„სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსი ახალი მეთოდოლოგიით ჩატარდება“ – სამინისტრომ ვადაც დაასახელა
საჯარო სკოლის დირექტორობის გამოცდას მსურველები მეორე წელია უშედეგოდ ელიან. 2020 წლის მარტში დაგეგმილი სერტიფიცირება მიმდინარე წელსაც არ გაიმართა და არც მომავალი გამოცდის ჩატარების თარიღი დაზუსტდა.
დღეს მოქმედი წესით, სერტიფიცირებას არ ექვემდებარებიან უკვე მოქმედი სკოლის დირექტორები, რომლებიც სერტიფიკატებს ფლობენ, თუმცა სერტიფიცირების გავლა აუცილებელი უნდა ყოფილიყო იმ პირებისთვის, რომლებიც დირექტორის მოვალეობას ასრულებენ და სერტიფიკატი არ აქვთ.
იმ ფონზე, როდესაც საქართველოს 2 083 საჯარო სკოლიდან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი 1 022 სკოლას ჰყავს(2020 წელი, თებერვალი) და სასერტიფიკაციო გამოცდაზე დარეგისტრირებულ პირთა რიცხვიც ცოტა არ იყო, EDU.ARIS.GE-მ შეკითხვით – როდის ჩატარდება დირექტორობის მსურველთა გამოცდა, განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველ მოადგილეს მიმართა.
როგორც ეკატერინე დგებუაძემ 26 ნოემბერს განგვიცხადა, უწყება, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, „დირექტორის ახალ მოდელზე მუშაობს“, 2022 წელს კი, მას შემდეგ, რაც კონცეფციის შემუშავება მოხდება, საჯარო სკოლის დირექტორობის მსურველთა შესარჩევი კონკურსი ჩატარდება.
„დირექტორების გამოცდებს ელოდება ჩვენი ნებისმიერი მოქალაქე, ვისაც აქვს სურვილი დირექტორი გახდეს. გვაქვს ჯგუფი, რომლის ფარგლებშიც ვმუშაობთ კონცეფციაზე და ჩვენი მიზანი არის ის, რომ სწორედ იმ მოდელს, რა მოდელსაც ვავითარებთ სკოლაში, ანუ სკოლა ჩვენ წარმოვიდგინეთ არა ცალკე მასწავლებელი, ცალკე დირექტორი, ცალკე რესურსცენტრი, არამედ ერთი მთლიანობა – როგორ უნდა მართოს და როგორ უნდა იყოს თანამშრომლობა. შესაბამისად, ვმუშაობთ დირექტორის ახალ მოდელზე და როგორც კი დავასრულებთ, მომავალ წელს, გამოცხადდება კონკურსი იმ მეთოდოლოგიით, რა მეთოდოლოგიასაც დავამუშავებთ. შემიძლია ვთქვა, რომ მომავალ წელს ჩატარდება შესარჩევი კონკურსი“, – უთხრა დგებუაძემ EDU.ARIS.GE-ს.
„სკოლის დირექტორები დღეს ძირითადად დაკავებულები არიან ტექნიკური საქმიანობით და არა შინაარსით“
„საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის გამართვის წესის დამტკიცების თაობაზე“ 2011 წლის ბრძანებაში განხორციელებული ცვლილების თანახმად, სერტიფიცირების ეტაპი შედგება ორი ნაწილისაგან, პირველი ნაწილი მოიცავს ტესტირებას. ტესტირება ტარდება ელექტრონულად, სსიპ განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის სათანადოდ შემუშავებული კომპიუტერული პროგრამის გამოყენებით. მეორე ნაწილი მოიცავს გასაუბრებას მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილ კომისიასთან. ამასთან, საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის წესში 2021 წლის 9 აგვისტოს ცვლილებით, კონკურსთან კავშირში მყოფი ორგანიზაციებიდან გამოითიშა მასწავლებლის სახლი და მის ნაცვლად განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა ჩაიწერა.
რაც შეეხება ტესტირების ჩატარების თარიღს, ადგილს, დროსა და ხანგრძლივობას, ამას მინისტრი შესაბამისი ბრძანებით განსაზღვრავს. ტესტირების შედეგები კი, გამოცდის დასრულებისთანავე ეცოდინება აპლიკანტს. ტესტირების ჩატარებას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა უზრუნველყოფს.
შეგახსენებთ, რომ სკოლის დირექტორთა სერტიფიცირების გამოცდა 2020 წლის მარტში უნდა ჩატარებულიყო, თუმცა განათლების სამინისტრომ პროცესი გააჩერა და განმარტა, რომ კორონავირუსის პანდემიამ საკონკურსო პროცესი შეაჩერა. ამ გადაწყვეტილების მიღების მიუხედავად, ორჯერ უპრობლემოდ ჩატარდა ერთიანი ეროვნული გამოცდები, მაგრამ დირექტორთა გამოცდების ჩატარების შესახებ სამინისტროს გადაწყვეტილება ისევ არ მიუღია.
განახლდა 1/12/2021 17:50
დირექტორების გამოცდის ჩატარების ვადაზე დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემა დღეს პარლამენტში განათლების მინისტრსაც მოუწია, ჩხენკელმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ გამოცდა გაისად ჩატარდება და შემუშავებულია სკოლის ლიდერის ახალი სტანდარტი.
ამავე თემაზე:
განათლების მინისტრმა დირექტორების შესარჩევი კონკურსის წესში ცვლილებები შეიტანა
რატომ არ ატარებს განათლების სამინისტრო სკოლის დირექტორების შესარჩევ გადადებულ გამოცდებს?
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება