩვენა. რაც ვიცოდი დავწერე და რაც არ ვიცოდი, შევუბერე. ჩემთვის ალგებრის ნაწილი უფრო ადვილი იყო, ვიდრე გეომეტრია. იყო წილადები, განტოლებები – მე-10 სავარჯიშოს შემდეგ უფრო გართულდა, თუმცა 20-ის მერე გაადვილდა. 20 დავალების შემდეგ, შემოტანილი იყო ალბათობის გამოთვლა. 25-ის შემდეგ კოსინუსი დაიწყო და აღარც მიმიქცევია ყურადღება. ტესტირების გეომეტრიულ ნაწილში ელემენტარული შემოვიდა, გააჩნია, თეორიული ნაწილი თუ იცი. გამოცდის დაწყებიდან 2 საათში გამოვედი. უფრო ადრე ვაპირებდი გამოსვლას, მაგრამ დედამ და მამამ დამაბარეს ნ- დიდხანს დარჩიო”.

“ეს ეროვნულები ეროვნულებს არ ჰგავდა. ურთულესი იყო” – გვითხრა ერთ-ერთმა აბიტურიენტმა, რომელიც ტესტირებიდან ანერვიულებული გამოვიდა.

თუმცა იყვნენ ისეთებიც, ვინც გამოცდას იოლად თვლის მიუხედავად იმისა, რომ ყველა საკითხი არ შეუსრულებია:

“შარშანდელ ტესტებთან შედარებით, ძალიან მარტივი საკითხები იყო. ვინც იცის, დაწერს, უბრალოდ, კარგად დაკვირვება უნდა. ერთქულიანები განსაკუთრებით იოლი იყო. მე ბოლო ამოცანის გარდა, ყველაფერი დავწერე”, – თქვა  გუგა მელაძემ, 175-ე საგამოცდო ცენტრიდან გამოსვლის შემდეგ.

აბიტურიენტი ქუთაისის საგამოცდო ცენტრიდან: “ზუსტად ვიცი, 15 ქულა მაქვს. ლოგარითმები და ფუნქციები იყო 4 ქულიანებში და 3 ქულიანებში. მეტი ზუსტად არ მახსოვს. დავასრულე გამოცდები. ჩემი აზრით, 20 ქულაზე მეტი მექნება. ქართული ნორმალურად დავწერე, ინგლისური ძალიან კარგად. იმედია, სტუდენტი გავხდები. ამ კონსპექტებს გადავყრი და კარგად გამოვიძინებ”.

ასევე იხილეთ:

როგორ გაიგეს თემების თეზისები და როგორ იმსჯელეს აბიტურიენტებმა ქართულის გამოცდაზე – „წელს კარგი თემები მოგვივიდა“

გაწევრიანდი ჯგუფში “აბი გლუკოზა აბიტურიენტებისთვის” და გაიგე ყველა საჭირო სიახლე

განახლებადი ინფორმაცია გამოცდების შესახებ

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური