„სკოლის ქულები უნდა გახდეს მნიშვნელოვანი და უმაღლესში ჩასაბარებლად მხოლოდ ეროვნული გამოცდები არ იყოს საკმარისი“
როგორი უნდა იყოს საქართველოს სკოლები იმისთვის, რომ არდადეგების პერიოდში ყველაზე კრიტიკულად მოაზროვნე მოსწავლის დილაც ამ ფრაზით დაიწყოს: „სკოლა მომენატრა, მალე მინდა ახალი სასწავლო წელი“. სხვათა შორის, ეს კითხვაა.
და ალბათ, სასურველი იქნებოდა, ახალგაზრდების განწყობის საჩვენებლად, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ ჩატარებული კვლევის ან გამოკითხვის ცხელ-ცხელ მონაცემებს თუ დავიმოწმებდით (თუნდაც წინა წლის). თუმცა უწყების ოფიციალურ გვერდზე განთავსებული საჯარო ინფორმაციებით თუ ვიმსჯელებთ, მსგავსი არაფერი ჩატარებულა და ამიტომ, „ცივსაც“ ვერაფერს შემოგთავაზებთ…
რას ფიქრობენ ახალგაზრდები და არა მხოლოდ ისინი ქართულ სკოლებზე, სად ხედავენ პრობლემებს და რის შეცვლას ისურვებდნენ? საინტერესოა, არა?! ამის დანახვა განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში არსებული მნიშვნელოვანი გამოწვევების გადაჭრაში დაეხმარებოდა. თუმცა ისიც უნდა აღინიშნოს, რომ მსგავსი ტიპის კვლევებისთვის საკმაოდ დიდი ფინანსური რესურსია საჭირო, ასევე საჭიროა კვალიფიციური ადამიანური რესურსიც, გამართული ტექნიკური ბაზაც და რასაკვირველია, მონდომებაც, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც არის საჭირო, მაგრამ…
ჩვენს მთავარ კითხვას დავუბრუნდეთ. EDU.ARIS.GE თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტს, ხატია ყველაშვილს ესაუბრა, რომელმაც სკოლა 2 წლის წინ დაასრულა და ახლა საკუთარ ხედვებს გაგიზიარებთ. ხატია ასევე გეტყვით, რამდენი პროცენტით არის მისი გასტუდენტება სკოლაში მიღებული ცოდნის დამსახურება.
– ხატია, პირველ რიგში, გვითხარით, როგორ შეაფასებდით სკოლაში განვლილ 12 წელს, ფიქრობთ, რომ სტუდენტობა უკეთესია, ვიდრე მოსწავლეობა?
– მიუხედავად სირთულეებისა, სკოლაში გატარებული 12 წელი ჩემთვის დაუვიწყარ მოგონებებთან ასოცირდება. მე სწორედ ის თინეიჯერი ვიყავი, რომელიც ამბობდა – „სკოლა მომენატრა, მალე დაიწყოს ახალი სასწავლო წელი!“, ეს ჩემი კლასელებისა და გამორჩეულად საყვარელი მასწავლებლების დამსახურება იყო. რაც შეეხება სტუდენტობას, სკოლასა და უნივერსიტეტს ერთმანეთს ვერ შევადარებ, ორივეს აქვს თავის გამორჩეული მხარეები. ჩემთვის ერთ-ერთი მთავარი განმასხვავებელი მოსწავლეობასა და სტუდენტობას შორის არის ის, რომ როდესაც სტუდენტი ხარ, შენით გიწევს ცოდნის მიღება და უფრო მეტი არჩევანის თავისუფლება გაქვს. გეტყვით, რას ვგულისხმობ: თუ სკოლის პერიოდში კარგად ვსწავლობთ, ან წარმატებით ვაბარებთ გამოცდებს, ეს მასწავლებლის დამსახურებად მიიჩნევა, უნივერსიტეტში კი უმთავრესად შენს დამსახურებად, რადგან დამოუკიდებელი ხარ. ასევე, გაქვს მრავალფეროვანი სასწავლო პროგრამები და მხოლოდ სავალდებულო საგნებს არ სწავლობ.
– რა იყო ის მთავარი გამოწვევები, რომლებსაც თინეიჯერები სკოლებში ხედავდით და ფიქრობდით, რომ აუცილებლად უნდა გამოსწორდეს, დღეს რა ვითარებაა სკოლები ამ მხრივ?
– პირადად ჩემთვის დიდ პრობლემას წარმოადგენდა ის, რომ პრაქტიკული სამუშაოებისათვის სკოლას არ გააჩნდა საჭირო ტექნიკური რესურსები. ვგულისხმობ იმას, რომ საქართველოს საჯარო სკოლების უმრავლესობაში არ არის ლაბორატორიები, სადაც მოსწავლეებს შეეძლებათ ქიმიის, ფიზიკის და სხვა საბუნებისმეტყველო საგნების პრაქტიკულად შესწავლა (ცდების ჩატარება, ლაბორატორიული სამუშაოები). ვინაიდან მე ამ მიმართულებით ვაგრძელებდი სწავლას, მეტის მიღების სურვილი მქონდა სკოლისგან. ასევე, პირადად მე, ალოგიკურად მიმაჩნია დღეში 7 გაკვეთილი, რადგან ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე, 5 გაკვეთილის შემდეგ, კონცენტრირება და ახალი მასალის ათვისება ძალიან რთულია, ასევე, სერიოზული გამოწვევაა სკოლებში სასწავლო პროგრამები, უფრო მრავალფეროვანი უნდა იყოს. სწავლა-სწავლების მხრივ სკოლებში სერიოზული გამოწვევებია.
– როგორი უნდა იყოს მოსწავლისთვის სასურველი სკოლა? ისეთი, სადაც სურვილი გექნებოდათ, თქვენს შვილს ესწავლა
მოსწავლეების ინტერესებსა და საჭიროებებზე მორგებული. როგორც აღვნიშნე, მოსწავლეს თავისი სურვილისა და ინტერესის მიხედვით დამატებითი საგნების არჩევა უნდა შეეძლოს და დღეში 7 გაკვეთილი არ ჰქონდეს.
მაღალკვალიფიცირებული და მეგობრული მასწავლებლები – “მასწავლებელზე არის ძალიან ბევრი რამ დამოკიდებული”, ეს ფრაზა ალბათ ბევრჯერ გსმენიათ და მართლაც, რომ ასეა. ვგულისხმობ, რომ პედაგოგის მეგობრული და სწორი დამოკიდებულება მოსწავლეებთან აუცილებელია. მიუხედავად იმისა, რომ დღეს სკოლებში ბევრი ახალგაზრდა პედაგოგია, ამ მხრივ მაინც არის გამოწვევები, რადგან ნაკლებად აინტერესებთ მოსწავლის მომავალი, კი მეგობრობენ მათთან პოზიტიურებიც არიან მაგრამ მაინც ვფიქრობ, მასწავლებელს უფრო მეტი მოეთხოვება.
უფრო მეტი დრო სპორტსა და ხელოვნებას – სასურველია, რომ იმაზე მეტი დრო დაეთმოს სკოლებში სპორტულ ცხოვრებასა და ასევე, ხელოვნებას ვიდრე ახლა ეთმობა, რადგან მოსწავლეების პიროვნული განვითარებისთვის ეს მნიშვნელოვანია
უფასო სასადილოები სკოლებს. ფიზიკური და გონებრივი განვითარებისათვის აუცილებელია ჯანსაღი კვება, რაც საქართველოს სკოლებში მოწესრიგებული არ არის. ჯანსაღი კვება დაკავშირებულია საჭირო ფინანსურ რესურსებთან, ყველა მოსწავლეს კი ერთნაირი შესაძლებლობა არ აქვს, ამიტომაც სასურველია, სკოლებში ეს საკითხი მოწესრიგდეს.
წამახალისებელი შიდა სასკოლო ოლიმპიადები, ჯილდოები, სტიპენდიები. ვის არ უნდა ეს?, რა თქმა უნდა, ყველა მოსწავლეს უნდა და ასეც უნდა იყოს, მათი შრომა უნდა ფასდებოდეს.
მეტი პერსპექტივა კარგ მოსწავლეებს. ის, რომ კარგი მოსწავლე ხარ, მხოლოდ ოქროსა და ვერცხლის მედლით არ უნდა ისაზღვრებოდეს. მეტი შესაძლებლობა უნდა ეძლეოდეთ წარჩინებულ მოსწავლეებს თუნდაც იმით, რომ სკოლის ქულები ზეგავლენას ახდენდეს უმაღლესში ჩაბარებაზე.
– ხატია, გულწრფელად რომ გვითხრათ, რამდენად დაგეხმარათ გასტუდენტებაში სკოლაში მიღებული განათლება?
– სკოლაში მიღებულ ცოდნა ნამდვილად დამეხმარა, რომ გავმხდარიყავი სტუდენტი. მაგრამ ჩემს მაგალითზე, რომელიც ვემზადებოდი რეპეტიტორთან, ვთვლი, რომ ჯერჯერობით საქართველოს საჯარო სკოლებში არ არის სწავლის ის დონე და ხარისხი, რომელიც გარანტირებულად მოგცემს შესაძლებლობას, რეპეტიტორთან მოუმზადებლად, წარმატებით ჩავაბაროთ ერთიანი ეროვნული გამოცდები. რა თქმა უნდა, გამონაკლისის სახით, შეიძლება, რომელიმე საგანში სულაც არ დაგჭირდეს რეპეტიტორი და სკოლაში მიღებული ცოდნით ჩააბარო, თუმცა საერთო ფონზე, სკოლა ვერ გვაძლევს გამოცდების წარმატებით ჩაბარების გარანტიას. გულწრფელად გეტყვით, ჩემს შემთხვევაში, სკოლაში მიღებული ცოდნის დამსახურება არის – 25%, რეპეტიტორის – 30% და ჩემი შრომის დამსახურება 45%-ია.
– რას ეტყოდით იმ სპეციალისტებს, რომლებიც ახლა ზოგადი განათლების რეფორმაზე მუშაობენ, საიდან უნდა დაიწყონ?
– ჩემი აზრით, ძალიან დიდი შეცდომა დაუშვა განათლების სამინისტრომ საატესტატო გამოცდების მოხსნით, რადგან ეს გამოცდები მოსწავლეებისათვის მნიშვნელოვანი იყო ჯერ მარტო იმით, რომ იღებდი ძალიან დიდ გამოცდილებას ეროვნულ გამოცდებისთვის და შემდგომ უნივერსიტეტისთვისაც. ეს გამოცდები უფრო მეტად იმ მოსწავლეებისათვის იყო მნიშვნელოვანი, რომლებიც არ ფიქრობდნენ სწავლის გაგრძელებას უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში, რადგან ამ გამოცდებისთვის ნებაყოფლობით თუ იძულებით მაინც უწევდათ მომზადება. მოკლედ რომ ვთქვათ, საატესტატო გამოცდები სკოლაში მიღებული ცოდნის ხარისხის განმსაზღვრელი იყო. ამიტომაც, ჩემი აზრით, ძალიან კარგი და საჭიროა ზემოხსენებული გამოცდების სკოლებში ჩატარება, ოღონდ შეცვლილი და გაუმჯობესებული ფორმატით, რომელიც მოსწავლეს მისცემს შესაძლებლობას, თავისი ცოდნა გამოავლინოს. ასევე, მათ ვეტყოდი, რომ სკოლის ქულები უნდა გახდეს მნიშვნელოვანი და უმაღლესში ჩასაბარებლად მხოლოდ ეროვნული გამოცდები არ უნდა იყოს საკმარისი.
ასევე იხილეთ:
სკოლის საატესტატო გამოცდების დაბრუნების საკითხზე განათლების კომიტეტის თავმჯდომარემ კომენტარი გააკეთა
„შეგუება მასწავლა“ – რა მომცა სკოლამ, სადაც 12 წელი გავატარე
ესაუბრა მზეო შველიძე
- დამტკიცდა სკოლის საბაზო-საშუალო საფეხურის მასწავლებლის უმაღლესი განათლების დარგობრივი მახასიათებელი by განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
- სკოლების დაფინანსების ახალ მოდელს განათლების სამინისტროს ქვეუწყება შეიმუშავებს და დანერგავს – ცნობილია პილოტირებისა და ამოქმედების დრო by ARIS.GE-განათლება
- საქართველოში საშუალო თვიური ხელფასი 2 056.7-ლარამდე გაიზარდა – განათლების სექტორის მაჩვენებელი 2024 წლის III კვარტალში by ARIS.GE-განათლება