GE

სკოლის დირექტორი ავტონომიურობაზე: „წლების განმავლობაში ერთი დინებით მიმავალ სკოლებს სიახლეების მიღება გაუჭირდებათ, მეტი საფიქრალია“

„უფლებები შეზღუდული იყო, ახლა კი, როცა სკოლას მეტი ავტონომია მიეცემა, დირექტორმა პედაგოგების, მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესების გათვალისწინებით, ჭკვიანურად, ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა გათვალოს და დაგეგმოს ყველაფერი“, – ამბობს EDU.ARIS.GE-სთან ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ შრომის საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან ცეცხლაძე, რომელსაც ეროვნულ სასწავლო გეგმაში სკოლის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით შესული ცვლილებების შეფასება ვთხოვეთ.

რა შეიცვალა ეროვნულ სასწავლო გეგმაში – ჩამონათვალს განათლების სამინისტრო აქვეყნებს

ეროვნული სასწავლო გეგმა და სხვადასხვა საგნის სტანდარტები – განახლებული დოკუმენტები გამოქვეყნდა

როგორც ცნობილია, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილებებზე მუშაობის პირველი ეტაპი დაასრულა და თავისი არსით, დამტკიცებული ცვლილებები კერძო და საჯარო სკოლებისთვის მეტი დამოუკიდებლობის მინიჭებას გულისხმობს: „ცვლილებები სწავლა-სწავლების პრინციპებს, მიზნებსა და შინაარსობრივ პრიორიტეტებს, ასევე სწავლების მეთოდებს, შეფასებასა და სასწავლო პროცესის ორგანიზებას შეეხო“, – განმარტავს განათლების სამინისტრო.

სკოლის ხელმძღვანელს კარგად ესმის, რომ ავტონომიურობის ზრდით, გაიზრდება სკოლის მოვალეობებიც მოსწავლეებისა და საზოგადოების წინაშე და ამიტომაც ფიქრობს, რომ სწორი ნაბიჯების გადადგმა მნიშვნელოვანია.

ამასთან ერთად რუსუდან ცეცხლაძე სკოლის მზარდ ანგარიშვალდებულებაზე მიუთითებს უშუალოდ მისი მთავარი საზრუნავის – მოსწავლის ნაწილში და ამბობს, რომ ცვლილებები დადებითად აისახება განათლების ხარისხზე, ვინაიდან სკოლებს მოუწევთ, სასწავლო პროცესის დაგეგმვისას მოსწავლეებისა და მშობლების ინტერესები გაითვალისწინონ, ეს კი, თავად ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების სასიკეთოდ ბევრ რამეს შეცვლის და საკუთარი შესაძლებლობების, უნარების გამოვლენაში დაეხმარება.

EDU.ARIS.GE-ს კითხვაზე, თუ რამდენად არის შრომის საჯარო სკოლა მზად ცვლილებებისთვის, დირექტორი ასე გვპასუხობს:

„მეტ-ნაკლებად მზად არის. გასათვალისწინებელია, რომ აქ არ იქნება ერთგვაროვანი აზრი, აქ იქნება სხვადასხვა აზრი. შესაძლოა, მე როგორც ვფიქრობ, ბევრი ასე არ ფიქრობს სკოლაში, თუმცა მე ვიცი ჩემი სკოლის მასწავლებლების ფსიქოლოგია, მიდგომა სწავლისა და სწავლების პროცესის მიმართ და მჯერა, მალე აუწყობენ ფეხს სიახლეებს“.

რუსუდან ცეცხლაძეს ვკითხეთ მოსწავლეთა განმსაზღვრელი შეფასებების თაობაზეც. ერთ-ერთი ცვლილებით, გაუქმდა განმსაზღვრელი შეფასებების კომპონენტები (საკლასო, საშინაო, შემაჯამებელი) და მოდელები და სკოლებს თავად შეეძლებათ შეფასების ორიგინალური სისტემა და პრინციპები შექმნან.

თუ სკოლა მოსწავლის წლიური და სემესტრული შეფასების საკუთარ სისტემას ჩამოაყალიბებს – განმარტება საჯარო სკოლებს ესგ-ის სპეციალისტებისგან

სკოლის დირექტორი აღნიშნავს, რომ ის განახორციელებს საკუთარი სკოლის მოსწავლეთა შეფასების ახალი მოდელისთვის საჭირო სამუშაოებს და ამბობს, რომ შეფასების სისტემა, რომელსაც მასწავლებლებთან ერთად შეიმუშავებს, მოსწავლეების წახალისებასა და განვითარებაზე იქნება მორგებული. კონკრეტულად კი ფიქრობს, რომ აქტიურად გამოიყენებს კომპლექსურ დავალებებს და სემესტრში ერთ ან ორ შემაჯამებელს დატოვებს, რადგან, მისი განმარტებით, “ეს ბავშვების მობილიზებისთვის არის საჭირო”.

შრომის საჯარო სკოლის დირექტორი განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პასუხისმგებლობაზეც გვესაუბრა.

ის თვლის, რომ სამინისტროს როლი მხარდაჭერისა და მონიტორინგის კუთხით უმნიშვნელოვანესია, ვინაიდან ახალი მეთოდები ყველა სკოლაში თავიდანვე თანაბარეფექტიანი ვერ იქნება.

„წლების განმავლობაში ერთი დინებით მიმავალ სკოლებს გაუჭირდებათ სიახლეების მიღება, მაგრამ საბოლოოდ, რეფორმის განხორციელებაში ყველა აქტიურად ჩაებმება. დიდი დილემები, პრობლემები იქნება გადასაწყვეტი, ფსიქოლოგიურად უნდა შეეგუოს ამას მასწავლებელიც, ბავშვიც. მეტი საფიქრალია, მეტი საზრუნავია… თუმცა ამ გზით, დღეს თუ ხვალ, სკოლა მეტად წარმატებული და კონკურენტუნარიანი იქნება“, – ამბობს რუსუდან ცეცხლაძე.

ასევე იხილეთ:

რა პრინციპით გაუმჯობესდება მასწავლებლის პროფესიული სქემა – რეკომენდაციები, რომლებიც განათლების სამინისტრომ თავისი სსიპ-ის კვლევის საფუძველზე მიიღო

ავტორები: თამუნა კირკიტაძე, edu.aris.ge

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური