„როდემდეც გავძლებ, მანამდე ვიქნები“ – პროტესტის მონაწილე მასწავლებლებმა ღამე განათლების სამინისტროსთან, ღია ცის ქვეშ გაატარეს
“არ ვაპირებ გაჩერებას, სადამდეც გავძლებ იქამდე გავჩერდები”, – ამბობს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს წინ მოშიმშილე მასწავლებელი, მაია ეკალაძე, რომელმაც კოლეგასთან, დავით ფერაძესთან ერთად გასული ღამე სამინისტროსთან გაატარა.
პროტესტის მონაწილეები მჯდომარე აქციის შეწყვეტას არ აპირებენ და მოითხოვენ, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ აღიაროს სკოლის დირექტორთა კონკურსის უსამართლო შედეგები და შესაბამისი გადაწყვეტილება მიიღოს:
მთელი ღამის სამინისტროსთან გატარების გადაწყვეტილება პედაგოგებმა და სკოლის დირექტორობის კონკურსის მონაწილეებმა მას შემდეგ მიიღეს, რაც გიორგი ამილახვარმა 4 დეკემბერს მათთან გამართული შეხვედრის შემდეგ, მთავრობის კანცელარიაში განაცხადა, რომ მოთხოვნის შესრულებას დისკრეციის გამოყენების თაობაზე არ აპირებს, რადგან სამართლებრივი საფუძველი არგააჩნია და კონკურსი ყველა წესის დაცვით არის ჩატარებული.
მოშიმშილე მასწავლებელს დღეს სასწრაფო სამედიცინო დახმარება დასჭირდა, თუმცა აცხადებს, რომ შიმშილობის შეწყვეტად არ გეგმავს:
“არ იყო მარტივი სიცივეში აქ ყოფნა, თუმცა კეთილგანწყობილი ადამიანების დახმარებით გუშინდელი ღამე ნორმალურად გადავლახეთ. ოდნავ დამივარდა წნევა, მაგრამ იმედი მაქვს და ვიცი, რომ აუცილებლად გავუძლებ მანამ, სანამ ყურად იღებენ მასწავლებლის თხოვნას- გაუფრთხილდნენ მასწავლებლებს. როდემდეც გავძლებ, მანამდე ვიქნები. მე მგონია, რომ არ მოვკვდები, არ მომკლავენ, დროულად მიშველიან, გამოვალ საავადმყოფოდან და ისევ გავაგრძელებ. არავინ გამოგვხმაურებია, სამინისტროს დაცვის თანამშრომელს იმის უფლებაც არ აქვს, რომ საპირფარეშოში შეგიშვას გარეთ მდგომი ადამიანი”.
პედაგოგი და დირექტორთა კონკურსის მონაწილე დავით ფერაძე კი ამბობს, რომ სამინისტროს კარი მიუხურეს და მთელი ღამის განმავლობაში ღია ცის ქვეშ იყვნენ.
“გუშინ გარკვეული პირობა მივიღეთ, რომ იფიქრებენ ამ საკითხზე და მთავრობის სხდომაზე აღმოჩნდა, რომ არ ფიქრობენ ამ თემაზე. ამიტომ იძულებული გავხდით, წუხელ ძალიან მძიმე ღამე გაგვეტარებინა”.
EDU.ARIS.GE განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსგან დამატებითი კომენტარის მოპოვებას ცდილობს და ასეთის მიღების შემთხვევაში, პოზიციას უცვლელად შემოგთავაზებთ.
ამავე თემაზე:
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება
- 500, 400 და 300 ლარი – ცნობილია წარმატებული სტუდენტების წახალისებისა და სტუდენტთა სოციალური დახმარების ოდენობები ერედვის 2025 წლის ბიუჯეტში by ARIS.GE-განათლება