GE

სომეხი ხალხის ისტორია ქართულ ენაზე- საჩუქარი კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტისაგან

„სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“  -ამ სახელწოდების წიგნის პრეზენტაცია გაიმართა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტში. წიგნი ინოვაციურია იმ მხრივ, რომ იგი მეზობელი სახელმწიფოს შესახებ პირველი გამოცემაა ქართულ ენაზე.

მასში  სომხეთის საზოგადოებრივ-პოლიტიკური და სოციალურ-ეკონომიკური ცხოვრების ძირითადი მოვლენები და სომეხი ხალხის მრავალსაუკუნოვანი მდიდარი კულტურის ამსახველი საკითხებია გადმოცემული.

unnamed (2)პრეზენტაციას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის, ისტორიისა და ეთონოლოგიის ინსტიტუტის, საქართველოს უნივერსიტეტის, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები და ხელნაწერთა ერონული ცენტრის წარმომადგენლები დაესწრნენ.

როგორც წიგნის რედაქტორები და კსუ-ის პროფესორები აცხადებენ, „სომეხი ხალხის ისტორია უძველესი დროიდან 1921 წლამდე“ სომხეთის ისტორიით დაინტერესებულ ქართველ მკვლევრებსა და სტუდენტებს ცოდნის გაღრმავებაში დაეხმარება.

„კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტმა ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა, რადგან ქართულ სამეცნიერო სივრცეში, მიუხედავად დიდი არმენოლოგიური სკოლისა, მსგავსი წიგნი არ გამოცემულა. ეს არის პირველი მცდელობა ქართულ ენაზე სომეხი ხალხის ისტორიის თარგმნისა.  ჩვენმა უნივერსიტეტმა ეს მოახერხა. წიგნი სტუდენტებსა და მცნიერებს ძალიან დააინტეერსებთ. კვლევისთვის მეტად გამოსადეგი იქნება“, – განაცხადა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის ასოცირებულმა პროფესორმა  ქეთევან შოშიაშვილმა და დასძინა, რომ წიგნს თან ერთვის კომენტარები და შეფასებები იმ პროცესებზე, რომელიც სინამდვილეს არ შეესაბამება.

გამოცემას უმნიშვნელოვანესს უწოდებს  წიგნის რედაქტორი დავით მერკვილაძე.  მისი თქმით, მიუხედავად იმისა, რომ სომეხი ხალხი ქართველთა უძველესი  მეზობლები არიან, ეს პირველი შემთხვევაა, როცა მათი ისტორია ჩვენ ენაზე გამოიცა. ამბობს, რომ რაც არ უნდა უცნაური იყოს, აქამდე ქართველ სტუდენტებსა და მკვლევარებს არ ჰქონიათ საშუალება სომხეთის ისტორიას ქართულად გაცნობოდნენ.

„ამიერიდან კი ამის საშუალება ექნებათ. ეს წიგნი ისტორიაში შევა, როგორც პირველი გამოცემა,“ – აღნიშნავს მერკვილაძე.

unnamedსახელმძღვანელოზე მუშაობა თებერვალში დაიწყო და შემოდგომაზე გამოიცა. მერკვილაძე დარწმუნებულია, რომ მომავალი არმენოლოგები, ისტორიკოსები  მისით აქტიურად ისარგებლებენ.

„წიგნს  თან დავურთე შენიშვნები და კომენტარები, რადგან ამის გარეშე გამოცემა არ მოხერხდებოდა. ის ნათარგმნია, მაგრამ ამავე დროს, ქართულ ისტორიოგრაფიულ თვალთახედვას უნდა ასახავდეს. ასევე წიგნს ქართველი მკითხველისთვის წინათქმა დავურთე, რათა უკეთ გაერკვეს ამ წიგნის მნიშვნელობაში და მისი შექმნის ისტორიასაც გაეცნოს“, – დასძინა მერკვილაძემ.

ვაჟა კიკნაძე, თსუ-ს ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტის დერექტორი: „ეს წიგნი სერიოზული შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისათვის, რადგან აქამდე ჩვენი მეზობელი ხალხის ისტორია ქართულ ენაზე არ გვქონია. თანაც ეს ისტორია კარგი თარგმანითაა გამართული. ასეთი წიგნი აუცილებელია, რადგან ძალიან ბევრი რამ ერთად გადავიტანეთ“.

ნაშრომი  წიგნის მაღაზიებში იანვრიდან  გაიყიდება. უნივერსიტეტი სამომავლოდ მეორე გამოცემასაც გეგმავს.

კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი

დასვით კითხვა და მიიღეთ პასუხი - ედუს საცნობარო სამსახური