GE

სკოლის დირექტორი: მირჩევნია, არ განვახორციელო შესყიდვა როცა საჭიროა და დაველოდო ნებართვას, რომ საყვედური არ მივიღო

„სკოლებს არ აქვთ შესაბამისი საბიუჯეტო სახსრები, რომ რეგულარულად შეავსონ ლაბორატორიული საქმიანობის მხარდასაჭერად საჭირო მასალები, ქიმიური რეაქტივები და ა.შ… სკოლების დიდ ნაწილს ქვეყანაში, ხელფასებისა და კომუნალური ხარჯების დაფარვის შემდეგ, არ რჩება საკმარისი თანხა სასწავლო რესურსების შეძენისთვის“, – ამის შესახებ პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის მიერ 17 ოქტომბერს გამოქვეყნებული თემატური მოკვლევის ანგარიშშია ნათქვამი.

თემატურ მოკვლევაში – „სასკოლო საგანმანათლებლო რესურსების გამოყენების პრაქტიკა ეფექტიანი სწავლა-სწავლების უზრუნველყოფის პროცესში“, სადაც სხვა პრობლემებთან ერთად, საუბარია ლაბორატორიული რესურსების ნაკლებობაზე, წერია, რომ ხშირია ისეთი შემთხვევები, როცა სკოლის ადმინისტრაცია თავს არიდებს სასკოლო ბიუჯეტიდან შესყიდვის განხორციელებას, რათა თავიდან აირიდონ შესყიდვების პროცესში ხარვეზის დაშვების რისკი.

„გარდა სკოლის დაფინანსებასთან დაკავშირებული გამოწვევებისა, არსებობს სხვა მიზეზებიც, რატომაც სკოლის დირექტორები თავს იკავებენ, დამოუკიდებლად, სამინისტროსთან შეუთანხმებლად გაწიონ ხარჯი სკოლის ბიუჯეტიდან. როგორც ერთ-ერთი კვლევის რესპონდენტი დირექტორი ხსნის, „არ მინდა, სამინისტროსგან ნებართვის გარეშე განვახორციელო შესყიდვა, რადგან არ მინდა აღმოვჩნდე ისეთ სიტუაციაში, რომ შემოვიდეს აუდიტი და დაწეროს დასკვნა, რომ არამიზნობრივი ხარჯი გავწიე. მირჩევნია, არ განვახორციელო შესყიდვა მაშინ, როცა ამის საჭიროება დგას, არამედ დაველოდო, ვიდრე ნებართვას არ მივიღებ, რომ შემდეგ საყვედური არ მივიღო. შესყიდვის პროცედურები უფრო მოქნილი უნდა გახდეს, რომ მეტი დამოუკიდებლობა ვიგრძნოთ შესყიდვებზე გადაწყვეტილებაში. ეს ჩემთვის, როგორც დირექტორისთვის ყველაზე დიდი თავის ტკივილია. არადა, არ უნდა იყოს ასე“, – წერია მოკვლევის ანგარიშში.

სკოლის ცხოვრებისა და განვითარებისთვის ამ მნიშვნელოვან საკითხზე საუბრის მიზნით EDU.ARIS.GE რამდენიმე საჯარო სკოლის დირექტორს დაუკავშირდა. აღმოჩნდა, რომ საპარლამენტო მოკვლევის პროცესში გამოკვეთილ პრობლემაზე ღიად საუბარი სკოლის მმართველებს უჭირთ, ან უარყოფენ, რომ ასეთი დაბრკოლება მათაც აქვთ.

იმის მიუხედავად, რომ ანგარიშში ცალსახად წერია, რომ სკოლებში ფინანსური რესურსების უკმარისობა გავრცელებული პრობლემაა და ეს სკოლების უდიდეს ნაწილს ეხება, ჩვენთან საუბარში დირექტორები აცხადებენ, რომ მათთან ყველაფერი რიგზეა და გადაწყვეტილებას დამოუკიდებლადაც იღებენ.

მაგალითად, გორის მე-9 საჯარო სკოლის დირექტორი, ეკატერინე ხუციშვილი ამბობს, რომ განათლების კომიტეტის თემატური მოკვლევის ანგარიშში მოყვანილი ეს მაგალითები მას არ ეხება.

„დირექტორები რესურსების შეძენასთან დაკავშირებით, დამოუკიდებლად ვიღებთ გადაწყვეტილებას. როდესაც ამის საჭიროებაა, კათედრა მოგვმართავს და ნამდვილად ვუწყობთ ხელს, რომ შევიძინოთ ყველა ის რესურსი, რაც გამოიყენება საგაკვეთილო პროცესში. გვაქვს ქიმიის ლაბორატორია, ასევე – საბუნებისმეტყველო ლაბორატორია, რომელიც სკოლამ შეიძინა საკუთარი ხარჯებით. ჩვენ რეაბილიტირებული სკოლა ვართ და ჩვენი ლაბორატორია აღჭურვილია საჭირო ინვენტარით. ჩვენ გვაქვს ბიუჯეტში თანხა და საჭიროებისამებრ განვკარგავთ. კი, არიან ისეთი სკოლები, რომლებსაც არ აქვთ ეს რესურსები. ჩვენთან კი ლაბორატორიები სრულყოფილად ფუნქციონირებს და აქტიურად ვიყენებთ“, – გვითხრა ეკატერინე ხუციშვილმა.

ქუთაისის 35-ე საჯარო სკოლის დირექტორი, რუსუდან თავიდაშვილი ჩვენთან საუბარში ასევე ამბობს, რომ თანხებს დამოუკიდებლად, საჭიროებისამებრ განკარგავს, თუმცა, რადგან დღე-დღეზე სკოლაში რემონტი უნდა დაიწყოს, სასკოლო რესურსების შეძენას ამ ეტაპზე არ ახორციელებს.

თბილისის 108-ე საჯარო სკოლის დირექტორის, მაია მღვდელაძის თქმით კი, თუ სკოლის ბიუჯეტში არსებული თანხა არ ჰყოფნით გარკვეული რესურსების შესაძენად, ფულს განათლების სამინისტროსა და საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან ითხოვენ და იღებენ კიდეც.

„ლაბორატორიული ხელსაწყოც გვიყიდია, ინფრასტრუქტურაც მოგვიწესრიგებია და ყველა სხვა საგანმანათლებლო რესურსიც. მსგავსი აკრძალვა არ გვქონია. თუ რომელიღაც დირექტორს რაღაც მოსაზრებების გამო თანხა არ აქვს, რასაკვირველია, ვერ შეიძენს, მაგრამ სკოლას აქვს ავტონომია და ნებისმიერი რამის განხორციელება შეგვიძლია. მასწავლებლები მეუბნებიან, რის საჭიროებაც აქვთ და შესყიდვების კანონის გათვალისწინებით ვყიდულობთ, თუ გვაქვს ბიუჯეტში ფული, თუ არადა, ვითხოვთ განათლების სამინისტროდან, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოსგან და გვაძლევენ. სხვა სკოლის მაგალითზე ვერ ვისაუბრებ და ჩვენთან ასეა“, – ამბობს მაია მღვდელაძე.

განათლების სპეციალისტი, ნათია ანდღულაძე, რომელიც პარლამენტის თემატური მოკვლევის წევრი იყო მიწვეული ექსპერტის სტატუსით, EDU.ARIS.GE-სთან ადასტურებს, რომ სკოლების უმრავლესობას ლაბორატორიებისთვის საჭირო რესურსები არ აქვს და არც გარკვეული რეგულაციების გარეშე შეუძლიათ, სასკოლო ბიუჯეტის განკარგვა.

„არის შემთხვევები, როდესაც სკოლას აქვს ლაბორატორია, მაგრამ არ აქვს სახსრები იმისთვის, რომ ლაბორატორიისთვის რესურსები შეიძინოს. აქვს ბიბლიოთეკა, მაგრამ ბიბლიოთეკაში სკოლაში არ არის. სკოლებმა, დირექტორებმა უნდა ისწავლონ, როგორ მოარგონ რესურსები საკუთარი სკოლის განვითარების საჭიროებებს. ამისთვის უნდა გაჩნდეს ბიუჯეტი, რომელსაც სკოლა მარტივად, ზედმეტი რეგულაციების გარეშე განკარგავს. ამ მოკვლევაში გავეცით რეკომენდაციები, (გულისხმობს სკოლისთვის განვითარების ფონდის გამოყოფას ავტ.) მაგრამ, თუ რეკომენდაციას ვაძლევთ, უნდა არსებობდეს შესაძლებლობა ამაზე მუშაობის. ჩვენ გვქონდა მცდელობა, სკოლებთან მუშაობის შესაძლებლობა და დავინახეთ, რომ სკოლას თუ არ აქვს რესურსი, რომ არსებული მდგომარეობა გააუმჯობესოს, აზრი არაფერს აქვს. ლაბორატორიით რომ უზრუნველყოფ სკოლას, უნდა გაითვალისწინო, რომ ამის შემდეგ რესურსები სჭირდება. არის შემთხვევები, როდესაც სკოლას აქვს ლაბორატორია, მაგრამ არ აქვს მაგალითად წყალგაყვანილობა ისე, რომ ლაბორატორია უსაფრთხოდ გამოიყენოს“, – აცხადებს ნათია ანდღულაძე.

რას მოიაზრებს რეკომენდაცია სკოლისთვის განვითარების ფონდის გამოყოფის შესახებ:

სკოლებს უნდა გაუჩნდეთ საჭირო რესურსების შეძენის შესაძლებლობა. ეს ეხება როგორც ლაბორატორიებს, ასევე, წიგნებსა და სხვა რესურსებს. სკოლისთვის განვითარებისთვის საჭირო რესურსების გამოყოფა განსაკუთრებით აქტუალურია სკოლების ავტორიზაციის სისტემის გაძლიერების და გააქტიურების პირობებში, განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ავტორიზაციის კრიტერიუმები მოიცავს რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებულ კრიტერიუმებს.

სკოლებისთვის განვითარების ფონდის გამოყოფის საჭიროება უფრო ცხადად გამოიკვეთება ავტორიზაციის საპილოტე შეფასებების შედეგად და, საერთაშორისო გამოცდილებასთან შეპირისპირების შედეგად, შესაძლებელი იქნება სკოლის განვითარების ფონდის საპილოტე რეჟიმში ამოქმედება. მნიშვნელოვანია, რომ მთელ საგანმანათლებლო სისტემაზე გავრცელებამდე, ჯეროვნად შეფასდეს სასკოლო განვითარების ფონდის ეფექტიანად განაწილებისა და სკოლის მიერ გამოყენების საჭიროებები.

ასევე იხილეთ:

10 მთავარი რეკომენდაცია, რომელიც საქართველოში სასკოლო სასწავლო რესურსების განვითარებას უნდა დაეხმაროს – საპარლამენტო მოკვლევის ანგარიში

ერთ სკოლაში ბიბლიოთეკად გადააკეთეს, მეორეში ამოქოლეს – ქუთაისის საცურაო აუზების ამბები

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური