სკოლა დახურვის საფრთხის წინაშე და მშობლების მოთხოვნა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში მდებარე მცირეკონტინგენტიანი სკოლა დახურვის საფრთხის წინაშეა. ადგილობრივები ამბობენ, რომ შენობა ამორტიზებულია და რეაბილიტაციის ნაცვლად, სკოლის დახურვას გეგმავენ. მოსახლეობა აცხადებს, რომ ისინი საგანმანათლებლო დაწესებულების დახურვას არ დაუშვებენ და საპროტესტო აქციებს გამართავენ.
,,მთავრობას ის შეუძლია, რომ გააკეთოს ეს სკოლა ისე, როგორც სხვა სოფლებშია. სკოლის დახურვას არ დავუშვებთ და ამის წინააღმდეგ მთელი მოსახლეობა ქუჩაში გამოვა“,- ამბობს მშობელი თათია თხილიშვილი.
,,მოვითხოვთ, რომ გარემონტდეს სკოლა და არ დაიხუროს. ჩვენ ამ სკოლაში ვისწავლეთ და გვინდა, რომ ჩვენმა შვილებმაც ამ სკოლაში მიიღონ განათლება“, – ამბობს ადგილობრივი მკვიდრი შორენა ზურაბაშვილი.
ახალშენის სკოლაში მხოლოდ ორი საკლასო ოთხია და სწავლება კლასკომპლექტის პრინციპით მიმდინარეობს. ერთ ოთახში, პირველი კლასის სამი და მესამე კლასის ერთი მოსწავლეა, ხოლო მეორე ოთახში, მეორე კლასის ერთი და ერთიც მეოთხეკლასელი ბავშვი იღებს განათლებას.
,,მცირეკონტინგენტიანი სკოლაა და სულ ხუთი მასწავლებელი ვართ. არ გვინდა სკოლის დახურვა, თუმცა მისი მდგომარეობიდან გამომდინარე ეს გარდაუვალია. სკოლაში, ათი მოსწავლე მაინც უნდა იყოს, რომ კლასები გაიყოს და ასე მოხდეს სწავლის გაგრძელება, მაგრამ ბავშვები არ არიან“, – აცხადებს სკოლის პედაგოგი თეა წკრიალაშვილი.
სკოლაში, სადაც 6 მოსწავლე სწავლობს, გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ამბობენ, რომ რეაბილიტაციას აღარ ექვემდებარება და მომავალ წელს პირველკლასელებს აღარ მიიღებენ. ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, შენობა ავარიულია და იქ ბავშვების გაჩერება მიზანშეწონილი არ არის.
,,შენობა ნამდვილად არის სავალალო მდგომარეობაში. აუცილებლად გადავდგამთ იმ ნაბიჯს, რომ მომავალ წელს აღარ მივიღებთ პირველკლასელებს ამ სკოლაში“, – აცხადებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილი.
ახალშენის სკოლა 1964 წელს ეთნიკური ოსი მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა. სოფლის მცხოვრებლების მოთხოვნით იგი დღემდე ფუნქციონირებს და განათლების მიღება მხოლოდ 4-კლასამდეა შესაძლებელი.
მოამზადა ნიკა გაბლიშვილმა
- რას და როგორ ისწავლიან სტუდენტები ამ ფაკულტეტზე – დამტკიცდა კიბერუსაფრთხოების უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by ARIS.GE-განათლება
- ხელფასი 10 000, 9 000 და 8 000 ლარი – განათლების სამინისტროს ქვეუწყებისთვის გამონაკლისი წესი დადგინდა – დეტალები by ARIS.GE-განათლება
- აშენდება თუ არა 179-ე საჯარო სკოლის ახალი შენობა? – რა პასუხი აქვს განათლების სამინისტროს by ARIS.GE-განათლება