„სკოლებში იქნება „ჩაწყობები“ და კორუფცია“ – რას ფიქრობენ აბიტურიენტები უმაღლესში მისაღები გამოცდების დაანონსებულ რეფორმაზე
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბოლო ანგარიშის თანახმად, დამამთავრებელ კლასში გამოცდები დაბრუნდება, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ჩაბარება კი ახალი მოდელის შესაბამისად მოხდება. უკვე მუშავდება მოსწავლის უნივერსიტეტში ტრანზიციის ახალი სისტემა, რაც მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში მოიცავს. უნივერსიტეტში სწავლის გაგრძელებისთვის კი აბიტურიენტის საშუალო საფეხურის ქულები და იმ გამოცდების შედეგები იქნება საჭირო, რასაც დამატებით უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
რა ვიცით ცვლილების შესახებ დღეს – ამონარიდი ირაკლი კობახიძის ანგარიშიდან
„საშუალო საფეხურის პოლიტიკის განვითარების ფარგლებში, ზოგადი და უმაღლესი განათლების საფეხურებს შორის კავშირის გასაძლიერებლად, მსოფლიო ბანკის მიმდინარე ადამიანური კაპიტალის პროგრამის ფარგლებში, მუშავდება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ტრანზიციის ახალი მოდელი.
ამასთან, შემუშავდა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ჩარიცხვის ახალი სისტემის კონცეფცია, რომელიც ითვალისწინებს ჩარიცხვის მრავალკომპონენტიანი სისტემის შექმნას და მოიცავს მე-12 კლასის გამოცდებს შერჩეულ საგნებში (ცოდნისა და კოგნიტური უნარების შეფასება), აბიტურიენტის საშუალო საფეხურის საშუალო ქულებსა (GPA) და დამატებით კრიტერიუმს, რომელსაც უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება განსაზღვრავს.
მომზადდა ახალი სისტემისთვის პროგრამული უზრუნველყოფის კონცეფცია და ტექნიკური სპეციფიკაციების აღმწერი დოკუმენტი“.
EDU.ARIS.GE ამ საკითხზე 2025 წლის აბიტურიენტების მოსაზრებით დაინტერესდა და მათი ნაწილი გორში, საგამოცდო პროცესის პარალელურად გამოკითხა.
შიდა ქართლში მცხოვრები აბიტურიენტების უმრავლესობა თანხმდება, რომ ინიციატივა ბევრი რისკის შემცველია და მას არაფერი არ აქვს საერთო სკოლებში ხარისხიანი განათლების მიღებასთან. ისინი ამბობენ, რომ მოხდება „ჩაწყობები“ და დაბრუნდება ის მავნე პრაქტიკა სკოლებში, რაც მათი მშობლების თაობამ უკვე გაიარა. მიაჩნიათ, რომ იქნება კორუფცია და დაიწერება არაობიექტური ნიშნები, რაც დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს არათანაბარ პირობებში ჩააყენებს.
„ეს ინიციატივა ბევრ რისკს აჩენს. მაშინ, როდესაც სკოლებში ჯერ კიდევ შემორჩენილია ნიშნების არაობიექტურად დაწერის პრაქტიკა, ეს კიდევ უფრო გაართულებს საქმეს. ეს ინიციატივა პირდაპირ უბიძგებს პედაგოგს, ჩაერთოს კორუფციაში და გაურიგდეს მშობლებს, რომ მათი შვილებისთვის კარგი შეფასების დაწერის სანაცვლოდ, რაიმე სარგებელი მიიღოს. მე ასე ვფიქრობ და ძალიან მაწუხებს ეს საკითხი, რადგან ვინ გააკონტროლებს ყველა სკოლას და მასწავლებელს? ისინი ჩუმად რას იზამენ ვინ გაიგებს“, – გვითხრა ნინო ნაოჭაშვილმა.
ირინა ნებიერიძე ამბობს, რომ ამ ინიციატივის განხორციელებით, ადვილად შესაძლებელია, პედაგოგებიც და მშობლებიც არაკეთილსინდისიერად მოიქცნენ.
„ადვილად შესაძლებელი იქნება პედაგოგების მოსყიდვა და ამის გამოცდილება ჯერ კიდევ არსებობს, განსაკუთრებით ასაკოვანმა პედაგოგებმა იციან ეს ხერხები, რადგან ადრე ეგრე იყო. ამიტომ, აუცილებელია, რომ მკაცრი კონტროლის მექანიზმები განსაკუთრებით რეგიონებში ამოქმედდეს. რეალურად კარგი მოსწავლეები მსხვერპლის როლში არ უნდა აღმოჩნდნენ, არ დაიჩაგრონ და ასე შემდეგ. ჯერ კარგად არ ვიცნობ ამ ინიციატივას და ვიმედოვნებ, რომ დახვეწილი იქნება ისე, რომ უწინდებურად კორუფცია არ გამეფდეს სკოლებში“.
კიდევ ერთი საკითხი, რომელზეც აბიტურიენტები მიუთითებენ სკოლაში მიღებული განათლების ხარისხი და პედაგოგების ნაწილის დაბალი კომპეტენციაა.
„რა თქმა უნდა, როცა სკოლაში სწავლობ და კარგი მომავალი გინდა, აუცილებელია, კარგად ისწავლოს მოსწავლემ, მაგრამ ის, რომ შესაძლოა, სკოლის ნიშნებმა გავლენა იქონიოს რაიმე ფორმით უმაღლესში მოხვედრაზე, არ მივესალმები. სკოლებში ახლაც ძალიან ცუდი მდგომარეობაა. პედაგოგები ვერ პასუხობენ მოსწავლეების მოთხოვნებს და არ აქვთ შესაბამისი კომპეტენცია, რომ კარგი მოსწავლეები აღზარდონ და შესაბამისი განათლება მისცენ. რა თქმა უნდა, ყველაზე არ ვამბობ. ის არაფერს ნიშნავს, რომ დაზეპირებული საკითხებით, რითაც გამოცდებს აბარებენ, რაიმე იცვლება მათი სწავლების მეთოდებში. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ასეთი პედაგოგების მიერ დაწერილი ნიშნები ვერ იქნება ობიექტური. კიდევ ერთს გეტყვით, რომ განსაკუთრებულად მძიმე ვითარება იქნება რეგიონებში, სადაც ყველა ყველას ცნობს. სწორედ აქ იქნება გარიგებები შეფასებებისთვის, მშობლები დაიწყებენ პედაგოგების მოსყიდვას საჩუქრებით და ასე შემდეგ. ნუ, ეს მეთოდი დღესაც კი მოქმედებს, თუმცა უფრო გამძაფრდება“, – ამბობს ნიკა ოქროპირიძე.
„ვფიქრობ, ცუდი სიტუაცია იქნება სკოლებში. პედაგოგები დაიწყებენ პირადი სიმპათიებით გადაწყვიტონ მოსწავლეების აკადემიური მოსწრების საკითხი, რაც ბავშვებისთვის ძალიან ცუდი იქნება. ვიმედოვნებ, რომ პედაგოგები გონიერებას გამოიჩენენ და თუ აღნიშნული სისტემა დაინერგა, თავს გაართმევენ. არ მინდა წინასწარ კიდევ ბევრ ცუდზე ვიფიქრო, რაც შეიძლება, სკოლებში მოხდეს. ვიმედოვნებ, რომ რისკები მინიმუმამდე იქნება დაყვანილი, რათა არ მოხდეს ის, რისიც ყველას ეშინია. კორუფცია და მსგავსი ამბები“, – ნინია ამაშუკელი.
საკითხთან დაკავშირებით კრიტიკული მოსაზრებებთან ერთად, ახალგაზრდების ნაწილს მოსალოდნელი ცვლილება მოსწონს. მათი შეფასებით, არც ისეთი ცუდია, თუ აბიტურიენტების უნივერსიტეტებში მოხვედრას სკოლის ნიშნებიც გადაწყვეტს.
„რაც შეეხება ეროვნულ გამოცდებს, ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრს, რომ საჭირო იყო სისტემის შეცვლა. ვფიქრობ, უნდა დაბრუნდეს სკოლაში საატესტატო გამოცდები, რადგან ეს ხელს შეუწყობს პასუხისმგებლობის უფრო თანმიმდევრულად ჩამოყალიბებას სასწავლო პროცესის განმავლობაში. ასეთი მიდგომა მოსწავლეებს დააფიქრებს საკუთარ მომავალზე და უფრო გააძლიერებს მათ მოტივაციას. გარდა ამისა, ეს სისტემა შეუწყობს ხელს სწავლის ხარისხის ამაღლებასა და ცოდნისადმი უფრო ღრმა დამოკიდებულების ჩამოყალიბებას. რადგან განათლების დონე ამ ეტაპზე აღორძინების პროცესშია, მნიშვნელოვანია, რომ ბავშვებს თანასწორი შესაძლებლობა ჰქონდეთ ხარისხიანი განათლების მისაღებად. თუ სწავლის პროცესში თანაბარი პირობები შეიქმნება, ისინი ცოდნას არა მხოლოდ მიიღებენ, არამედ საფუძვლიანად და სწორადაც გამოიყენებენ.
„ზემოთხსენებული გადაწყვეტილება – სკოლაში გამოცდების დაბრუნება – მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, რომ განათლება არ ჩამოყალიბდეს მხოლოდ გამორჩეულობის პრინციპით. ეს ნიშნავს, რომ ცოდნის მიღების შესაძლებლობა აღარ იქნება მხოლოდ იმ მოსწავლეების პრივილეგია, ვინც ეროვნულ გამოცდებზე მაღალ ქულებს და მაღალ სტატუსს იღებს. პირიქით, ასეთი სისტემა დააბალანსებს განათლების ხელმისაწვდომობას და ყველა ბავშვს მისცემს განვითარების რეალურ შანსს. სწორედ ეს არის გზა, რომელიც თანასწორი და სამართლიანი საგანმანათლებლო გარემოს შექმნას განაპირობებს“, – გვიხსნის ლუკა თათარაშვილი.
მსგავსი პოზიცია აქვს თათია გოგიაშვილს: „მე, სიმართლე გითხრათ, დადებითად ვარ ამ საკითხის მიმართ განწყობილი და მეჯერა, რიმ გაამართლებს. აუცილებელია, სკოლებში გამოცდები დაბრუნდეს და სწორედ აქედან მიღებულმა ცოდნამ განაპირობოს შემდგომი სწავლის გაგრძელების საკითხი და აუცილებლობაც. უბრალოდ იმას ვიტყვი, რომ არა მხოლოდ გარკვეულ საგნებში უნდა ჩატარდეს გამოცდები, არამედ ყველა საგანში უნდა მოხდეს შემაჯამებელი გამოცდების ჩაბარება. ეს მოსწავლეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას შესძენს და უფრო ამაყად გავა იმ გამოცდებზე, რასაც რომელიმე სასწავლებელი დააწესებს. ვფიქრობ, ცუდი გადაწყვეტილება არ არის. იმედია, ამას მასწავლებლებიც სათანადოდ მიუდგებიან და დიდ ყურადღებას მიაქცევენ სწავლის ხარისხს და თანაბრად გადაანაწილებენ საკუთარ დროს ყველა მოსწავლეზე“.
EDU.ARIS.GE ამ თემაზე მოსწავლეთა მშობლების პოზიციითაც დაინტერესდა და სტატიას უახლოეს მომავალში შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
ავტორი: ნიკა გაბლიშვილი, EDU.ARIS.GE
-
რის მიხედვით მოიმატებს მომდევნო წლებში პედაგოგის ხელფასი – მინისტრი ამბობს, რომ მასწავლებლებმა იცოდნენ, 2026 წელს მათი ხელფასი არ გაიზრდებოდა
by ARIS.GE-განათლება
-
„ვინც დღეს მე-9 კლასშია, მას მოუწევს მე-11 კლასის დამთავრება სკოლაში“ – ცნობილია, როდიდან ამოქმედდება თერთმეტწლიანი სწავლება
by ARIS.GE-განათლება
-
ყველაფერი, რაც სასკოლო ცხოვრებაში შეიცვლება – ზოგადი განათლების რეფორმის კონცეფციის დოკუმენტი
by ARIS.GE-განათლება