სკოლებში სასწავლო პროცესის შეფასებას 2019-2023 წლების აბიტურიენტების შედეგებით შეეცდებიან – განათლების მინისტრის ბრძანება
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი 2019-2023 წლების აბიტურიენტების შედეგებს შორის სხვაობებს რეგიონებისა და ქალაქების მიხედვით დაამუშავებს და განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რეკომენდაციებს მისცემს. ეს ყველაფერი კი სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზანს ემსახურება.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ხელმოწერით გამოქვეყნებულ 29 ნოემბრის ბრძანებიდან ვიგებთ, რომ ახალი მუხლი დაემატა „ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულებისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის განაწილების წესის დამტკიცების შესახებ“ განათლების მინისტრის ბრძანებას, რომელიც „აბიტურიენტების შესახებ მონაცემების დამუშავებას“ გულისხმობს.
„საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში, სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით სასწავლო პროცესის შეფასებისა და სამინისტროსათვის რეკომენდაციების მიწოდებისათვის, აგრეთვე აბიტურიენტების შედეგებს შორის სხვაობების შესამოწმებლად ქალაქის, სოფლის, დაბის, მუნიციპალიტეტის დონეზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა“, – ვკითხულობთ ბრძანებაში.
აღნიშნულის შესრულებისთვის NAEC-ი სხვადასხვა წლებში რეგისტრირებული აბიტურიენტების შესახებ ინფორმაციას (სახელი, გვარი და, არსებობის შემთხვევაში, პირადი ნომერი), განათლების სამინისტროს სსიპ-ს – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემას მიაწვდის, ხოლო სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ვალდებულია მოთხოვნიდან 5 სამუშაო დღის ვადაში იმავე ფორმით მიაწოდოს ცენტრს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ (დასახელება და მისამართი), სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა.
გიორგი ამილახვარის ბრძანების თანახმად, განისაზღვრა კონკრეტული წლებიც, თუ რომელი აბიტურიენტების მონაცემებს დაამუშავებენ: „ცენტრი უფლებამოსილია სსიპ – განათლების მართვის საინფორმაციო სისტემისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება 2019-2023 წლების ერთიანი ეროვნულ გამოცდებზე გამოსულმა აბიტურიენტებმა“.
როგორ იქნება ამ ანალიზით შესაძლებელი სასწავლო პროცესის შეფასება ამ დროისათვის გაუგებარია, თუ გავითვალისწინებთ, რომ უმაღლესში ჩარიცხული აბიტურიენტების დიდი უმრავლესობა მისაღები გამოცდებისთვის კერძო რეპეტიტორთან მომზადებას გადის და მათი ცოდნა ნაკლებად ეყრდნობა სკოლაში ნასწავლ მასალას. დამატებით ინფორმაციას EDU.ARIS.GE-ს ვერც განათლების სამინისტროში და ვერც გამოცდების ცენტრში აწვდიან.
გამოცდების ცენტრმა გაგვიზიარა მათ დებულებაში არსებული ჩანაწერი, რომელიც ახალ ბრძანებაში მოცემულ ცვლილებს ეხმიანება, თუმცა ის ასე ჟღერს: “ცენტრი (გამოცდების ცენტრი)სამინისტროს აწვდის რეკომენდაციებს მოსწავლეთა ცოდნისა და უნარ-ჩვევების სანდო და ობიექტური მეთოდებით შესაფასებლად, აგრეთვე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სასწავლო პროცესის შეფასებასა და რეკომენდაციების მიწოდებას სამინისტროსათვის სწავლების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით”.
გიორგი ამილახვარის ახალი ბრძანების შინაარსიდან ვიგებთ იმასაც, რომ აბიტურიენტების პერსონალური მონაცემების უსაფრთხოება დაცული იქნება:
„ინფორმაცია იმ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების შესახებ, სადაც მიიღეს სრული ზოგადი განათლება აბიტურიენტებმა, გამოყენებული იქნება მხოლოდ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მიზნებისათვის და ხელმისაწვდომი იქნება მხოლოდ ცენტრის უფლებამოსილი თანამშრომლებისათვის. აღნიშნული ინფორმაციის მოპოვებისთანავე ცენტრი უზრუნველყოფს მის შენახვასა და შემდგომ გამოყენებას პირთა იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით“.
ასევე იხილეთ:
„ასე დიდხანს ვერ გაგრძელდება“ – განათლების მინისტრი სკოლებში მოსწავლის დონის შეფასების არ არსებობაზე
- ვისი დასაქმება იქნება შესაძლებელი სკოლაში კონკურსის გარეშე – ჩამონათვალი განახლდა by ARIS.GE-განათლება
- „ნახეთ მეთორმეტეკლასელების ცხრილი? სრული კატასტროფა! როგორ უნდა მოასწრონ ბავშვებმა მეცადინეობა!“ by ARIS.GE-განათლება
- 2024 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს გამარჯვებული ნათია უჩავა გახდა by ARIS.GE-განათლება