GE

სკოლას არ აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს რაიმე დამატებითი რესურსის შეძენაში – რეფორმების ჯგუფი

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადი განათლების რეფორმის ჯგუფი სწავლების პროცესში სახელმძღვანელოს გამოყენების საკითხზე დასმულ კითხვას პასუხობს და ცალსახად აცხადებს, რომ მშობელს მოსწავლისთვის დამატებითი საგანამანათლებლო რესურსის შეძენის ვალდებულება არ აქვს.

არის თუ არა სახელმძღვანელო მასწავლებლის ერთადერთი რესურისი, უნდა ხელმძღვანელობდეს თუ არა პედაგოგი მხოლოდ სახელმძღვანელოთი, რამდენად მისაღებია, თუ მასწავლებელი სახელმძღვანელოს პარაგრაფ-პარაგრაფ არ მიყვება თუ ბოლომდე არ დაასრულებს და შეიცვალა თუ არა სახელმძღვანელოზე დატვირთვა რეფორმის ფარგლებში?

“სახელმძღვანელო არის ერთ-ერთი და არა ერთადერთი რესურსი. მასწავლებლისთვის ორიენტირია ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი სტანდარტებით განსაზღვრული მიზნები/შედეგები/სამიზნე ცნებები და უნდა იხელმძღვანელოს შეფასების ინდიკატორებით, ამა თუ იმ თემის ფარგლებში კი შეუძლია თავად შეარჩიოს საკითხები, აქტივობები. მისივე გადასაწყვეტია, რამდენად გამოიყენებს გრიფირებულ სახელმძღვანელოს თავისი მიზნებიდან გამომდინარე: გაყვება პარაგრაფ-პარაგრაფ, თუ მხოლოდ ნაწილობრივ დაეყრდნობა. მას შეუძლია ნებისმიერი დამატებითი რესურსი შეიტანოს სასწავლო პროცესში. სკოლას არ აქვს უფლება, მშობელი დაავალდებულოს რაიმე დამატებითი რესურსის შეძენაში”, – წერს რეფორმების ჯგუფი 14 დეკემბრის პასუხში.

მშობელთა კიდევ ერთი ინტერესის საგანს წარმოადგენს რა არის საგნის სტანდარტი და ვინ უნდა გააცნოს მას ამის შესახებ ინფორმაცია, რაზეც რეფორმების ჯგუფი განმარტავს, რომ სტანდარტი შეიძლება მშობელს გააცნოს მისი შვილის საგნის მასწავლებელმა, ან დამრიგებელმა, ასევე კარგი იქნება, თუკი საგნის მასწავლებელი წინასწარ გააცნობს, თუ რა კომპლექსური/შემაჯამებელი დავალებები მიეცემა მას, აუხსნის, თუ რა მიზნებზე და კომპეტენციებზე გაიყვანს ეს აქტივობები მოსწავლეს.

ასევე იხილეთ:

რა სარგებელს მიიღებს მოსწავლე განათლების რეფორმით და რა უნდა ვიცოდე მის შესახებ – პასუხი მშობელს

„თუ მასწავლებელს ეს გამორჩება, მშობელმა უნდა აცნობოს აუცილებლად“ – კომპლექსური დავალების გასათვალისწინებელი საკითხი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური