GE

სკოლებს ვადა 26 დეკემბრის ჩათვლით აქვთ – დაწესებულების თვითშეფასების პროცესში მოსწავლეები და მშობლებიც უნდა ჩაერთონ

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს ავტორიზაციის ფარგლებში თვითშეფასების ანგარიშის წარსადგენად დრო 2025 წლის დეკემბრის ბოლომდე აქვთ. თვითშეფასების პროცესში ჩართული უნდა იყვნენ როგორც სკოლის ადმინისტრაციისა და პედაგოგიური კოლექტივის წარმომადგენლები, ისე მოსწავლეები და მათი მშობლებიც.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ დადგენილი ვადების თანახმად, თვითშეფასების პროცესი ეელექტრონული ფორმით, ნოემბრიდან უკვე დაწყებულია და ანგარიშის წარმოდგენის ვადად 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდია განსაზღვრული.

რაც შეეხება თვითშეფასების განხორციელების პროცედურს, „საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის დებულების” საფუძველზე დამტკიცებულია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების ფორმა და განხორციელების წესი.

დაწესებულებას თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ წარმოეშობა და ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე პერიოდზე ვრცელდება.

აღნიშნული პროცესის უზრუნველყოფის მიზნით, ფუნქციონირებს თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმა – evaluate.eqe.ge

ინსტრუქცია:

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ელექტრონული სისტემის მოხმარების სახელმძღვანელო

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მიერ განსახორციელებელი ყოველწლიური თვითშეფასების განხორციელების წესი

მუხლი 1. რეგულირების სფერო ეს წესი ადგენს ავტორიზებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომ – დაწესებულება) მიერ სსიპ – განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში (შემდგომ – ცენტრი) ყოველწლიური თვითშეფასების (შემდგომ – თვითშეფასება) წარმოდგენის ფორმას და განხორციელების წესს.

მუხლი 2. თვითშეფასების მიზანი დაწესებულების თვითშეფასების მიზანია: ა) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის შეფასება; ბ) დაწესებულების ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესის ხელშეწყობა; გ) ცენტრის მიერ ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის ანალიზი ეროვნულ დონეზე.

მუხლი 3. თვითშეფასების განხორციელების ფორმა და ჩართული მხარეები 1. თვითშეფასება ხორციელდება ელექტრონული ფორმით, დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის (evaluate.eqe.ge) გამოყენებით.

2. თვითშეფასების პროცესში ჩართულნი არიან შემდეგი მხარეები: ა) დაწესებულების დირექცია/ადმინისტრაცია; ბ) მასწავლებლები – ყველა საგნობრივი ჯგუფის წარმომადგენელი/წარმომადგენლები; გ) საბაზო და საშუალო საფეხურის მოსწავლეები. მოსწავლეთა წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს და თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მოსწავლის მიერ; დ) მშობლები/მოსწავლეთა კანონიერი წარმომადგენლები. წარმომადგენლობა უნდა მოიცავდეს ყველა კლასს, ხოლო თითოეული კლასიდან კითხვარი უნდა შეივსოს არანაკლებ ერთი მშობლის/მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის მიერ.

3. თვითშეფასებაში ჩართული მხარეები ამ წესის დანართით გათვალისწინებულ თვითშეფასების კითხვარს ავსებენ და აგზავნიან დაწესებულების თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე (evaluate.eqe.ge), რომელიც მოიცავს შემდეგ ინფორმაციას: ა)დაწესებულების შესაბამისობის აღწერა ავტორიზაციის სტანდარტებთან/კომპონენტებთან/კრიტერიუმებთან მიმართებით; ბ) დაწესებულების ავტორიზაციის სტანდარტებთან შესაბამისობის დამადასტურებელი მტკიცებულებები; გ) სხვა ინფორმაცია ზოგადი განათლების სისტემის ხარისხის სისტემური შეფასების განხორციელების მიზნებისათვის.

4. თვითშეფასების ელექტრონული პლატფორმის ადმინისტრირებას უზრუნველყოფს ცენტრის ზოგადი განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სამსახური.

მუხლი 4. თვითშეფასების პერიოდულობა 1. თვითშეფასება ხორციელდება ყოველწლიურად ამ წესით განსაზღვრული ფორმის და ვადების შესაბამისად. 2. დაწესებულებას თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვალდებულება წარმოეშობა ავტორიზაციის მინიჭებიდან ერთი წლის შემდეგ და ვრცელდება ავტორიზაციის ვადის გასვლამდე ერთი წლით ადრე პერიოდზე. 3. დაწესებულება თვითშეფასების ანგარიშს წარმოადგენს სასწავლო წლის დასრულებიდან არაუგვიანეს იმავე წლის 1 ნოემბრამდე პერიოდში.

მუხლი 5. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების პასუხისმგებლობა 1. თვითშეფასების განხორციელებაზე პასუხისმგებელია ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტით განსაზღვრული პირ(ებ)ი. 2. ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაცია/დირექცია ვალდებულია ხელი შეუწყოს თვითშეფასების პროცესში ჩართული მხარეების შეუფერხებელ წვდომას თვითშეფასების ელექტრონულ პლატფორმაზე, მხარეთა კონსულტირებას და პროცესის შეუფერხებლად წარმართვას. 3. დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ მხარეებზე ზეწოლა. 4. დაუშვებელია თვითშეფასების პროცესში ჩართულ პირებს შეეზღუდოთ პროცესში მონაწილეობის უფლება.

მუხლი 6. გარდამავალი დებულებები 2025 წელს დაწესებულებების მიერ თვითშეფასების ანგარიშის წარმოდგენის ვადად განისაზღვროს 2025 წლის 3 ნოემბრიდან 2025 წლის 26 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.

ასევე იხილეთ:

განათლების სამინისტროს აღიარება – „სკოლების ავტორიზაციის პროცესი 2030-2031 სასწავლო წლის დაწყებამდე გახანგრძლივდება“

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური